„სულ რაღაც სამი წლის წინ, ჩვენი სტუდენტები სავალალოდ დიდ პროცენტს ყიყინა პაციფისტები შეადგენდნენ, რომელთაც სურდათ, მშობლიური მიწა-წყლისთვის მიპარვით ზურგში დანა ჩაეცათ,ახლა კი, როცა უსირცხვილო შტერები და კომუნისტების თანამზრახველები ცდილობენ პაციფისტური შეკრებების მოწყობას…მეგობრებო, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, პირველი იანვრიდან მოყოლებული, დაახლოებით სამოცდაჩვიდმეტი ამგვარი გამომწვევი ორგია დაარბიეს მათივე მეგობარმა სტუდენტებმა და, სულ ცოტა, ორმოცდაცხრამეტი გამყიდველი წითელი სტუდენტი, სრულიად დამსახურებულად, ისე უმოწყალოდ გაილახა, რომ ამ თავისუფალ ქვეყანაში ისინი ვეღარასოდეს შეძლებენ ანარქიზმის სისხლით მოთხვრილი დროშის აფრიალებას! აი, ჩემო მეგობრებო,ეს არის ჩემი ახალი ამბავი!“
ორატორის სიტყვას აპლოდისმენტების ექსტაზი მოჰყვა,მაგრამ დაჯდა თუ არა გენერალი, ის სოფლელი ჩხუბისთავი, მისის ლორინდა ისევ წამოხტა და ამჯერადაც ყველას ჩაუშხამა სიყვარულის დღესასწაული:
„მოიხედეთ, მისტერ ეჯვეის, ნუ გგონიათ, რომ თავს დაიძვრენთამ სადისტური აბდაუბდით“…
ეს თქვა და მეტი აღარ დასცალდა. ფრენსის თეზბროუ, ქვისსამტეხლოს მეპატრონე, ფორტ ბიულას ყველაზე შეძლებული მეწარმე, მედიდურად წამოიმართა, ლორინდა რომ გაეჩუმებინა, ხელი გაიწვდინა მისკენ და მეცხრამეტე საუკუნის ქრისტიანული ჰიმნის, „ოქროს იერუსალიმის“ შემსრულებლის ბასით დააგუგუნა:
„თუ შეიძლება, ერთი წუთი მადროვეთ, ჩემო ძვირფასო ქალბატონო! აქ ყველასთვის კარგადაა ცნობილი თქვენი პოლიტიკური პრინციპები. მაგრამ მე, როგორც თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ვალდებული ვარ, შეგახსენოთ, რომ გენერალი ეჯვეისი და მისის გიმიჩი კლუბმა სიტყვით გამოსასვლელად მოიწვია, თქვენ კი, მომიტევეთ, ამას რომ გეუბნებით, არათუ არცერთი როტარელის ნათესავი არ ბრძანდებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ყველასთვის პატივსაცემმა ღირსმა ფოკმა დაგპატიჟათ. ასე რომ, თუ კეთილს ინებებთ…აჰ, გმადლობთ, მადამ!“
ჯერაც ისევ გაცეცხლებული ლორინდა პაიკი თავის სკამზე დაეძნეყვა, აი, მისტერ ფრენსის თეზბროუ კი არ დაძნეყვებულა – ისე დაბრძანდა, როგორც კენტერბერის არქიეპისკოპოსი არქიეპისკოპოსის ტახტზე.
ამ დროს, სიტუაცია რომ განემუხტა, დორმეს ჯესაპმა წამოყო თავი. დორმესი ლორინდას ახლო მეგობარი იყო, ფრენსის თეზბროუსთან კი ღრმა ბავშვობიდან ამხანაგობდა, ოღონდ ვერ იტანდა.
ეს დორმეს ჯესაპი, „დეილი ინფორმერის“ რედაქტორი და გამომცემელი, მართალია, კომპეტენტურ ბიზნესმენად და მოწინავე წერილების ავტორად მიიჩნეოდა და არც იუმორი აკლდა და არც ახალი ინგლისელისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა, ფორტ ბიულას ყველაზე ექსცენტრული პიროვნება გახლდათ. დორმესი სკოლის პედაგოგიური და ბიბლიოთეკის საბჭოების წევრი იყო და აუდიტორიასაც სწორედ ის წარუდგენდა ხოლმე ისეთ ადამიანებს, როგორებიც ოსვალდ გარისონ ვილარდი, ნორმან თომასი და ადმირალი ბერდი იყვნენ, როცა უკანასკნელნი ქალაქს ლექციის წასაკითხად სტუმრობდნენ.
