თომას მანის „ჯადოსნურ მთაში“ არის ერთი თავი, რომლის სათაურია „თოვლი“. ამ თავში სანტორიუმ „ბერგჰოფიდან“ გასული და გზადაკარგული ჰანს კასტორფი თოვლში ეფლობა გა გზას ვეღარ განაგრძობს. აქ აღწერილი ქარბუქი მთავარი გმირის მაძიებლობას და ექსისტენციურ მიუსაფრობას გამოხატავს. ჩემ მიერ აღნიშნულთაგან, პირველ შემთხვევაში თუ სრული ჰარმონიის სურათია დახატული, მეორეში ქაოსია წარმოჩენილი, მთავარი კი ის არის, რომ საქმე გვაქვს აღწერის მრავალმნიშვნელოვნებასთან. ორივეგან – გურამ რჩეულიშვილთანაც და თომას მანთანაც – ჩანს, რომ ბუნების აღწერა რეალობას აღბეჭდავს, მაგრამ ამავე დროს, პირობითია, გმირის შინაგანი განწყობის გამომხატველი.
ამ ჰარმონიულად მჟღერ პასაჟს მოსდევს ერთგვარი ინტერლუდია, რომელსაც ფარული დისჰარმონიის ნაკადი შემოაქვს. ყოველივე ამას მწერალი აზრობრივად, შეკუმშული ფორმით ასე გამოთქვამს: „გრძნობ, რომ ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე. შემზარავ ტრაგიკომედიას  ჰგავს მთლიანად გუშინდელი ლხინის ბოლო, ამას ემატება ისიც, რომ ის, საერთოდ, ისტორიულადაც ბოლო დღეა; ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზედ კანკელის ძირას, შეიძლებოდა გდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი“.
ეს მართლაც წარმოუდგენელია. ტაძარში უცხო ელემენტი იჭრება. საკრალურში ყოფითი ელემენტი ჩნდება. ტაძრის გარეთაც სიუცხოვე სუფევს. ამ აჩრდილებივით აწურულ ადამიანებს არამცთუ რწმენა არ ამოძრავებთ, არამედ მოსავლის აღების მცირეოდენი რიტუალური სიხარულიც კი არ ატყვიათ.
პირქუში ღრეობა მხოლოდ და მხოლოდ ინერციაა, ვინაიდან თავის პირველმიზეზს მოსწყდა და საზრისი დაკარგა.
ამ დისჰარმონიულ ინტერლუდიაში ინერციას (თვითონ გურამ რჩეულიშვილი იყენებს ამ სიტყვას) უაღრესად  მეტყველად განასახოვნებს ორი „უმუსიკოდ და უმაყურებლოდ“ დარჩენილი მოცეკვავე. ეს პანტომიმური სცენა მრავლისმთქმელია. ისინი ცეკვავენ, მაგრამ რისთვის და რატომ, არავინ იცის. მოთხრობის მთავარი გმირი უხმოდ უკრავს მათ ტაშს, მერე კი უაზრობისგან ეღიმება და ტაშისკვრას წყვეტს.
ინერცია მწვერვალს აღწევს.
და სწორედ იმავე წუთს იბადება მთავარ გმირში არტისტული ინსტინქტით ნაკარნახევი სურვილი – ყველას ყურადღება მიიპყროს.“მისი გონება უკვე სავსეა იმ შეგრძნებით, რომელსაც სჭირდება მოქმედების დაწყება“. მოთხრობის გმირი უკვე სხვაგვარი ენერგიით იმუხტება, ის უკვე მხოლოდ მგრძნობელი აღარ არის, მოქმედია და ამ მოქმედებით ახალი გაგებისკენ ხსნის გზას. ჩნდება პროტესტი და მისი მეშვეობით ხალხის გამოფხიზლების სურვილი.
