მისამართი

 

ერთი ბოთლი ღვინით, გაჟღენთილი სევდა.
სიზარმაცე დილით. სინათლესთან ომი;
მერე დღეებს შენი სილუეტი სდევდა,
არეული ქუჩის მისამართი მომე.
მერე იდგა თალხი, უგნურება ხალხთან,
როცა დამაბრალეს, ვგავდი ვითომ პოეტს,
შინაგანი დაღლის ზღვარს რომ გადავლახავ,
საუკუნის მიღმა მაშინ მომიტოვეთ.
ქალაქს შეეფეთა უდროობის წუთი,
ალაგონზე ახლაც ისმის – “იო თე ამო”;
უშენობას ისე უსაშველოდ ვწუხდი,
გავერიდოთ მიწას, წყალს, ჰაერს და წამო,
გადავეშვათ მიღმა, პოეზიის სივრცის,
იმპერიის ლანდებს, ჰორიზონტი ღებავს,
ბოღმის ფერი დოგმა ფიქრებს ისე მიცრის,
თითქოს დროა, მოდის, ბოლო გამეხება.
სრული ცინიზმია. ისევ ეფემერა,
ისე შემერიე უფრო მემთვრალები,
ვიდრე ეს სიტყვები შენ რომ გეფერება
ჩემი ლექსებიდან. – შენი “მემ” თვალები…
ერთი ბოთლი არყით გაჟღენთილი დარდი,
სიზარმაცე ღამით, სინათლესთან ომი,
მერე დღეებს შენი სილუეტი ბარდნის,
არჩეული ქუჩის მისამართი მომე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8