– მე ვარ დამნაშავე,– ვთქვი და მივხვდი, რომ ყელში ბურთი მომაწვა. იმის გამო, რომ მღელვარებისაგან ტუჩებაკანკალებული დანარჩენ სიტყვებს სანახევროდ ვყლაპავდი, დირექტორს სახე მოეღრიცა. – არ მეგონა, თუ ამ ბავშვს მუსიკალური ნიჭი გააჩნდა. არც მეცადინეობისადმი და არც სიმღერისადმი არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა.– მიუხედავად შინაგანი მღელვარებისა, სათქმელი მაინც ამოვთქვი.
დირექტორმა წარბები აზიდა:
ტყუილა ღელავთ,– მომიგო,– თქვენ არავინ გადანაშაულებთ. უნდა გითხრათ, რომ მრავალ დიდ მუსიკოსს არც ჰქონია მუსიკალური განათლება. თუ ამ ბავშვს იოტისოდენა მუსიკალური მოწოდება გააჩნია, მე კი მგონია, რომ საკმარისზე მეტიც კი გააჩნია, იგი უცილოდ გაიტანს თავისას.
რენა ჩვენგან ზურგშექცევით, ოდნავ მოხრილი უჯდა როიალს, მთელი ამ საუბრის განმავლობაშ ხან მე, ხანაც დირექტორს შეგვავლებდა ხოლმე ეჭვგარეულ მზერას. ასეთ დროს იგი პატარა ხბოს მაგონებდა. ასეც ვეძახდი: „ჩემი პატარა ხბო!“
იმისათვის, რომ დირექტორს ჩემთან პირისპირ ყოფნით გამოწვეული უხერხულობისაგან თავი ეხსნა, წმოდგა, როიალთან მივიდა, რენას თითები ხელებში მოიქცია და რბილი პლასტილინივით მოზილა.
–შეხედეთ, ეს თითები როიალისთვისაა გაჩენილი,– თქვა, მერე ბავშვს ხელები როიალზე დააწყობინა და დასძინა,– აბა, შვილო, წეღან რომ უკრავდი, ის კიდევ ერთხელ დაუკარი.
რენამ თვალები აახამხამა და წელში გაიმართა, მერე კი ფაფუკი თითებით მოცარტის ერთობ რთული „რექვიემის“ შესრულება დაიწყო. ოთახი მუსიკის ჯადოსნურმა ხმამ მოიცვა. მასწავლებელმა, რომელიც როიალთან ზურგით იდგა, თვალები დახუჭა და მარჯვენა ხელის თითები ჰაერში როიალის უხილავ კლავივიშებზე აათამაშა, ერთი შეხედვით, გეგონებოდა, პატარა რენასთან ერთად „რექვიემს“ უკრავსო. მერე თვალები გაახილა, იქ მყოფ მასწავლებლებს მოავლო მზერა და დასძინა:
–წარმოგიდგენიათ, ამას ასრულებს თოთხმეტი წლის ბავშვი? რომელიც ერთ ნოტსაც არ იცნობს და რომელსაც მუსიკალური განათლება არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ რენას, რომელიც სულ უფრო ემოციურად ამოძრავებდა პატარა თითებს, ეს სიტყვები არ გაუგია, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ეს პატარა გოგონა იმას ცდილობს, მისით აღფრთოვანებული მასწავლებლების ნდობა უბადლო შესრულებით გაამართლოსო.
როცა ნაწარმოები დასრულდა, დირექტორი უკვე თავის ადგილას იჯდა. მას ნიკაპი ხელებზე ჩამოეყრდნო და ღრმად ჩაფიქრებულს მზერა შორეული წერტილისთვის მიეპყრო.
–ვფიქრობ, იმისათვის, რომ თქვენი გოგონა მუსიკალურ სამყაროში დამკვიდრდეს, ერთადერთი გზა მისი ვოკალში მომზადებაა.– ეს თქვა ერთ–ერთმა მოხუცმა მასწავლებელმა, რომელსაც სათვალეების კიდეები ლოყების ღრმა ნაოჭებში ჩაფლოდა, – აქ შესრულების ტექნიკაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. თითები ნულის დონეზეა. დიახ…– მან იგრძნო, რომ დირექტორი რაღაცის თქმას აპირებდა, არ აცალა და დასძინა,– … გეთანხმებით, რომ მის თითებს გარკვეული პლასტიკა გააჩნია, თუმცა ისინი კლავიშებს ვერ გრძნობენ. იმის მაგივრად, ბალერინასავით თითის წვერებზე ისრიალონ, ქლოშინ–ქლოშინით დაიხლართებიან. ერთი სიტყვით, დაგვიანებულია. ებრაელები ბავშვებს ადრეულ ასაკშივე მუსიკაში, თეატრსა და სხვა სფეროებში იმიტომ სცდიან, რომ მერე ასეთი კაზუსის წინაშე აღარ აღმოჩნდნენ.
მასწავლებელმა სიტყვა დაასრულა და გამარჯვებულის მზერა კვლავ მე მომაპყრო.
არ შევიმჩნიე, ამ სიტყვებმა ჩემზე რომ ცუდად იმოქმედეს, პირიქით, შევტრიალდი და რენას ცალყბად გავუღიმე.
