* * *
სადილის საუცხოო კულმინაცია მისის ადელაიდა ტარ-გიმიჩის გამოსვლა იყო, მას მთელი ქვეყანა „იონკების გოგოდ“ იცნობდა, რადგან მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ძალების ბიჭებს იანკების ნაცვლად „იონკებს” ეძახდა. ამ ქალბატონმა მხოლოდ დომინოებით არ მოამარაგა ჯარისკაცები, მისი პირველი ჩანაფიქრი ბევრად უფრო ორიგინალური იყო -ფრონტის ხაზზე მყოფი თითოეული ჯარისკაცისთვის გალიაში ჩასმული პატარა იადონების გაგზავნა სურდა – ხომ წარმოგიდგენიათ,რამხელა ნუგეში იქნებოდა, გულს გადააყოლებდნენ, დედა და სახლი გაახსენდებოდათ! პატარა საყვარელი იადონები! ვინ იცის, ეგებ ჯარისკაცებს მათთვის ტილების პოვნაც ესწავლებინათ!
ამ იდეით შეპყრობილმა მისის ტარ-გიმიჩმა გენერალურ კვარტისმეისტერს მიმართა, მაგრამ იმ გაბღენძილმა, გულქვა მოხელემ უარი სტკიცა (ან, უფრო სწორად, იმ საწყალ ბიჭებს სტკიცა უარი, ბინძურ სანგრებში რომ იწვნენ მოწყენილები),სისულელე მოროშა ლაჩრულად, იადონების გაგზავნის საშუალება არ მაქვსო. როგორც ამბობენ, გაბღენძილ მოხელეს ქალმა პენსნეიანი ჟანა დარკივით დაუკვესა თვალები და „რაღაც ისეთი უთხრა მშვიდად, ვერასოდეს რომ ვერ დაივიწყებს“.
იმ მშვენიერ დღეებში ქალებს მართლაც რომ ხელსაყრელი შანსი ეძლეოდათ, ომში გაეშვათ თავიანთი ან სხვების ახლობელი მამაკაცები. მისის გიმიჩი ყოველ შემხვედრ ჯარისკაცს, რომელიც გაბედავდა და თუნდაც ორი კვარტლის მანძილზე მიუახლოვდებოდა, „ჩემო საყვარელო ბიჭო“-თი მიმართავდა ხოლმე. ყველას პირზე ეკერა ის ამბავი, ერთხელ თურმე სამხედრო-საზღვაო ძალების ახლად დაწინაურებულ პოლკოვნიკს რომ მიესალმა ასე, მან კი უპასუხა, საყვარელ ბიჭებს რაღაც ძალიან ბევრი დედიკო გამოგვიჩნდა ამ ბოლო ხანს, ნეტა,საყვარლებიც ამდენივე გვყოლოდაო. და ამისთვის, პოლკოვნიკის მაჯის საათს თუ დავუჯერებთ და ჩახველებას არ ჩავთვლით, მისის გიმიჩი მას ზუსტად ერთ საათს და ჩვიდმეტ წუთს შეუსვენებლად ტუქსავდა.
მაგრამ მისის გიმიჩის ღვაწლი საზოგადოების წინაშე მხოლოდ პრეისტორიული ხანით არ შემოიფარგლებოდა. სულ ცოტა ხნით ადრე, 1935 წელს,მან კინოფილმების „განწმენდა“ ითავა, მანამდე ჯერ „მშრალი კანონის“ მხარდამჭერი იყო, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ილაშქრებდა,ამას გარდა, 1932 წელს (რაც ხმის უფლება თავს მოახვიეს) რესპუბლიკელების კომისიის წევრი გახდა და პრეზიდენტ ჰუვერს ყოველდღე გრძელი ტელეგრამით საჭირო რჩევებს უგზავნიდა.
და კიდევ, მართალია,მისის ტარ-გიმიჩი თავად,სამწუხაროდ, უშვილო იყო, მან ბავშვებთან დაკავშირებულ თემებზე წაკითხული ლექციებით, საბავშვო ლექსების მთელი ტომით და ერთი უკვდავი ორტაეპედითაც გაითქვა სახელი.
თუმცა,1917 წელსაც და 1936-შიც,იგი მუდამ „ამერიკული რევოლუციის ქალიშვილების“ თავგადადებული წევრი გახლდათ.
