2019 წლის 5 მარტს  თამაზ ჭილაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა.  ამ დიდებული მწერლის, დრამატურგის, ესეისტის დაბადების დღეს წიგნის მაღაზია  „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება  „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მიერ გამოცემული თამაზ ჭილაძის ჩანაწერების წიგნის  „თამაზ ჭილაძე – 55 ამბავის“  წარდგენა. ახალი წიგნიდან გთავაზობთ 2015-2017 წლების რამდენიმე ჩანაწერს, რომელიც პირველად ქვეყნდება. 

 

***

ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა – მახსოვრობაა…

უკანასკნელი  თავშესაფარი!

 

***

რატომ გავრცელდა ასე თავისუფალი ლექსი?  ვითომ უფრო ადვილია, ვიდრე  კლასიკური?  რასაკვირველია,  არა.  ასე ეჩვენება იმას, ვინც  პოეტი არ  არის.

 

***

მწერალზე მისი პარტიული მრწამსის მიხედვით მსჯელობა არასწორია. ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ერთის კი  არა, ყველა არსებული პარტიის წევრები ყოფილან, მაგრამ მერე რა – ეს მათი მომავალი ბიოგრაფებისთვის არის საინტერესო, მკითხველისთვის არა!

 

***

ანბანი – ენის აკვანი!

 

***

ჩემო ძვირფასო ალექსანდრე!

გჩუქნი ამ წიგნს, რომელიც თითქოს ჯადოსნური კარია – იქიდან იწყება შენი სამშობლო საქართველო! ჩვენთვის – ქართველებისთვის  –  მომავალთან შეხვედრა ამ წიგნით იწყება.

ეტყობა, ღმერთს ენება ასე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ძნელზე ძნელი ყოფილიყო, ოღონდ ამ ქვეყნისთვის ცხოვრება მხოლოდ ღირსეულებს შესძლებოდათ.  გიყვარდეს შენი ქვეყანა! გახსოვდეს  –  მისი სამსახური გენეტიკურადაც კი გევალება!

გაიზარდე შენი სამშობლოს  – საქართველოს ღირსეული შვილი. ღმერთს ვთხოვ, შენ მაინც გეცხოვროს ნამდვილად თავისუფალ, ნამდვილად ბედნიერ საქართველოში!

შენი პაპა თამაზი

 

***

ზუგდიდში  –  ტრადიციულად  მაღალკულტურულ  ქალაქში, რომელმაც არაერთი სახელოვანი პიროვნება აღუზარდა ჩვენს ერს, დღეს თეატრი არ არსებობს, რადგანაც, რაც იყო, დაინგრა, აღმდგენი კი არ ჩანს. იქნებ ჩვენ  თვითონ,  მთელმა  საქართველომ  ითავოს ზუგდიდის  თეატრის  აღდგენა. მიუხედავად ხელმოკლეობისა,  ჩვენგან გაღებული თვითეული თეთრიც კი ძვირფასი იქნება, იმიტომ რომ დიდ, ეროვნულ საქმეს მოხმარდება!

 

***

პოლიტიკის ალგებრა.

 

***

მუსიკა იმის ხმაა,  რაც არ ჩანს  –  მაგრამ არსებობს…

 

***

თითქოს  იმ ქვეყნად  გარდაცვლილიყო  და  ახლა  აქ  ეწამებოდა,

აქ იყო მისი ჯოჯოხეთი…

 

 

1 2 3