გურამს უჩუმრად გაჰყავს სხვისი ცხენი და არაჩვეულებრივია ეს ალავერდის შემოგარენიდან გასვლის ფრაგმენტი. ლირიკა ხომ ფრაგმენტულია და წინასწარგანუჭვრეტელი, ამიტომაც მთელი მოთხრობა ლირიკული ფრაგმენტებისგან შედგება. ეს ფაქტობრივად კონტრასტული ფრაგმენტებია და ოსტატური მონტაჟით არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
„არ დაუნახავთ მთვრალ პატრონებს, როგორ აუშვა გურამმა მთიულური, მკერდგანიერი ცხენი, რომელიც შეუმჩნევლად გაიყვანა ხალხიდან და უბელოს მოახტა ზურგზე. ტარებით მიჰყვს მტვრიანი გზის გასწვრივ მაღლა ტყისკენ, უკანა რჩება ბუბუნი, ხმაური. მითოხარიკობს ცხენზე მჯდომი, დარჩენილი საკუთარ ვნებებთან, რომლებიც უფრო იტენებიან იმ შეხლის ჟინით, როდესაც ის  გაჭენებული ცხენით მივარდება ისევ ხალხთან და რაღაც გადამწყვეტი მოხდება“.
იქნებ კომპოზიციის შეკვრის ამგვარმა ხერხმა, ცალკეულ ფრაგმენტებს თუ დეტალებს  შორის უჩინარმა გადასვლებმა განაპირობა მოთხრობის კინემატოგრაფიულობა და, აქედან გამომდინარე, გიორგი შენგელაიასეული კინოვერსიის წარმატება.  ეს ფილმი ერთ-ერთი მაღალმხატვრული ეკრანიზაციაა.
ალავერდის შემოგარენიდან გასვლა მოთხრობაშიც ოსტატურად არის დახატული და ფილმშიც. მოთხრობის ექსპოზიციაში აღძრული ჰარმონიის ნოტი, – სამყაროსთან თანხმობა ამ მონაკვეთშიც გაჟღერდება, მერე კი წყდება და ფინალამდე აღარ იჩენს თავს. მაშასადამე, ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ იდუმალებით, დროის და სივრცის  პერსპექტივის იმ შეგრძნებით, რომელიც თავიდანვე მოინიშნა და მერეც უნდა გაჟღერდეს ინტერლუდიასა და ფინალში, რათა არ დაირღვეს ნაწარმოების მთლიანი ინტონაცია.
ლირიკულ კონტრასტებზე აგებულ დეტალებს ხმებიც ანიჭებს მნიშვნელობას. უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ეს ხმებიც გმირის შინაგან ვიბრირებას გადმოსცემს. ეს არის გარკვეულ ვითარებაში გარემოს პერსონაჟისეული აღქმა, იქნებ შეგრძნება, ინტუიტური შეხება გარესამყაროსთან.
„იწუვლა კოღომ. მოწყვეტით გავარდა მხედარი სიგრილიდან გახურებულ მინდვრისაკენ, ფეხდაფეხ აიყოლა ცხენი, ათას ხმებად დაიშალა კოღოს წუილი, აიმტვრა ჩალა, ალაწუნდა გამხმარი შალაფა, რგოლებად დაიყოლა დასიცხული ჰაერი. გახურდა მხედარი, გაუსწორდა წამოწეული ცხენი და თვალის დახამხამებაში იქცა ერთ სხეულად ორივე“.
აქაც გმირის სულიერი დინამიკა და გარემოს მისეული შეგრძნებაა გადმოცემული. აქაც კონტრასტია. ჯერ არის სრული დუმილი, სიჩუმე, გაურკვევლობა. მერე მოლოდინი დაიძლევა და გადაწყვეტილების მიღების ნიშნად გარესამყარო ამეტყველდება, უმცირესი  ბგერა იძვრის და ჰაერში დარხეულ სხვა ხმებსაც ითრევს.