ეს „არქ“ (ასე ფიქრობდა ცინიკოსი დორმეს ჯესაპი) რაღაც დიდი გაუგებარი ორგანიზაცია იყო, ისეთივე გაუგებარი, როგორიც თეოსოფია, ფარდობითობის თეორია ან ინდუსების მაგიური ფოკუსებია,რადგან სამივეს ჰგავდა. ორგანიზაცია ქალებისგან შედგებოდა,ისინი ყოველი დღის ერთ ნახევარს ტრაბახში ატარებდნენ, 1776 წლის მეამბოხე ამერიკელი კოლონისტების შთამომავლები ვართო, დღის მეორე, უფრო მგზნებარე ნახევარს კი თანამედროვე პოლიტიკოსებზე თავდასხმაში, სწორედ იმ პრინციპებს რომ ქადაგებდნენ, რომელთა დასაცავადაც მათი საამაყო წინაპრები იბრძოდნენ.
„ამერიკის რევოლუციის ქალიშვილები“ (დორმესის აზრით) კათოლიკური ეკლესიასავით ან ხსნის არმიასავით წმინდა და ხელშეუხებელი ორგანიზაცია გახდა, ისეთი, გაკრიტიკებას რომ არ ექვემდებარება, ოღონდ ერთი განსხვავებით: ჭკუადამჯდარ ადამიანს მართლაც გულიანად გააცინებს – მოახერხა, უდროოდ გარდაცვლილი კუ კლუქს კლანივითკომიკური გამხდარიყო და ამისთვის განსაკუთრებული სამოსიც არ დასჭირდა, მაგალითად, ამ კლანის წევრების შტერული მაღალი ქუდების და ერთნაირი ღამის პერანგების მსგავსი.
ასე რომ, მნიშვნელობა არა აქვს, მისის ადელაიდა ტარ-გიმიჩს სამხედრო მორალისგანსამტკიცებლად მიიწვევდნენ თუ ლიტვური საგუნდო საზოგადოების შესაგულიანებლად, პროგრამა „კოლუმბია, ოკეანის თვალო“-თი გაეხსნა, ის ყველგან და ყოველთვის „ამერიკის რევოლუციის ქალიშვილების“ მგზნებარე წევრად რჩებოდა და იმ ბედნიერ მაისის საღამოს ფორტ ბიულას როტარელებისთვის წარმოთქმული მისი სიტყვა რომ მოესმინა, ნებისმიერი თქვენგანი ამაში თავად დარწმუნებოდა.
მისის ადელაიდა დაბალი, მსუქანი, ცხვირპაჭუა ქალი გახლდათ. ახალი, ხეშეში ჩალის ქუდიდან ხშირი ჭაღარა თმა მოუჩანდა (უკვე სამოცი წლისა იყო, სწორედ იმ გესლიანი რედაქტორის, დორმეს ჯესაპის ტოლი),აბრეშუმის ჭრელი კაბა ეცვა, ყელზე ბროლის ქვების უშველებელი ასხმა ეკიდა, სავსე მკერდზე მინდვრის შროშანებს შორის მოქცეული ორქიდეა დაებნია. ყველა იქ დამსწრე მამაკაცის მიმართ კეთილგანწყობას ავლენდა, თითოეულ მათგანს ელაქუცებოდადა ფლეიტასავით ნაზი და შოკოლადივით ტკბილი ხმით ღუღუნებდა: „როგორ შეგიძლიათ, თქვენ, ბიჭებს, დაგვეხმაროთ ჩვენ, გოგონებს“.
მისის ტარ-გიმიჩმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქალებმა ხმის უფლება ვერ გამოიყენეს. 1919 წელს შეერთებულ შტატებს მისთვის რომ დაეჯერებინა, ამ თავსატეხს აირიდებდა. არა და არა! არავითარი ხმის უფლება! უპირველეს ყოვლისა, ქალმა თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს ოჯახში და, „როგორც დიდი ავტორი და მეცნიერი, მისტერ არტურ ბრისბეინი აღნიშნავდა, ის, რაც ყველა ქალმა აუცილებლად უნდა გააკეთოს, ექვსი შვილის გაჩენაა“.
ამ დროს მოულოდნელად სიტყვა თავხედურად შეაწყვეტინეს.