რენა კი მართლაც უტვინო ბოჩოლასავით იდგა. იქ მყოფ მასწავლებლებს ისე უყურებდა, გეგონებოდა, ამ სიტყვების ავ–კარგიანობას წესივრად ვერც კი აცნობიერებსო.
როცა ქუჩაში გამოვედით, მუსიკალურ სასწავლებლისაკენ მიმავალი ბავშვები შემოგვხვდნენ, რომელთაც ხელთ სხვადასხვა ზომის მუსიკალური ინსტრუმენტები ეკავათ.
იმის გამო, რომ რენა მათ ფარული შურით უმზერდა, გავუბრაზდი და მუჯლუგუნი წავკარი:
-წელში გასწორდი!
რენას პალტოს საყელო აეწია და გვერდში უჩუმრად მომყვებოდა. კაცი ვერ გაიგებდა, სად დაქროდა მისი გონება. შეიძლება, ფიქრობდა „რექვიემზე“, რომლის მომზადებასაც უამრავი ენერგია და დღეები შეალია. მე კი მის პატარაობას ვიხსენებდი. მაგონდებოდა მისი გულგრილობა სკოლისადმი, წიგნისა და მუსიკისადმი.
ასე და ამგვარად, ქვეცნობიერად ვცდილობდი, რენას დღევანდელ ჩავარდნაში ჩემი უდანაშაულობა ჩემივე თავისათვის დამემტკიცებინა.
სინამდვილეში კი ყველაფერი ორი წლის წინ, მუსიკალური სამყაროსაგან ერთობ დაშორებულ ადგილას დაიწყო, ეს გახლდათ ქალაქის ცენტრში ყვავილნარში ჩაფლული გერმანული ეკლესია, რომლის რუხი გუმბათებიც ქალაქის შორეული წერტილიდანაც კი მოჩანდა.
იმ საღამოს ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მის სათუთ, ნაზ ფსიქიკაზე ასე იმოქმედებდა ბახის, მოცარტისა, თუ ვივალდის მუსიკალური ნაწარმოებები, რომელთაც მევიოლინეთა კომპაქტური ანსამბლი ასრულებდა ეკლესიაში. ვიგრძენი, რომ ამ ჯადოსნურმა მუსიკამ პატარა რენა აიტაცა და სადღაც სხვა სამყაროში გადაისროლა, იგი თითქოს მთლიანად მოსწყდა ჩვეულ რეალობას და სადღაც სულის სიღრმეში ჩამყუდროვდა, მისთვის დღემდე უცნობ შრეებში ჩაიძირა. ეს კი ვიგრძენი, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველაფერი გოგონას სულსა და გულზე ამგვარად იმოქმედებდა და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში უმეგზურებდა… რენა, რომელიც აქამდე თეატრებსა და კონცერტებზე ან თვლემდა, ანდა ჩიპსს შეექცეოოდა, ახლა მონუსხულივით იქცეოდა. ვხედავდი, რომ იგი რაღაც მისთვის უცხო სინამდვილეს დაეტყვევებინა და მოჯადოებული სულ სხვა მხარეს წაეყვანა. ვგრძნობდი, რომ იმ წუთში აქ, ჩვენთან არ იმყოფებოდა.
როცა კონცერტის შემდეგ შინ დავბრუნდით, რენა პიანინოს მიუჯდა და მოსმენილის განმეორებას შეეცადა. მეორე დღიდან მოყოლებული კი პიანინოს საათობით არ სცილდებოდა. თავიდან თითებს ისე ფრთხილად დაატარებდა კლავიშებზე, გეგონებოდა ჭაობის პირას დადის და ეშინია, ფეხი არ ჩაუცურდესო. სულ რამდენიმე თვის შემდეგ კი რენას შესრულებული „რექვიემი“ მოვისმინე და ყურებს არ დავუჯერე.
სულ მალე რენამ „რექვიემი“ , რომელიც თითებით ამომარცვლა და ერთ მთლიან მუსიკალურ ქმნილებად დაალაგა, დიდი აკორდებით უფრო ოსტატურად შეასრულა. დილა ამ ნაწარმოების სულის შემძვრელი ჰანგებით გვითენდებოდა და საღამოც ამავე სევდისაღმძვრელი ხმებით გვირგვინდებოდა. გამოხდა ხანი და მე ვიგრძენი, რომ ამ მუსიკამ ჩვენს სახლში რაღაც შეცვალა, თვითეულ ჩვენთაგანს რაღაც დღემდე უცნობი შთააგონა, სულის სულში დვრიტასავით ჩაუღვინთა. ზუსტად ვერ ვიტყვი, რა შეიცვალა, მაგრამ ერთი რამის დანამდვილებით თქმა შემიძლია, სახლში გაბატონებული მუსიკა რენას მიერ გერმანული ეკლესიიდან მოტანილი ცნობილი „რექვიემი“ არ გახლდათ… ეს იყო რაღაც სხვა, ოდესღაც ოჯახურ სიმყუდროვეში მიკარგული რამ, რომელიც ახლა ამ მუსიკასთან ერთად გაცოცხლებულიყო და მთელ სახლში გამეფებულიყო…