ძილის ფიტული

 

შენი ცხოვრების გზის სიზმრები,
ვადაგასული გზის სიზმრები,
ჩამოყრილ მკლავებს ასხდებიან
ფრინველებად და მღვიმეებად,
ჯერ ფეხდაუდგმელ მღვიმეებად
წყალს მწყურვალივით იგუბებენ.
არ ფრთხებიან და ფრინდებიან,
არც ფრთები აქვთ და ფრინდებიან,
არ ხდებიან და გიკვირს;
ხან ყვრიმალებში გიჯდებიან,
ხან ქვეშაგებში გიძვრებიან,
ფეხსაწმენდის ქვეშ ეძებ.
იზრდებიან და იშლებიან,
არსებობამდე შიშვლდებიან,
მოგყვებიან და ვერ ცნობ.
ხან ბავშვობიდან ორთქლდებიან,
დილის მიწებად ორთქლდებიან,
გიყვებიან და გიჭირს
დაიჯერო და დააჯერო
გამდინარე წყალს დააჯერო,
გადააფინო ქვებს.
შენი ცხოვრების გზის სიზმრები,
შენი მზაკვარი გზის სიზმრები
გშორდებიან და თვლემ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8