ეს ლორინდა პაიკი გახლდათ, ცნობილი უნიტარიანელი მქადაგებლის ქვრივი, რომელიც შესანიშნავ პანსიონს,„ბიულას ველის ტავერნას“ განაგებდა. ლორინდას მადონასავით მატყუარა, ახალგაზრდული გარეგნობა და მშვიდი გამოხედვაჰქონდა, ფაფუკი წაბლისფერი თმა შუაზე გადაეყო, მის ნაზ ხმას სიცილი შვენოდა, მაგრამ როცა საჯაროდ წარმოთქვამდა სიტყვას, ხმა უმჭახდებოდა და თვალები რისხვით უელავდა. ნამდვილი სოფლელი აშარი დედაკაცი და დიდი ახირებული ქალი იყო. სულ მუდამ ცხვირს ყოფდა იმ საქმეებში, მას რომ არ ეკითხებოდა და ქალაქის შეკრებებზე მთელი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას ყველაფერს აკრიტიკებდა: ელექტროკომპანიის ტარიფებს, სკოლის მასწავლებლების ხელფასს, სასულიერო პირთა ასოციაციის ცენზურას წიგნებზე საჯარო ბიბლიოთეკებში.და ახლა, როცა ყველა ამაღლებულ და ხალისიან განწყობაზე იყო, მისის ლორინდა პაიკმა თავისი დამცინავი შენიშვნით ეს მომნუსხველი ატმოსფერო წამში გააცამტვერა:
„ბრისბეინს გაუმარჯოს! მაგრამ, კაცი თუ ვერ გამოიჭირა, რა ქნას საწყალმა გოგომა? უკანონოდ გააჩინოს ექვსი შვილი?“
ამ დროს კეთილი გიმიჩი,ბებერი მეომარი ცხენი, მავნებელი წითლების წინააღმდეგ გაჩაღებული ასობით კამპანიის ვეტერანი და ყაყანა სოციალისტების მასხრად აგდებაში გამოწრთობილი, გაბედულად ჩაება პოლემიკაში:
„ჩემო ძვირფასო ქალბატონო, თქვენ იკითხეთ, რა ქნას საწყალმა „გოგომაო“, მოგახსენებთ, თუ „გოგო“ საკმარისად მომხიბვლელი და ქალურია, არ დასჭირდება ვინმეს „გამოჭერა“, მისი სახლის კართან ათობით თაყვანისმცემელი მოგროვდება“. (სიცილი და ტაში)
თავზე ხელაღებულმა ლედიმ მხოლოდ და მხოლოდ გააღვივა მისის გიმიჩის კეთილშობილური გრძნობები,იგი უკვე აღარავის მოერიდა და იფეთქა:
„რას გეტყვით, იცით, ჩემო მეგობრებო, ამ ქვეყნის მთელიუბედურება ისაა, რომ ძალიან ბევრი ეგოისტი გვყავს! ასოცი მილიონი ადამიანიდან 95 პროცენტი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, იმის ნაცვლად,კეთილდღეობა რომ დავიბრუნოთ,გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ბიზნესმენებს! ეს გამყიდველი პროფკავშირები, მარტო გამორჩენაზე რომ ფიქრობენ! გაუმაძღრები! მარტო ის ადარდებთ, საცოდავ დამქირავებლებს რაც შეიძლება მეტი ხელფასი გამოსძალონ, არადა, მთელი პასუხისმგებლობა დამქირავებლებს აკისრიათ!
„ამ ქვეყანას ყველაზე მეტად დისციპლინა სჭირდება! მშვიდობაზე ოცნება შეიძლება ოცნებადვე დარჩეს! ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ… იქნებ ჩემმა ნათქვამმა თავზარი დაგცეთ, მაგრამ მინდა მოუსმინოთ ქალს, რომელიც მწარე ჭეშმარიტებას მოგახსენებთ და არა რაღაც ტკბილ მონაჩმახს. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ვისწავლოთ, რა არის დისციპლინა, ჩვენ ახალი, რეალური ომი გვჭირდებადა არა ეს სნობები, ინტელექტუალები და წიგნიერები. ალბათ არც ესაა ცუდი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ზრდასრული ადამიანების საყვარელი სათამაშოა, სხვა არაფერი. არა, თუ გვინდა, ამ დიადმა ქვეყანამ ძლიერი პოზიცია შეინარჩუნოს ერთა კონგრესში, ამისთვის აუცილებელია დისციპლინა, სულის სიმტკიცე და ღირსება!“
მერე გენერალ ეჯვეისს მიუტრიალდა და კეკლუცად მოღიმარმა უთხრა:
„გენერალო, თქვენ სულ იმაზე გველაპარაკებით, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, მაგრამ მოდი,ერთხელ აღიარეთ სიმართლე, გამოგვიტყდით ჩვენ, როტარელებს! გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით, ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანს ნუთუ არ გგონიათ, რომ შეიძლება… როცა მთელი ქვეყანა ფულზეა შერყეული, როცა ეს პროფკავშირები და მუშები საშემოსავლო გადასახადის გაზრდას ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მუყაითებმა და ყაირათიანებმა უსაქმურებს და უმაქნისებს უნდა ფული უხადონ…იქნებ მათი უნდილი სულების გადასარჩენად და გასამხნევებლად ომი საჭირო იყოს? მოდი, ახლა მაინც გვითხარით ალალად, ჩემო გენერალო!“
მან სიტყვა ასე დრამატულად დაასრულა და დაჯდა თუ არა,მქუხარე ტაშმა ოთახი ღუნღულა ბუმბულის ღრუბელივით გაავსო. ყველა ერთხმად აღრიალდა: „მოდი, გენერალო, გაეცით პასუხი! ხომ ხედავთ, გამოგიწვიათ!“ზოგმა უფრო შემწყნარებლურად შეუძახა: „აბა, ჰე, გენერალო!“
გენერალი დაბალი და მრგვალი კაცი იყო, წითელ, ჩვილის ტაკოსავით გლუვ სახეს ოქროსჩარჩოიანი სათვალე უმშვენებდა, თუმცა ისე ფრუტუნებდა, როგორც სამხედროებს სჩვევიათ და ჩახითხითებაც ვაჟკაცური იცოდა.
