/ნაწყვეტი რომანიდან/

 

სასტუმრო „უესექსის“ ოქროსფერი ვარაყებით და კედლებზე გამოსახული მწვანე მთიანი პეიზაჟებით გამშვენებული სასადილო დარბაზი ფორტ ბიულას„როტარი კლუბის“ ქალბატონებს სადილისთვის წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი.

ასეთი ღონისძიება ალბათ დასავლეთის პრერიებშიუფრო თვალწარმტაცი იქნებოდა,ვიდრე ვერმონტში, თუმცა თავისებური ლაზათი უდავოდ ჰქონდა: ყველა ძალიან გაამხიარულა მედერი ქოლის (წისქვილი და სასურსათო მაღაზია) და ლუი როტენსტერნის (კოსტიუმების კერვა, გაუთოება და წმენდა) განცხადებამ, რომისინი ისტორიული ვერმონტელები- ბრიგამ იანგი და ჯოზეფ სმიტი იყვნენ, წარმოსახვით მრავალცოლიანობაზე ქილიკი კი აშკარად ქალებისკენ მიმართული გესლიანი ხუმრობა იყო. მაგრამ, საერთოდ, ღონისძიება სერიოზულად წარიმართა.რაც 1929 წლიდან მოყოლებული დეპრესიის შვიდი წელი გამოიარეს, ყველა ამერიკელი სერიოზული გახდა. 1914-18 წლების ომის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და 1917-ში დაბადებული ახალგაზრდები უკვე მზად იყვნენ, კოლეჯებისთვის მიეშურებინათ… ან ახალ ომში ჩაბმულიყვნენ, ნებისმიერ ომში, რომელსაც დაიხელთებდნენ.

ზოგადად, როტარელებს ეს საღამო თავის შესაქცევად არ მოუწყვიათ, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანდა.გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა, ჰერბერტ ი. ეჯვეისმა პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა და ბრაზიანად მიმოიხილა თემა: „თავდაცვით მიღწეული მშვიდობა – მილიონები შეიარაღებისთვის და არც ერთი ცენტი კონტრიბუციისთვის“. შემდეგ სიტყვით გამოვიდა მისის ადელაიდა ტარ-გიმიჩი, რომელმაც პოპულარობა არა მხოლოდ 1919 წლის გაბედული ანტისუფრაჟისტული კამპანიით მოიპოვა, არამედ იმითაც, რომ დიდი ომის პერიოდში ამერიკელი ჯარისკაცები ფრანგული კაფეებიდან ძალიან მოხერხებულად გამოაბრძანა – მათ დომინოს ათი ათასი კომპლექტი გაუგზავნა.

ამას გარდა, საზოგადოების ბედით დაინტერესებული ვერცერთი პატრიოტი ვერ უგულებელყოფდა მის ბოლოდროინდელ, ცოტა არ იყოს,დაუფასებელ გაბრძოლებას ამერიკული ოჯახის სიწმინდის შენარჩუნებისთვის, რაც გულისხმობდა, რომ კინოინდუსტრიიდან უნდა მიებრძანებინათ ყოველი მსახიობი, რეჟისორი და ოპერატორი, რომელიც: ა) იქნებოდა ოდესმე განქორწინებული; ბ) დაბადებული უცხო ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა, ვინაიდან მისის გიმიჩი დედოფალ მერიზე ძალიან მაღალი აზრის გახლდათ, ან გ)თავს იკავებდა, დაედო ფიცი, რომ პატივს სცემდა დროშას, კონსტიტუციას, ბიბლიას და ნებისმიერ ჭეშმარიტად ამერიკულ ფასეულობას.

ქალბატონების ეს ყოველწლიური სადილი ფორტ ბიულას ყველაზე პატივსაცემი მოვლენა იყო, მისი ნამდვილი მშვენება. ქალბატონების უმეტესობა და ჯენტლმენების ნახევარზე მეტი საღამოს სამოსში გამოწყობილიყო. მითქმა-მოთქმას თუ დავუჯერებთ, ზეიმის დაწყებამდე კლუბის წევრთა ვიწრო წრე სასტუმროს 289-ე ნომერში განმარტოვდა და იქ ჩუმად კოქტეილებს შეექცეოდა. ფართო, კვადრატულ დარბაზში სამი კედლის გასწვრივ განლაგებულ მაგიდებზე კაშკაშა სანთლები, ბროლის თეფშებით მორთმეული კანფეტები, ოდნავ დაბრაწული ნუში, მიკი მაუსის ფიგურები და როტარის ემბლემები – ბრინჯაოს ბორბლები ეწყო,მაგრად მოხარშულ, მოოქრულ კვერცხებს ამერიკის პატარ-პატარა აბრეშუმის დროშები ამშვენებდა. კედელზე  ეკიდა ბანერი, რომელიც იუწყებოდა: „ხალხის სამსახური უწინარეს ყოვლისა!“ სადილის მენიუ – ნიახური, პომიდვრის სუპი, შემწვარი ვირთევზა, ქათმის კროკეტები, ბარდა და ხილის ნაყინი – სასტუმრო „უესექსის“უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდა.

