ერთხანობას ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიდიოდა. უნდა ვაღიარო, რომ ამით ბედნიერიც კი ვიყავი. მღელვარებითა და განცდებით სავსე დღეებმა, რომლებიც უკან მოვიტოვეთ, კლასიკური მუსიკის მიმართ რაღაც შიშიც კი გამიჩინა, მაგრამ ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. კაცმა რომ თქვას, აღარც ვფიქრობდი, თუმცა რაღაც მეექვსე გრძნობა მკარნახობდა, რომ „რექვიემის“ დამთრგუნველ ძალას საბოლოოდ არ მივუტოვებივართ, გამოუთქმელი გუმანით ვხვდებოდი, რომ იგი აქ არის, სახლის რომელიღაც კუნჭულშია მიყუჟული და თავის ჟამს ელოდება. ბოლოს აღმოჩნდა, რომ გუმანი არ მატყუებდა…

ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულს ეზოში „რექვიემის“ ხმა მომესმა. ხმა, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა, ელდასავით მეცა… ხელტვირთის  სიმძიმეს აღარ ვგრძნობდი. კიბეები სულმოუთქმელად ავათავე. ვუახლოვდებოდი რენას ოთახს და წარმოსახვის თვალით ვხედავდი დივანზე პირქვედამხობილ შვილს, ვგრძნობდი, რომ სუნთქვა მიჭირდა და ყელში ბურთივით მაწვებოდა მოზღვავებული მღელვარება.

კარი გასაღებით გავაღე და შინ შევვარდი…  ელდანაკრავივით გავშეშდი შუა ოთახში…

იგი კვლავ აქ იყო, ოთახში ბობოქრობდა, კედლებს აწყდებოოდა, ჭერს ეხეთქებოდა… ადრინდელივით მძვინვარებდა სახლის ყველა კუთხე–კუნჭულში… ქოროს ხმა თანდითან ძლიერდებოდა, ტემპრის დიაპაზონი ხელსა მკრავდა და გარეთ გაგდებას მიპირებდა…

მუხლებში ძალა გამომეცალა და თვალთ დამიბნელდა… სავსე კალათები ზღურბლთან დავყარე, ფეხები როგორღაც ავითრიე და რენას ოთახისკენ გავიქეცი. კარი გამოვაღე და… შიგნით რომ შევედი, გაოცებისაგან პირდაღებული დავრჩი…

დივანი, რომელზეც პირდამხობილი რენა მეგულებოდა, ცარიელი დამხვდა…

სასწრაფოდ სხვა ოთახებიც დავათვალიერე, სამზარეულოშიც შევარდი…

რენა არსად იყო. გეგონებოდა, მიწამ პირი უყო და ჩაყლაპაო…

იმისათვის, რომ „რექვიემის“ ელვისმაგვარი განმსჭვალავი ხმა ჩამეხშო, თვალით მაგნიტოფონი მოვძებნე… მაგნიტოფონიც არსად ჩანდა, უგზოუკლოდ დაკარგულიყო…

განრისხებულ მონოზანთა შორის მარტოდ–მარტო აღმოვჩნდი… ვერ გამეგო, ისინი საიდან გამომეცხადნენ, სახლის რომელი კუთხე–კუნჭულიდან ამღერდნენ… რენაც  არსად ჩანდა. მის ასავალ–დასავალზე რომ ვფიქრობდი, გუმბათებჩაშავებული გერმანული ეკლესია მახსენდებოდა…

 

 

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა   იმირ მამედლიმ

 

 

1 2 3