–ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, – ხელი–ხელ ჩაკიდებული რენა გზაზე რომ გადამყავდა, მაშინ ვთქვი დუმილის დარღვევის მიზნით.

რენა სდუმდა. სახეზე დარდით გაზავებული ჩრდილი დასთამაშებდა. ფეხს ითრევდა, მივხვდი, უნდოდა, ჩამომრჩენოდა და გზა მარტოს განეგრძო.

თემა შევცვალე და სიტყვა ჩამოვუგდე ბრწყინვალე მომავალზე, რომელიც როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც მოელოდა ცხოვრების სხვადასხვა ასპარეზზე..

რენას ქუთუთოები ჩაშავებოდა, ცხვირ–პირი ჩამოსტიროდა. იმ წუთში  გარეგნობით რომელიღაც ძველ ბერძენ ფილოსოფოსს მაგონებდა…

იმ საღამოს რენა პიანინოს არ გაჰკარებია, თავის ოთახში განმარტოვდა, დივამზე დაემხო და ჩაეძინა.

თითქოსდა რენას განცდებს უთანაგრძნობსო, საღამოს სინათლე გაითიშა და დილამდე არ ჩართულა. ღამე მე და ჩემმა უფროსმა გოგომ სამზარეულოში სანთლის  მბჟუტავ შუქზე გავატარეთ.  მთელი ღამის განმავლობაში რენას ჩაბნელებულ ოთახში მქროლავი ქარიშხლის ხმა გვესმოდა, მაგრამ იქ შესვლას ვერ ვბედავდით.

დილით, საუზმის დროს, რენას ქუთუთოები კვლავაც ჩაშავებული ჰქონდა. ფერგაცრეცილი იყო, ერთ ღამეში თითქოს სახეც დაჰგრძელებოდა. ჭმუნვას არ იმჩნევდა, გუშინდელი მარცხისგან ხმაჩავარდნილი ოპერაზე, ოპერის უკვდავებასა და ოპერის მომღელებისთვის საჭირო თვისებებზე საუბრობდა გაუთავებლად, თანაც უმადოდ იცოხნებოდა.

ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ  მთელი ეს უშუქო ღამე იმ გემის კაპიტნის განცდებში გაეტარებინა, რომელიც იძულებულია, კურსი შეცვალოს და გემი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს. იმის გამო, რომ მოცარტის „რექვიემი“ თავისივე ოცნების რექვიემად ექცა, სულიერი მოწოდების მიუხედავად,გადაეწყვიტა, პიანისტობისათვის ზურგი ექცია და ვოკალისტის კარიერაზე ეფიქრა. მისი ოთახის უკუნეთში აბობოქრებული ქარიშხალი აშკარად გასწუოდა და ყველაფერ ამას ფონად ედებოდა…

იმ დღიდან მოყოლებული „რექვიემის“ საფორტეპიანო ვარიანტს მისი საოპერო ვარიანტი ჩაენაცვლა. „რექვიემს“ ახლა ქალთა ქორო ასრულებდა, რენას ეს ფირფიტა  რომელიღაც მუსიკალურ მაღაზიაში შეეძინა. ქოროს მიერ შესრულებული ვერსია ისე ჟღერდა, როგორც სახალხო სასამართლოზე ჩვენს მიმართ გამოტანილი მკაცრი განაჩენისადმი მიძღვნილი საზეიმო მარში.

ზოგჯერ ვხედავდი კიდეც ამ ქედმაღალ ქალებს, რომლებიც ბუმბერაზების ხმით მღეროდნენ. ჩემს წარმოსახვაში ისინი იყვნენ გამჭვირვალე თავსაფრიანი მრისხანე მონოზვნები… ეს ქალები „რექვიემს“  კითხულობდნენ დიდი ფურცლებიდან, რომლებიც ხელთ ეკავათ. ისინი ახოვანნი იყვნენ და სიმღერის შესრულებისას სიმაღლე კიდევ უფრო ემატებოდათ და თავით ჭერს ეხებოდნენ…