ზემოთ ინტონაცია ვახსენეთ.  ნიშანდობლივია ისიც ითქვას, რომ მწერალი მოთხრობის ექსპოზიციაში, შუა ნაწილსა და ფინალში იყენებს სიტყვებს „მუსიკა“ და „სიმფონია“. ალავერდის მიდამოებს გასცილდება თუ არა პერსონაჟი, ბუნების  ნირვანაში აღმოჩნდება: „დგას გურამი და ამ სიჩუმეში, არარეალურობისაგან რამდენჯერმე გაძლიერებული, ისმის მთლიანი, დიდებული სიმფონია გაურკვეველი სურვილისა – სად დაიწყო? სად დამთავრდება? რა უნდა მოხდეს, არაფერი არ ესმის მსმენელს, ეს არის მუსიკა მთლიანი, ერთიანი, ყველა თავისი ხმით, ნაწილებით.
რითია განპირობებული მთელი ამ ამბის, სულიერი თავგადასავლის სიმფონიად, მუსიკად აღქმა?
ამ მოთხრობის მუსიკალურ-ლირიკულ ინტონაციას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ მიზანს, რომელსაც გურამი ქვეშეცნეულად ისახავს (ისტორიის განჭვრეტა), მხოლოდ „რაციოთი“ ვერ მიაღწევ, ირაციონალური ძალისხმევით უნდა მიწვდე, ირაციონალურის გამოხატვას კი სწორედ მუსიკალურ და ლირიკულ ჟღერადობასთან მიახლოებული „ენა“ ესადაგება.

***

„ალავერდობაში“ არ არის ზეაწეულობის, მაღალფარდოვნების, პათეტიკის ნასახიც კი. მწერლისთვის ყოველი დეტალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ყველგან ესწრაფვის იმის ზუსტად გამოხატვას, რასაც აკვირდება. გურამ რჩეულიშვილი თანმიმდევრულად მიჰყვება გმირის (ანუ საკუთარი თავის) მოქმედებას, შინაგან მდგომარეობას და ცდილობს არ გამოეპაროს არცერთი ჟესტი, ვიზუალური ხატი, დიალოგი, ბუნების სურათი, უბრალოდ გახმიანებული ჩქამიც კი. მწერალმა თავისი სახელი დაარქვა გმირს, ვინაიდან ის თავსგადახდენილ ამბავს ჰყვება, მაგრამ მხოლოდ ამბავს არ ჰყვება, ამბავი მისთვის მეორეული მნიშვნელობისაა. წერილის დასაწყისშივე ვთქვი, რომ მან ალავერდობაზე ცხენი გაიტაცა და ლეკები მოსაკლავადაც კი გამოეკიდნენ, მაგრამ იმთავითვე ჩანს, რომ მწერალი ამის საამბობლად არ აღძრულა, უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, თუ რას ფიქრობდა, რას გრძნობდა და რას განიცდიდა, რატომ ავარდა ალავერდის გუმბათზე და რა დაინახა „შინაგანი თვალით“ ამ გადასახედიდან.
„ალავერდობას“ დრამა თავიდანვე იმიტომ ვუწოდე, რომ ამ ნაწარმოებში გმირის ხასიათის  შინაგანი განვითარების ლოგიკა განსზღვრავს გარეგან ხდომილებებს და ამ ორპლანოვან თხრობას მწერალი სიზუსტის დაურღვევლად მიჰყვება. ამავე დროს, როგორც უკვე ითქვა,  მოთხრობაში, გურამ რჩეულიშვილი გვევლინება არა მხოლოდ საკუთარი განცდების გამზიარებლად, ლირიკოსად, არამედ ფსიქოლოგად, თვითდამკვირვებლად და სწორედ მოვლენათა გადმოცემის ლირიკული და ფსიქოლოგიური სიზუსტე აქარწყლებს ყოველგვარ მაღალფარდოვნებას, ტრივიალურ პათეტიკას და ზერელე პოეტურობას. ყოველივე ეს ხომ იქ აღმოცენდება, სადაც სიღრმისეულობისკენ სწრაფვა გამქრალია. გურამ რჩეულიშვილი კი იმას მიესწრაფვის,, რაც მოვლენათა ზედაპირზე არ ძევს და სიღრმეშია განფენილი. ეს მისი პიროვნებისეული და მწერლური ჟინია.