„კეთილი“, – ჩაიცინა გენერალმა, ფეხზე წამოდგა და მისის გიმიჩს მეგობრულად, ვითომდა მუქარით თითი დაუქნია, – „რადგან პირი შეკარით და გადაწყვიტეთ, საცოდავ ჯარისკაცს საიდუმლო გამოსძალოთ, ჯობს, გამოვტყდე და გითხრათ, რომ მართალია, ომი მეჯავრება, მაგრამ ომზე უარესი ვითარებაც არსებობს. ეჰ, ჩემო მეგობრებო, თანაც ბევრად უფრო უარესი! და ეს ვითარება ეგრეთ წოდებული მშვიდობაა, რომლის დროსაც მშრომელთა ორგანიზაციებს ანარქისტული წითელი რუსეთის შეშლილი იდეები შავი ჭირის მიკრობებივით მოედო! ვითარება, როდესაც უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ჟურნალისტები და გამოჩენილი მწერლები ჩუმ-ჩუმად ილაშქრებენ ძველი, დიადი კონსტიტუციის წინააღმდეგ! ეს არის ვითარება, როცა სულიერი ნარკოტიკით გაბრუებული ერი უძლურდება, მხდალი და ხარბი ხდება, მეომრულ სულისკვეთებას და სიამაყეს კარგავს! არა, ომის შემზარაობები ახლოსაც ვერ მივა ამგვარ „მშვიდობასთან“!
„ეტყობა, წინა გამოსვლაში მხოლოდ ყველასთვის ცხად ფაქტებზე ვილაპარაკე, ამას „ძველ ქუდს“ ეძახდნენ, ჩემი ბრიგადა ინგლისში როცა იდგა. ვთქვი, შეერთებული შტატები მხოლოდ მშვიდობას ესწრაფვის და სხვების პრობლემებთან ხელი არა აქვს-მეთქი. არა! სინამდვილეში, იცით, რა მინდა? მსურს, მთელ მსოფლიოს განვუცხადოთ: „ჩემო ბიჭუნებო, მოდი, ახლა მორალური მხარე დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და ძალაუფლება ყველაფერს ამართლებს!“
„მე სულაც არ გახლავართ აღფრთოვანებული ყველაფრით,რაც გერმანიასა და იტალიაში მოხდა, მაგრამ ისინი ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას, რადგან საკმარისად პატიოსნები და რეალისტები აღმოჩნდნენ, სხვა დანარჩენი ერებისთვის რომ ეთქვათ: „იცით რა, თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ!“ ჩვენ გვაქვს ძალა და ნება და ყველა, ვისაც ღვთისგან ეს თვისებები ებოძა, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის, ისინი გამოიყენოს! ამ დალოცვილ სამყაროში სუსტი არავის უყვარს – თავად სუსტებსაც არ უყვართ საკუთარი თავი!
„ერთ კარგ ახალ ამბავსაც გეტყვით! ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის ეს წმინდა, შემტევი ძალის მრწამსი სწრაფად ვრცელდება. დღეს, 1936 წელს, უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ შვიდმა პროცენტმა არ შემოიღო ისეთივე უმკაცრესი სამხედრო წვრთნა, როგორიც ნაცებს აქვთ. თანაც ადრე ამას ხელისუფლება ითხოვდა, ახლა კი მამაცი ახალგაზრდა კაცები და ქალები თავად მოითხოვენ სამხედრო ხელოვნების სწავლის უფლებას… მეტიც, გოგონები, რომლებიც ავადმყოფების მოვლას, აირწინაღების და ამდაგვარი რამეების დამზადებას სწავლობენ, მონდომებით ტოლს არ უდებენ თავიანთ ძმებს! და ყველა ნამდვილად მოაზროვნე პროფესორი მათ ემხრობა!