სიტყვით გამომსვლელებს ყველა პირდაფჩენილი უსმენდა. გენერალი ეჯვეისი უკვე ამთავრებდა თავის ვაჟკაცურ, თუმცა კი ცოტა მისტიკურ გამოსვლას ნაციონალიზმის თემაზე:

„… რადგან დიდ და ძლევამოსილ სახელმწიფოთა შორის შეერთებული შტატები ერთადერთია, რომელსაც უცხო ქვეყნის დაპყრობა არ სურს. ჩვენი ყველაზე დიდი ამბიციაა, ეს ოხერი, თავი მაინც დაგვანებონ! ევროპასთან ურთიერთობა დღეს რეალურად იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ძალიან რთული საქმე ვიკისრეთ – ევროპა გაუთლელ და უვიც მასებს გვიგზავნის, ამერიკულ კულტურას და კარგ მანერებს რომ ვაზიაროთ. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, მზად უნდა ვიყოთ, ჩვენი სანაპიროები უცხოელი ბანდიტებისგან და იმ საერთაშორისო აფერისტებისგან დავიცვათ, საკუთარ თავს „ხელისუფლებას“ რომ უწოდებენ. ისინი ხომ მოუთოკავი შურით უცქერიან ჩვენს დაუშრეტელ მადნებს, ცამდე აშოლტილ ტყეებს, ჩვენს ტიტანურ და მდიდრულ ქალაქებს, ლამაზ და თვალუწვდენელ მინდვრებს.

„პირველად ისტორიაში, დიდი ერი ვალდებულია, სულ უფრო და უფრო მეტად იზრუნოს შეიარაღებაზე, არა სხვა ქვეყნის დასაპყრობად, არც შურის გამო, არც საომრად, არამედ მშვიდობის შესანარჩუნებლად! ღმერთმა დაგვიფაროს და ნეტავი, ეს არასოდეს გახდეს საჭირო, მაგრამ თუ სხვა ქვეყნები ყურად არ იღებენ ჩვენს გაფრთხილებას, მაშინ, ბერძნული მითის არ იყოს, დრაკონის კბილებიდან, შეერთებული შტატების ყოველი კვადრატული ფუტიდან,შეიარაღებული უშიშარი მეომრები წამოიმართებიან, მიწიდან, რომელსაც ჩვენი პიონერი მამები ვაი-ვაგლახით ამუშავებდნენ და იცავდნენ და ჩვენც, ხმალშემართულნი, მამების საქმის გამგრძელებლები უნდა ვიყოთ… თუ არა და, დავიღუპებით!“

გენერლის სიტყვას მხურვალე ტაში მოჰყვა. „პროფესორი“ ემილ შტაუბმეიერი, სკოლების ინსპექტორი, ფეხზე წამოხტა და იყვირა:

„გაუმარჯოს გენერალს! ვაშა, ვაშა, ვაშა!“

გენერალს და მისტერ შტაუბმეიერს ყველა აღტაცებული შესცქეროდა – ყველა, რამდენიმე ახირებული პაციფისტი ქალბატონის და ვინმე დორმეს ჯესაპის გარდა. ეს დორმეს ჯესაპი ფორტ ბიულას „დეილი ინფორმერის“ გამომცემელი გახლდათ და მას ქალაქში „საკმაოდ ჭკუადამჯდარ, ოღონდ ცინიკოს ყმაწვილად“ მიიჩნევდნენ. დორმესმა თავის მეგობარს, პატივცემულ მისტერ ფოკს გადაუჩურჩულა:

„ჩვენს პიონერ მამებს დიდი ვერაფერი წვლილი მიუძღვით არიზონის რამდენიმე კვადრატული ფუტის ვაი-ვაგლახით დამუშავებაში“.

 

 

 

 

1 2 3