ამ სიაში წარმოდგენილი იქნება ოცდამეერთე საუკუნეში გადაღბული ფილმები, რომლებშიც მოქმედება, დროის უმეტესი ნაწილი ან საერთოდ მთლიანი ქრონომეტრაჟის მანძილზე, ერთ ლოკაციაზე, ინტერიერში ვითარდება.

 

 

10. Pontypool

ერთი შეხედვით „პონტიპული“ შეიძლება ზომბების შესახებ მორიგ საშინელებათა ფილმად აღიქვა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ცოტათი უფრო კომპლექსურ ხასიათს ატარებს. ფილმში ადამიანებს მოძალადე, გონიერებისგან დაცლილ, მხოლოდ სამომხმარებლო მოთხოვნებზე დაყვანილ არსებებად არა რაიმე ეკოლოგიური კატასტროფა ან ქიმიური ცდების არასწორად წარმართვა, არამედ ენა აქცევს. ფილმში მთავარი ვირუსი ლინგვისტიკაა. მოქმედება ზამთრის სუსხიან ღამეს, რადიოსადგურში მიმდინარეობს, გარე სამყაროს შესახებ კი მხოლოდ აუდიო სიხშირეზე მოგვდის ხმები. რეჟისორი მნიშვნელოვანი სოციალური კომენტარის პარალელურად განგაშის განცდას მარტივად ქმნის რაფინირებულ სივრცეში მთავარი პერსონაჟის გამომწყვდევით. აქ ვერ ნახავთ კონკრეტული მონსტრის სახეს, მაგრამ არსებულ საფრთხეს ბოლომდე შეიგრძნობთ.

 

 

9. Locke

„ლოკი“ მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე მანქანის სალონში, საჭესთან მჯდომ, მოძრაობაში მყოფ ივან ლოკს გვიჩვენებს, რომელიც ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის: სამსახურში მნიშვნელოვანი მშენებლობა იგეგმება და ყველაფერი დროულად უნდა მოესწროს, სახლში ცოლი და შვილები კითხულობენ რატომ არ ბრუნდება ამდენხანს, საავადმყოფოში ქალს მშობიარობა ეწყება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიუსწროს, იმიტომ, რომ ბავშვის მამაა. მარტივად რომ აღვწერო, მთელი ფილმი ტომ ჰარდი საჭესთან ზის, მანქანას მართავს და ძალიან ბევრ სატელეფონო ზარს ანხორციელებს. მთავარი აქ ის მორალური დილემაა, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა უნდა გადაჭრას სწორი არჩევანის გაკეთებით და დაირღვიოს დიდი ძალისხმევით ნაშენები კომფორტის ზონა. ტომ ჰარდი კარიერის საუკეთესო პერფორმანსს გვთავაზობს როლში და ემოციათა ფართო სპექტრს გვიშლის მონოტონური და მჭიდრო სივრცის ფონზე. რაც მთავარია, ყველაფერი ავთენტურია დიალოგებიდან ვიდრე ემოციებამდე და მარტივად აჩენს ჩართულობას. ის რაც ბოლომდე ვერ განახორციელა დევიდ კრონენბერგმა „კოსმოპოლისში“, მოახერხა ბრიტანელმა რეჟისორმა სტივენ ნაითმა – შექმნა ადამიანის მიკრო სამყარო ავტომობილის სალონში, რომლიდან გაუსვლელადაც წარმოაჩინა თავის პერსონაჟის ყველა პრობლემა, განცდა და მოტივაცია.

 

 

8. Buried

რეჟისორმა როდრიგო კორტესმა მოახერხა და შექმნა დაძბული, საინტერესო და ემოციური სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მოქმედება პირველიდან ბოლო წამამდე კუბოში ვითარდება. რაიან რეინოლდსი მოულოდნელად კუბოში ახელს თვალს და ის სასოწარკვეთა, პანიკური შეტევა და სიტუაციის ტრაგიკულობის რეალიზაცია, რომელიც მალევე აღიბეჭდება მის სახეზე, მაყურებელშიც პოვებს რეზონანსს. მობილური ტელეფონის ეკრანით და ზიპოს განათებით, ყველაზე კლაუსტროფობიულ სივრცეში რაც ეკრანზე გინახავთ, რეჟისორი კორტესი სატირულ სურათს აღმართავს ამერიკის ერაყში ინტერვენციაზე. ამასთან ფილმში უხვადაა ჰორორის ელემენტები, გულის გამგმირავი საუბრები და საფინალო თვისთი, რომელის შემდეგაც თქვენი ნერვული დაბოლოებები ერთდროულად გაიკეთებენ ჰარაკირს.

 

1 2 3