ჯესაპი ტანმორჩილი, ხმელ-ხმელიკაცი იყო, მოღიმარი, გარუჯული სახე,თხელი, ჭაღარა ულვაში და კოხტად შეკრეჭილი ჭაღარა წვერი ჰქონდა. საზოგადოებაში, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა,წვეროსნობა ნიშნავდა აღიარებას, რომ ან ფერმერი იყავი, ან სამოქალაქო ომის ვეტერანი, ანაც მეშვიდე დღის ადვენტისტი. ცილისწამების მოყვარულები დორმესზე ამბობდნენ, წვერს იმიტომ არ იპარსავს,რომ სურს,„ინტელექტუალის“ და „განსხვავებული“ ტიპის „არტისტული“ გარეგნობით გამოირჩეოდესო. იქნებ არც ცდებოდნენ, მაგრამ ასე იყო თუ ისე, იმ მომენტში დორმესი წამოხტა და ჩაიბუზღუნა:
„მოდი, ყველანი დავმშვიდდეთ. ჩემმა მეგობარმა მისის პაიკმა უნდა იცოდეს, რომ სიტყვის თავისუფლება ნაკლებად მისაღებია, როცა არმიას აკრიტიკებ, ამერიკის რევოლუციის ქალიშვილს არ ეთანხმები და ბრბოს უფლებებს იცავ. ასე რომ, ლორინდა, ვფიქრობ, გენერალს ბოდიში უნდა მოუხადო, ჩვენ მისი მადლიერნი ვართ, რადგან მშვენივრად აგვიხსნა, რა სურს სინამდვილეში ქვეყნის მმართველ კლასს. ნუღარ აყოვნებ, ჩემო მეგობარო, წამოდექი და ბოდიში მოიხადე“.
მან ლორინდას მკაცრად შეხედა, თუმცა მედერი ქოლი, როტარის პრეზიდენტი, ბოლომდე დარწმუნებული არ გახლდათ, დორმესი სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს თუ „ღადაობდა“. მისგან ხომ გასაკვირი არაფერი იყო. დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ მოიცა, მოიცა, მგონი, შეცდა, რადგან მისის პაიკმა (ისე, რომ ფეხზე არ წამომდგარა) მხიარულად განაცხადა:
„ოჰ, დიახ! ბოდიშს გიხდით, გენერალო! დიდი მადლობა, გული რომ გადაგვიშალეთ!“
გენერალმა პუტკუნა ხელი აღმართა (სოსისებივით თითებს მასონური და სამხედრო აკადემიის ბეჭდები უმშვენებდა),რაინდ გალაჰედივით ან უფრო მეტრდოტელივით დაუკრა თავი საზოგადოებას და სამხედრო აღლუმზე გამომსვლელი ორატორის რიხით შესძახა:
„არა უშავს, არა უშავს, მადამ! ჩვენ, ძველი ვეტერანები, არ ვერიდებით ჯანსაღ კამათს. მიხარია, როცა ჩვენი სულელური იდეები აინტერესებთ და აბრაზებთ, ჰა-ჰა-ჰა!“
გენერალს ყველა აჰყვა სიცილში და ისევ სიმშვიდემ და სიტკბოებამ დაისადგურა. პროგრამის დასასრულ, ლუი როტენსტერნმა რამდენიმე მოკლე პარტიოტული სიმღერა შეასრულა: „ჯორჯიის მარშით გავლა“, „ძველი ბანაკი“, „დიქსი“, „ბებერი შავი ჯო“, „მე მხოლოდ და მხოლოდ საწყალი კოვბოი ვარ და ვიცი, ცუდად მოვიქეცი“.
