კეტი ჰ.-ს ბედის სამდურავი არაფერი აქვს.  ის  თავს მართლაც იღბლიანად თვლის, რომ ისეთ ადგილას გაიზარდა, როგორიც ჰეილშემია და არა სტანდარტულ,  ფერმასავით  სკოლაში. სხვა ადამიანების მსგავსად, მას პირადი ურთიერთობები აინტერესებს: მის შემთხვევაში, ესაა ურთიერთობა „საუკეთესო მეგობართან“, ჭირვეულ და მბრძანებლობის მოყვარულ რუთთან, და ტომთან, ბიჭთან, რომელიც მას უყვარს. ტომი სკოლის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ხელოვნების არაფერი ესმის.

იშიგურო არაჩვეულებრივ ხასიათებს ქმნის – კეტი გონიერი გოგონაა, მაგრამ ჩვეულებრივი, არაფერია მასში ექსტრაორდინალური. ის ლაპარაკობს ზუსტად ისე, როგორც ჭკვიანი და მგრძნობიარე გოგოები ლაპარაკობენ: აღნუსხავს  საუბრებს,  კომენტარებს, მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ყველა ფაქტს, ყველა უსიამოვნებას, მარცხს, ერთი სიტყვით, ყველა წვრილმანს. ეს ყველასთვის ნაცნობია, ვისაც თინეიჯერობაში დღიური უწარმოებია. თხრობის დროს, კეტი რამდენიმე საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს: რატომაა ჰეილშემის მოსწავლეებისთვის ხელოვნება აუცილებელი? რატომ აგროვებენ მათ ნამუშევრებს? საერთოდ, რატომ სწავლობენ –  მათ ხომ ძალიან მალე სიკვდილი უწერიათ? კაცმა რომ თქვას, არიან კი ადამიანები?  აქ ტერეზიენშტატის გეტოს ბავშვების ალუზია გიჩნდება, და ასევე, გახსენდება  რადიაციით დაავადებული იაპონელი ბავშვები, რომლებიც   ქაღალდის წეროებს აკეთებდნენ.

რა საჭიროა ხელოვნება? პერსონაჟები ამ შეკითხვაზე პასუხს ეძებენ და შეკითხვასა და თავისი გარემო პირობებს შორის კავშირის დანახვას ცდილობენ. და, რა თქმა უნდა, იგივე შეკითხვა აწუხებს ყველას, ვინც ხელოვნებასთან კავშირშია. რას ემსახურება ხელოვნება? ალბათ, ხელოვნება რაღაც კონკრეტულ სოციალურ მიზანს ისახავს, როგორიცაა ღმერთების განდიდება, ხალხის გამხნევება, მორალური მაგალითების აღწერა – ის აქტუალურია პალტონის შემდეგ, მე-19 საუკუნეში კი ტირანის სახე მიიღო. ხელოვნება მუდმივად თან გვდევს, განსაკუთრებით, როცა მშობლები და მასწავლებლები სკოლის პროგრამაზე იწყებენ მსჯელობას. რომანში ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდება, მას სულ სხვა ფუნქცია აკისრია, ვიდრე წიგნის გმირებს წარმოუდგენიათ.

რომანის ერთ-ერთი ცენტრალური თემა გარე სამყაროს მათდამი დამოკიდებულებაა,  და ვხედავთ, როგორ იქმნება ეს დამოკიდებულება მათ რიგებშიც. მართალია, წიგნის გმირები მარგინალები არიან, მაგრამ ეს ფაქტი მათ ვერ იცავს შიდა მარგინალიზაციისგან: მაშინაც კი, როცა სიკვდილის პირას არიან, რუთი და ტომი, და კიდევ რამდენიმე დონორი, ქმნიან სხვებისგან იზოლირებულ პატარა ჯგუფს, სადაც კეტისაც კი არ უშვებენ.  მიზეზი კი ისაა, რომ კეტი მათ ვერ უგებს, რადგან მას ჯერ  ორგანოების გაცემა არ დაუწყია.

ეს წიგნი ასევე ეხება საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვების გაწირვას. ურსულა ლე გუინს აქვს ერთი მოთხრობა სახელად ომელასადან წამსვლელები, რომელშიც ბევრი კეთილდღეობას სხვა ადამიანთა უბედურების ხარჯზე აღწევს. არ გამიშვა შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მისი მონათესავე ტექსტი: ჰეილშემის ბავშვების სიცოცხლე  მსხვერპლია, რომელიც კაცობრიობამ სხვების ჯანმრთელობისთვის უნდა გაიღოს. ამ ბავშვებს მათი ავადმყოფი და-ძმის დასახმარებლად ქმნიან. აქ უფრო ზოგადი საკითხი ჩნდება – ვის ეკუთვნის შენი სხეული? ვის აქვს უფლება, ის მსხვერპლად შესწიროს? რატომ არ გარბიან ეს ადამიანები, რატომ ნებდებიან ასე უბრძოლველად, რატომ ეგუებიან თავიანთ მომავალს, სადაც მათ მხოლოდ  ტკივილი, დასახიჩრება და სიკვდილი ელით? წიგნის კითხვის დროს თვალშისაცემია, რომ კეტი თავისა და თავისი მეგობრების ცხოვრებას ფიზიკური მახასიათებლების გარეშე აღწერს. მაგალითად, არავინ ჭამს გემრიელად, არავინ არაფერს ყნოსავს. არც ის ვიცით ზუსტად, ვინ როგორ გამოიყურება. სექსიც, რაღაცნაირი, უსიცოცხლო აქვთ.  შენობები და პეიზაჟები კი წიგნში უხვადაა, ავტორი ამინდსაც ხშირად აღწერს. თითქოს კეტი იმ საგნების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, რომლებიც საკუთარი  სხეულიდან შორს და გარეთ ეგულება, ამით თითქოს ტკივილისგან თავს იცავს, რადგან მათ ვერავინ დაუზიანებს, ვერავინ ატკენს.

1 2 3