კითხულობ იშიგუროს რომანს და ტანში გცრის

 

არ გამიშვა კაძუო იშიგუროს მეექვსე რომანია. მას 1989  წელს წიგნისთვის „დღის ნარჩენები“ ბუკერის პრემია მიენიჭა. იშიგუროს  ლიტერატურული ჰიბრიდების შექმნა, ჟანრობრივი ექპერიმენტების ჩატარება, პოპულარულ ფორმებზე თავდასხმა და ამბების არც ისე ნათელ ისტორიულ ფონზე მოყოლა უყვარს. რომანში როდესაც  ობლები ვიყავით ის თითქოს ერთად გვიყვება 1930-იანი წლების დეტექტიურ ამბავს, მეორე მსოფლიო ომიდან აღებულ ისტორიას და თავგადასავლებს ბრიტანული კომიქსებიდან Boys’ Own Adventure. იშიგუროს რომანები არასოდესაა იმის შესახებ, რის შესახებაც ავტორი თავს გვაჩვენებს –  არისო.  ამ მხრივ, არც  არ გამიშვაა  გამონაკლისი.  შეიძლება იფიქროთ, რომ მან ამ რომანში  ენიდ მერი ბლაიტონის სკოლის გოგონას ამბავი და სამართებელზე მორბენალი  გააერთიანა,  მერე ჯონ უინდემის  საბავშვო კლასიკა დაუმატა, რომელშიც, ისევე, როგორც იშიგუროს ამ წიგნში, ბავშვების დანახვაზე ხალხს ჟრუანტელი უვლის.

რომანში არ გამიშვა,  მთხრობელი, კეტი ჰ. იხსენებს სკოლას, სახელად ჰეილშემს (შემ – დიკენსისეული მის ჰევიშემიდან მოდის), ბავშვთა, ერთი შეხედვით,  იდეალურ საგანმანათლებო დაწესებულებას. თავიდან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,  კეტის ინიაციალი ჰ  თითქოს იმას  ნიშნავდეს, რომ მისი გვარია ჰეილშეიმი, მაგრამ აქ ბავშვებს  საკუთარი გვარი არ გააჩნიათ. მალე გასაგები ხდება, რომ ეს სკოლა ჩვეულებრივი სკოლა არ არის. მაგალითად, საუკეთესო ფეხბურთელი, ტომი, იმის გამო აითვალწუნეს, რომ ხატვა არ ეხერხებოდა. ჩვეულებრივ სკოლაში ასე არ მოექცეოდნენ.

რეალობა ისაა, რომ ჰეილშემში კლონირებულ ბავშვებს ზრდიან. ეს ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ ორგანოების დონორები ხდებიან „ნორმალური“ ადამიანებისთვის. მათ არ ჰყავთ მშობლები და არც შვილის ყოლა შეუძლიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ზოგიერთები არიან „მზრუნველები“ თავისნაირი კლონებისთვის, რომლებსაც უკვე ამოცლილი აქვთ ორგანოები და დამოუკიდებლად არსებობა უჭირთ. ამ ეტაპის შემდეგ კი, თავად უნდა გასცენ ორგანოები, რაც ორგანოს ოთხჯერ „შეწირვას“ გულისხმობს,  ვიდრე ისინი „დასრულდებიან“ (ეს ტერმინები იშიგუროს არ მოუგონია, მხოლოდ ახალი მნიშვნელობა მიანიჭა მათ). ეს მთლიანი სისტემა, ისევე, როგორც სხვა, ადამიანების მოგონილი, მორალის თვალსაზრისით საეჭვო სისტემები, ეფემიზმითა და სიბნელითაა მოცული: გარე სამყაროს ამ ბავშვების არსებობა ხელს აძლევს, რადგან მისი კეთილდღეობა მათზეა დამოკიდებული, თუმცა, არაფერი, რაც მათ ეხებათ, არ აინტერესებს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ (თუმცა, ამაზე არაფერია ნათქვამი) ყველა წინააღმდეგობა ამ სქემასთან დაკავშირებით, უკვე დაძლეულია: კანონი მოქმედებს და ქვეყანაში დონორების არსებობა ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა, ისევე, როგორც ერთ დროს მონობა მიიჩნეოდა.

ეს უდევს ამ ამბავს ფონად. იშიგუროს დიდად არ აინტერესებს კლონირებისა და ორგანოების გადანერგვის ტექნიკური მხარეები (რომელი ოთხი ორგანო უნდა გასცენ? შეიძლება ასეთი შეკითხვაც გაგიჩნდეთ – ღვიძლი, ორი თირკმელი, მერე გული? კი, მაგრამ ორი თირკმლის ამოცლის შემდეგ ადამიანი არ კვდება? თუ პანკრიასი?). რომანი არც  მომავლის საშინელებებს აღწერს – მოქმედება მომავლის ბრიტანეთში კი არ ხდება, არამედ ბრიტანეთის პროვინციაში, სადაც კლონირება 1970 წლიდან ხორციელდება. კეტი ჰ. 1990-ნების ბოლოს 31 წლისაა, რაც ნიშნავს, რომ  70-ნებში დაიბადა, ხოლო 80-ის დასაწყისში მოზარდი იყო. თავად იშიგურო 1955 წელს დაიბადა ნაგასაკიში,  ინგლისში კი  5 წლის ასაკში გადმოვიდა საცხოვრებლად (რა თქმა უნდა, აქ შეიძლება კავშირის დანახვა – კაძუომ ბავშვობაში ალბათ ბევრი ახალგაზრდის  სიკვდილის ამბავი გაიგო, რომლებიც  უცნაური მიზეზებით იღუპებოდნენ). იშიგურო ირეალურს კი არა, რეალურ გარემოს აღწერს – პეიზაჟებს, სპორტულ პავილიონს, მასწავლებლებს და ე.წ.  „მცველებს“, კეტი აუდიო კასეტას უსმენს და არა თანამედროვე CD-ს.

1 2 3