და ეს თითქმის ყოველ ფრაზაში ჩანს.
მოვლენათა აღქმისა და გამოხატვის სიზუსტე ფრაზებში მკაფიოდ გამოსჭვივის: „დგება დილა…  ნამდვილი კახური დღე, როცა მზე პირდაპირ შუაგულში აჭერს დედამიწას, სწოვს ნამის ნიშანსაც კი ყველაფერ გრილს, ოხშივრისგან მტვრად ორთქლდება დედამიწა“.
აქაც აღწერა კი არ არის, ლოკალური ბუნების სურათის აღწერა, არამედ შეგრძნებაა, მხურვალების, ხვატის, შეგრძნება, რომელიც ბუნების ცხოველმყოფელ წიაღში ისადგურებს და, როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, გურამ რჩეულიშვილის ბუნების სურათები ემპირიულ- საგნობრივის ნაცვლად ინტროსპექციული ხასიათისაა.
კიდევ ერთი ზუსტად მიგნებული დეტალი. ცხენის გატაცების შემდეგ ტყეში გაჭრილი გურამი მალევე ბრუნდება უკან. მხედარი ბრბოში შეიჭრება და მის თვალწინ მსხვილი პლანით გაიელვებს მისივე მომლოდინე ავისმომასწავებელი სახეები. აქ სხვებიც არიან: შაოსანი ქალი, თეძოგანიერი გოგონა, რომელმაც წამსვე შეწყვიტა ცეკვა, „გუდალოყება მეზურნე და გამხმარი მედოლე“. და აი ეს, ვითარების ზუსტად ამსახველი, ფრაზაც: „დოლი ხელიდან უვარდება და ბათქანით სკდება ქვაზე“. აქ დოლის გასკდომა ნაღმის აფეთქების ტოლფასია, საშინელი შეჯახებისას რაღაც უნდა გასკდეს და სკდება კიდეც, რაც უკიდურესად დამუხტული სიტუაციის ფეთქებადობას ასახავს. ასეთი ზუსტი დეტალების მეშვეობით გურამ რჩეულიშვილი ახერხებს ვითარების ერთგვარ დამიწებას. თავისი შინაარსით თვით ყველაზე ამაღლებული ეპიზოდებიც კი მოკლებულია ეგზალტაციის საფრთხეს. მწერალი თითქოს იქვე ამიწებს თხრობას. „გიგანტური თეთრი გემივით იზრდება მის წინ ულამაზესი და უდიდესი ტაძართა შორის ალავერდი და მიდის მისკენ საბედისწეროდ, როგორც ზღვაში მოულოდნელად ბურუსიდან გამოსულ მარტოხელა მენავეზე ხომალდი“.
„ალავერდობაში“ ეს ყველაზე უფრო პოეტური ფრაგმენტია, მაგრამ ამ პასაჟს თვითონ მწერლის პროზაული კომენტარი მოჰყვება: „ყველაფერი ეს გარედან მაგრად პოეტურია და ამას გრძნობს ის გაორკეცებით შიგნიდან“. ამგვარი დამიწების შემდეგ ალავერდის მეტაფორა – „თეთრი გემი“ – ჰკარგავს თვის პოეტურ ძალმოსილებას და პროზად იქცევა. მოთხრობის ექსპოზიციურ ნაწილში სხვა მეტაფორა – „თეთრი გედი“ – სხვაგვარ კონტექსტში იყო ჩაწერილი, თუმცა იქაც თხრობის საერთო მდინარებას ერთვოდა და ოდნავადაც არ ამოვარდნილა ამ კონტექსტიდან.

 

 

1 2 3 4