ლუი როტენსტერნს მთელ ფორტ ბიულაში „კარგ ყმაწვილად“იცნობდნენ და ეს „კარგი ყმაწვილების“ კასტა ცოტათი თუ ჩამოუვარდებოდა „ნამდვილი, ძველი ყაიდის ჯენტლმენებისას“. დორმეს ჯესაპს მასთან ერთად თევზაობა და კაკაბზე ნადირობა უყვარდა; მიაჩნდა, რომ მეხუთე ავენიუს ვერცერთი თერძი მასზე უკეთ ვერ შეკერავდა სირსაკერის კოსტიუმს. მაგრამ ლუი შოვინისტი იყო. ამბობდა ხოლმე, და საკმაოდ ხშირადაც, რომ არც თვითონ და არც მამამისი პრუსიის პოლონეთის გეტოში არ დაბადებულან, იქ მისი ბაბუა დაიბადა (დორმესს ეჭვი ჰქონდა, რომ ბაბუის გვარი როტენსტერნთან შედარებით ნაკლებად გაპრანჭული და ნორდიკული იქნებოდა).ლუის გმირები იყვნენ კელვინ ქულიჯი, ლეონარდ ვუდი, დუაიტ ლ. მუდი და ადმირალი დიუი (დიუი ვერმონტში დაიბადა, რაც ლიუს ძალიან უხაროდა, თუმცა თავად ლონგ აილენდის ფლეთბუშში მოევლინა ქვეყნიერებას).
ის არათუ ასპროცენტიანი ამერიკელი იყო, ამ კაპიტალს კიდევ შოვინიზმის 40 პროცენტი ემატებოდა. როგორც კი შემთხვევა ჩაუვარდებოდა, ამბობდა ხოლმე: „ეს უცხოელები უნდა მოვაშოროთ აქედან, ურიებს, ბადრიჯნებს, ყვითლებს და სპაგეტიჭამიებს ვგულისხმობ“. ლუი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ თუ უგუნური პოლიტიკოსები თავიანთ ჭუჭყიან ხელებს არ ააფათურებდნენ ბანკების, ბირჟის და უნივერსალური მაღაზიების ნოქრების საქმეში, მაშინ ამ ქვეყანაში ყველა იხეირებდა, როგორც აყვავებული ბიზნესის ბენეფიციარი, და თითოეული (საცალო გაყიდვის კლერკების ჩათვლით) აღა-ხანივით გამდიდრდებოდა.
ლუი არა მარტო ბიდგოშჩის საეკლესიო გუნდის მგალობლის გულში ჩამწვდომი ხმით ამღერდა, არამედ სიმღერაში მთელი თავისი ნაციონალური მგზნებარება ჩააქსოვა და ამიტომ, როცა მისამღერს ასრულებდა, ყველა იქ დამსწრე აჰყვა. მისის ადელაიდა ტარ-გიმიჩმა საკუთარი განთქმული კონტრალტოთი, სარკინიგზო სადგურის დიქტორს რომ შეშურდებოდა,განსაკუთრებით გამოიდო თავი.
სადილი დასრულდა და ყველანი ერთმანეთს ხმაურიანად და მხიარულად ემშვიდობებოდნენ. დორმესმა თავის ცოლს, ემას, მშვენიერ, კეთილ და მზრუნველ ქალს, ქსოვის, პასიანსის და ქეთლინ ნორისის რომანების მოყვარულს, ჩურჩულით ჰკითხა:
„როგორ ფიქრობ, ცოტა ზედმეტი ხომ არ მომივიდა?“
„არა, დორმეს, სწორად მოიქეცი. ლორინდა პაიკი მეც მიყვარს, ოღონდ ვერ გამიგია,რატომ სურს, ყოველ ჯერზე ეს თავისი სულელური სოციალისტური იდეები საჯაროდ გამოთქვას?“
„ოჰ, შე გამოუსწორებელო კონსერვატორო!“ – უთხრა დორმესმა, – „ხომ არ გინდა, ეს სიამის სპილო, გიმიჩი შინ მოიპატიჟო?“
„სულაც არა!“ – უპასუხა ემა ჯესაპმა.
საბოლოოდ, როცა როტარელები დაიშალნენ და თავ-თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ, ფრენკ თეზბროუმ მამაკაცების რჩეული საზოგადოება, მათ შორის დორმესიც, წვეულების გასაგრძელებლად თავისთან მიიპატიჟა.
თარგმნა თაკო ჭილაძემ