ფერგაცრეცილი რენა, როცა ქოროს უსმენდა, უფრო ფერმკრთალი ხდებოდა. ვხედავდი, რომ იგი ამ დროს ჩვენთან არ იმყოფებოდა, მისი გული და გონება სადღაც შორს, მიუწვდომელში იყო ჩანთქმული. ვგრძნობდი, რომ გოგონა სადღაც უფსკრულში  გადაჩეხილიყო და ჩვენ მას ვერაფრით ვიხსნიდით.. ასეთ  მომენტებში რენას შეწუხება, ან თუნდაც მის სიახლოვეს ჩავლა იგივე იყო, რაც დიდი ტანჯვა–წამების შემდეგ ჩაძინებული ადამიანის უნებური გაღვიძება. ზოგჯერ ვცდილობდით, რომ ეს ფერმკრთალი გოგო ამ სახიფათო სამყაროდან გამოგვეყვანა, გამოგონილი მიზეზით მუსიკას ვუთიშავდით, თუმცა ასეთ წუთებში მის მეოცნებე თვალებსა და გაცრეცილ სახეს რომ შევეფეთებოდით, ვგრძნობდით, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა და რომ არის რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. რამდენადაც ადვილი იყო იმის გაგება, რომ შორეულ საუკუნეებში გერმანიაში გაჩენილი ეს მუსიკა პატარა გოგონას ხელიდან გვაცლიდა, იმდენადვე ძნელი იყო მისი მშობლიურ  სამყაროში დაბრუნება. როცა მუსიკა მთავრდებოდა, მაშინ უფრო აშკარად ვგრძნობდით, რომ რენას ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება, მისთვის ჩვეული ცხოვრების აღდგენა შეუძლებელი გამხდარიყო. ირგვლივ ყველა ვხვდებოდით, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. ის, რასაც ჩვენ უმუსიკო სიმყოდროვეში განვიცდიდით, სწორედ ამაზე მეტყველებდა.

დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ყოველდღე, სამსახურიდან მობრუნებულს, ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ჩვენი სახლი უცხო დამპყრობლების მიერ იყო დალაშქრული და ეს მწუხარე მელოდია კი ამ დაპყრობის მაუწყებელი იყო. შინ შესული სასწრაფოდ ვიხდიდი ლაბადას და მივაშურებდი რენას ოთახს, სადაც იგი ნოკაუტში ჩავარდნილი მოკრივესავით დივანზე პირჩაღმა გართხმული  მხვდებოდა. გვერდით მივუჯდებოდი, თმაზე ვეფერებოდი, მოცურავის მხრებივით დაკუნთულ მხრებს ვუზელდი, ვუალერსებდი და მუსიკის საწინააღმდეგოდ საგანგებოდ გამოგონილ ათას რაღაცას მივედ–მოვედებოდი, თუმცა რენას მდგომარეობა მაინც არ იცვლებოდა, იგი ჯიუტად იდგა თავისაზე.

ერთ დღეს, როგორც იქნა, რენამ ჩემსკენ გამოიხედა, ტირილით ჩაწითლებული თვალები მომაპყრო და სლუკუნ–სლუკუნით მითხრა:

–ჩემთვის სიმღერაც არ შეიძლება, ხმა სუსტი მაქვს, როცა მაღალ ნოტებზე ავდივარ, მიწყდება…

იმ საღამოს, შინ რაც კი რამე კასეტა გვებადა, მოვაქუჩე და დერეფნის ბოლოს მაღალი კარადის თავზე შემოვისროლე. მეორე დღეს კი, იქნება, ამ სახიფათო ნივთებს თავი სამუდამოდ დავაღწიოთ-მეთქი, კასეტების შეკვრა სამსახურში წავიღე და წიგნების კარადის უკან შევჩურთე.

უკასეტობამ  სახლში სიწყნარე მოიტანა. შევუდექით ოთახების მოწესრიგებას და შევეცადეთ, საერთოდ წაგვეშალა „რექვიემის“ კვალი და დარღვეული სიმყუდროვე და ოჯახური ჰარმონიია აღგვედგინა.  უპირველეს ყოვლისა, მოსამსახურე ქალი დავიქირავეთ, რათა მას იატაკიდან დაწყებული ჭერით დამთავრებული ოთახები ისე გაეწმინდ–გაერეცხა, რომ იმ ავადსახსენებელი მუსიკის კვალიც კი არსად დარჩენილიყო.  რენასა და  უფროს ქლიშვილს ოთახები შევუცვალეთ. იმისათვის, რომ სახლში საერთო განწყობა განგვეახლებინა, ყოველ საღამოს გასართობი და კომიკური ფილმების კასეტებს ვყიდულობდით და ერთად ვუყურებდით, გარდა ამისა, უქმე დღეებში სასეირნოდ გავდიოდით.. „რექვიემის“ შესახებ ყველანი ვდუმდით.

რენა იმ სნეულს ჰგავდა, რომელის ორგანიზმმაც  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაკარგა  ბრძოლისუნარიანობა. იგი არაფერს ჭამდა, თითქმის არ იღიმებოდა, შეკითხვებზე მოკლედ და მოჭრილად გვპასუხობდა, მუსიკის შესახებ საერთოდ არ საუბრობდა. იმ ოთახს კი, სადაც პიანინო გვედგა, ისე ჩაუვლიდა ხოლმე, გეგონება უფსკრულის კიდეზე დადის და ეშინია, ფეხი არ ჩაუცურდესო. აღარც ძველ ბერძენ ფილოსოფოსს მაგონებდა.

 

 

1 2 3