აღიარების ფორმულა

 

დავიწყოთ არც ისე მონდომებით საუბარი გეგმებზე,
მათ ვერ გაიტან ასოციალური სარჩულით ქუჩაში.
აღარ არსებობს სფერო რომელსაც გამორჩენამ
თავი არ შეაფარა.
ვერ შეატოვებ ფოსფორით კედლებზე სათქმელს
იმ იმედით რომ გაიგებს ვინმე.
გახსენდება ფოსფორის წარმომავლობა გარდაცვლილი
სათქმელის საფლავიდან.
იმღერე ყველაზე ამაზრზენი შინაარსი და დაარქვი
ძილის პირული.
აღარ შეხვდე გულის ამაჩუყებელ შეწუხებულებს;
დასცინე ყველა არამეტაფორულ გამონათქვამს;
იარე პოლიტიკურ ორგიებზე.
აღიარე საკუთარი უსტატუსობა, თუნდაც ფეხის თითზე
ბირკამოქანავე გვამთან შედარებით.
აქ მკვდრებს ცოცხლებივით ექცევიან.
დავარწმუნოთ ისინი ჩვენს სიკვდილში, თუნდაც
ერთჯერადი საშველის გამო.
იქნებ გაგვიმართლოს ვინმე კრიტიკოსს ან პოეზიის ქურუმს
ყბაში ნემსკავად გამოვსდოთ საკუთარი შემოქმედება.
ისინი ხომ ბაზრის ალაყაფს ასე გულმოდგინედ დარაჯობენ.
ჩაგესახოს ნაყოფივით იმედი რომ გაიყიდები
და ვერასოდეს გაიგებ დახლიდარის სახელს.
გაგინელდება კაპიტალისტური სატკივარი.
დანაღმე მოდერნისტულად აღკვეცილი ტექსტებით
სოციალური მიდამო და გადაეშვი კიბერ სივრცეში.
აღწერე ყველა უინტერესო მოვლენა.
თამამად ისაუბრე ინტიმურ თემებზე და გადალახე კომპლექსი.
არ შეიკავო განცდები ანალური ექსპერიმენტიდან.
მოანდომე ყველას საკუთარ პერსონაჟთან სექსი.
აქ ფატალური აღარაფერია. მოითმინე სიმბიოზური პარანოია,
ან არ მოითმინო. წაშალე ზღვარი სათქმელსა და უთქმელობას შორის.
უარყავი რაც აქამდე შეგიქმნია, მომბაძე  და ეს იქნება
პოეზიის უკიდურესი მწვერვალი, სადაც მოიპოვებ
საკმარის აღიარებას.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8