მალაყი (ქამარი 3)

 

მდუღარე ყავით დაიორთქლე ხელის გულები,
ვეღარ იხელთებ გამოფრენილ, უხილავ ჩიტებს;
სამაგიეროდ მონდომებით ათავისუფლებ
გაუცხოებულ ბავშვობიდან ჩამქრალ ოცნებას,
ხელმოცარული აღმაფრენის გადასამალად.
არ გამოგიჩნდეს სარჩულივით გულისპირიდან,
გაწბილებული ხასიათის მოლოდინები,
მიუხედავად იმისა რომ შენი სიმშვიდე,
მეჩხერ კორომში შეფარებულ ცხოველს წააგავს
და ირეკლები უკვე სხვაგვარ მოცემულობად,
რომლის ამგვარი მნიშვნელობა ჭარბი საბაბით,
ვერ შეძელი და ვერასოდეს დაასაბუთე;
მათ შორის ყველა შელახული უმოქმედობა
ავთვისებიან ეპიზოდებს ისე შეაშრა,
როგორც ქვეშაგებს ძილში – სისველე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8