7. The Mist

ფრენკ დარაბონტს სასამართლო წესით უნდა მიუსაჯონ სტივენ კინგის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოების კინოადაპტაციის შექმნა, რადგან საუკეთესოდ კინგის დიდ ეკრანზე განვრცობა მხოლოდ მას შეუძლია (”მწვანე მილი”, ”გაქცევა შოუშენკიდან”). „ნისლი“ საუკუნის ერთ-ერთი სუკეთესო ჰორორია, რომელიც თანაბრად ცდილობს მოყვეს საინტერესო ისტორია, გააკეთოს სოციალური კომენტარები და გამოიწვიოს ძრწოლვა. კინგის საყვარელი საკითხი, აქციოს ადამიანი მონსტრზე საშიშ არსებად, იდეალურ ხორცშესხმას პოვებს დარაბონტის პრიზმაში და სუპერმარკეტში გამოკეტილ ხალხს/მაყურებელს წამით არ აძლევს უსაფრთხოების განცდას. რელიგიური ფუნდამენტალიზმის საშიშროებაზე კინგის ვიზუალურ თარგმანს ვულგარულობის და შიზოფრენიის გარეშე ახდენს დარაბონტი. დასასრულს კი თავისებურ კლიმაქსს და ანტიკლიმაქსს გვთავაზობს ერთდროულად, რაც წიგნისგან განსხვავებულ, მაგრამ დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას იძლევა.

 

 

6. Moon

იზოლაცია და გაუცხოება ის მთავარი თემებია, რომელსაც დანკან ჯონსი თავის ფილმში „მთვარე“ ეხება. 60-70 წლების კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილში რეჟისორი იკვლევს საკითხს თუ რისგან იქმნება ადამიანის იდენტობა, რამდენად მყარია და როგორ ვლინდება ის. ამ ყველაფრის დემონსტრირებისათვის იდეალური ლოკაციაა მთვარე, სადაც მთავარი პერსონაჟი სემი სრულ მარტოობაში იმყოფება თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ ინტელექტს. შუაში, როდესაც მთავარი გმირის რეალობა ფალსიფიკაცია აღმოჩნდება, ვიგებთ, რომ მისთვის იდენტობის წართმევის და გაუცხოების შემოქმედი ის კორპორაციაა, რომელიც ხელმძღვანელობს კოსმოსურ მისიას. სემმა არ იცის, რომ ის სხვისი ასლია, ამის შესახებ არც საზოგადოებამ იცის და ალბათ არც სურს რომ იცოდეს, რადგან სემი მასების კომფორტისთვის გაღებული მსხვერპლია. ფილმში წამოჭრილ საყურადღებო თემებს ემატება კლინტ მანსელის სტანდარტულად გრანდიოზული მუსიკალური გაფორმება და სემ როკველის შთამბეჭდავი პერფორმანსი, სადაც ის ზედმეტი ექსპრესიის გარეშე, ისეთივე ენერგიისგან დაცლილ ადამიანს გვიჩვენებს, როგორიც ფილმის ატმოსფერო და თავად მთვარეა.

5. The One I Love

The one I love თავიდან ჩვეულებრივი რომანტიკული კომედიის მსგავსად იწყება, თუმცა გზად ემატება გროტესკულობა, ჰორორის კალიბრის სიუჟეტური განვითარება, მისტიკა და ცოტათი სამეცნიერო ფანტასტიკაც. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი სიმბოლიზმის დონეზე მნიშვნელობს. ფილმის აღქმა ორ სხვადასხვა ჭრილში ხდება: პირველი, როდესაც ყურების პროცესში ხარ, იცინი ხუმრობებზე, გაკვირვებს მოულოდნელობები, იძაბები ნანახით და ა.შ. და მეორე, როდესაც ფილმის დასრულების შემდეგ მისი გაანალიზებისას რადიკალურად განსხვავებული ნარატივი ვითარდება და რომანტიკული ურთიერთობების, სიყვარულის და თანაცხოვრების შესახებ ყურადსაღებ და გამოსადეგ რჩევებს ღებულობ.

 

 

4. Tape

რიჩარდ ლინკლეიტერი კინოში რეალური დროის ფიქსირებას საუკეთესოდ ახერხებს. იქნება ეს ერთ დროის ხაზზე რამდენიმე დაუკავშირებელი ისტორიის მოყოლა (Slacker) თუ შვიდ წლიანი პაუზები ფილმის პერსონაჟებსა და მაყურებლის ცხოვრებას შორის (Before trilogy). თავის 2001 წლის ფილმში „ჩანაწერი“ მოქმედება რეალურ დროში მიმდინარეობს, ანუ მაყრებლისთვის საათნახევრის მსვლელობა ფილმში საათნახევრის მსვლელობის ექვივალენტურია. ლინკლეიტერი მოქმედებას მოტელის პატარა ოთახში ანვითარებს და ამ შეზღუდულ პირობებში საოცრად დიდ თავისუფლებას იძენს. მსახიობები თითქმის სულ ობიექტივშის წინ არიან, არ იცვლება ხედი, კამერა არ ტოვებს ოთახს, არ წყდება საუბარი და ამის პარალელურად, ყველაფერი ძალიან თავისუფლად, ბუნებრივად და რეალისტურად ხდება. ითენ ჰოკი, უმა თურმანი და რობერტ შონ ლეონარდი ვერც ამჩნევენ პატარა სივრცეში მათ წინ მდგომ ოპერატორს, ხელში ციფრული კამერით და მის უკან მდგომ რეჟისორს. ისინი საათ ნახევრის მანძილზე კოლეჯის მეგობრები არიან, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. ფილმში არაფერია ისეთი, რასაც ვიზუალურად დააკვირდები, ექსტერიერი უსულო და მონოტონურია, ამიტომ გონება მთლიანად ერთვება დიალოგების აღქმაზე და შემდეგ აქედან მოდის ცვალებადი ემოციები, რადგან პირველი კადრიდან ბოლო კადრამდე შეუძლებელია ერთი კონკრეტული პერსონაჟისადმი სიმპათიები შეინარჩუნო, ინტერიერის გარდა აქ ყველაფერი იცვლება, ხასიათები, მოტივები, გრძნობები თუ თემები. ლინკლეიტერი იდეაზე კონცენტრირდება და სტილს უარყოფს, თუმცა ეს უარყოფაც თავისებურ სტილს ქმნის, ლინკლეიტერის სტილს, რომელიც მუდამ იდეების სამსახურშია.

 

 

1 2 3