***

ტყემლის მარცვალი მსხვილ საფანტსა ჰგავს…

 

***

სიბერე ახდენილი ოცნებების სამყაროა, თუმცა აუხდენელი, ალბათ,  უფრო  მეტია იქ  და სწორედ  მათი – ანუ აუხდენელი ოცნებების  ტკივილიანი  ერთგულება  გვაქცევს  ხოლმე  სიბერის  ტუსაღებად.

 

***

ემოციების  წინააღმდეგ  გაილაშქრება  ორმა უნიჭიერესმა  პოეტმა  –  ეზრა პაუნდმა და თომას ელიოტმაც მოინდომა,  მაგრამ  ვერაფრით  გამოიყვანეს  ანგლოსაქსური  სამყარო  ემილი დიკინსონისა და უილიამ ბლეიკის ემოციებით აშენებული ციხე – კოშკიდან.  ბლეიკი ამბობს,  –  „ზამთარი მწყემსის ცხვირზე ალმასს გააბრწყინებსო“.   ამ „ალმასის“ ნატამალიც  კი  არ  არის  არც ელიოტისა  და  არც  პაუნდის  ლექსებში…

 

***

წარმოუდგენელ  სიბრიყვედ  (ჩვენს შემთხვევაში  –  შეგნებულ სიბრიყვედ)  მიმაჩნია  პოეზიის დაყოფა გეოგრაფიული თვალსაზრისით,  თითქოს შეიძლებოდეს არსებობდნენ  ბათუმელი,  თბილისელი, ქუთაისელი თუ სოხუმელი პოეტები.  არადა ყველაზე დიდი პოეტი (რუსთაველის შემდეგ, რა თქმა უნდა!)  ფშავიდან მოგვევლინა ისე,  რომ პირველივე სტრიქონებით მთელი ქართული მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა მის სამშობლოდ იქცა.

ლიტერატურაში  პროვინციალიზმი  კი,  მაგრამ  პროვინცია  არ  არსებობს.

 

***

მყუდრო ქალები – მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები.

 

***

სიბერე ძალიან ჰგავს სახლს,  რომელიც მოულოდნელად გაჩნდება შორი გზით დაქანცული ადამიანის წინ და ახლა უკვე ადამიანზეა დამოკიდებული,  როგორი იქნება მისი ახალი სახლი  –  სახლად დარჩება თუ ბუნაგად  გადაიქცევა.

ამ სახლში გრძელი გზით დაქანცულები ითქვამენ სულს იდუმალებით მოცული ქვეყნისკენ გამგზავრების წინ.  ნუ შეგვაკრთობს ეს სიტყვა  –  სულის მოთქმა საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ადამიანი ასწრებს ხელმეორედ გაიაროს მთელი ცხოვრება, რასაკვირველია, ფიქრით, რაც რეალურ ცხოვრებაზე ნაკლებად მტკივნეული და ძნელი როდია…

 

***

ქალი კაცზე ჭკვიანია, ოღონდ, მის ჭკუაზე  სიარული სახიფათოა, თუ ცოტათი მაინც ჭკვიანი არა ხარ…

 

***

რუსთაველის თეატრში „არაბეთის  სურნელოვან  ბალახებს“ დგამენ…

გუშინ ნანუკა  ხუსკივაძემ დამირეკა (მარიამი!), აღტაცებულია  პიესით…

ამ პიესას დღესაც მოვაწერდი ხელს,  რა თქმა უნდა,  თუ შევძლებდი მის დაწერას!..

რუსთაველის თეატრი  ჩემი დრამატურგიის  სამშობლოა!

 

 

1 2 3