3. Dogtooth

ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი თავის სადებიუტო ფილმში, ახლა უკვე ნაცნობ ფარსის სარჩულს აკრავს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა შესახებაც მეტაფორებით გვესაუბრება. „ეშვი“ პატრიარქალური ოჯახის, როგორც სახელმწიფო მოდელის მინიატურაა, სადაც ტოტალიტარული წესრიგი სუფევს სიმართლის ფაბრიკაციით, რეალობის გაყალბებით და ცოდნის დამალვით. ჰერმეტულად დახშული ატმოსფერო თანაზიარს გხდის იმ უჰაერობის, რომელიც ფილმში სუფევს. ახალგაზრდობა, რომელსაც გარე სამყაროს დამალვით ზრდიან, საგნებს შეცვლილი მნიშვნელობით აღიქვამენ. მათთვის კატა მომაკვდინებელი მტაცებელი ცხოველია, ფრენკ სინატრა კი ნათესავი, რომელიც Fly me to the moon-ს დედ-მამის სიყვარულზე და მორჩილებაზე მღერის. ავტორიტარული ინსტიტუტების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის გამოყენებული ძალადობრივი მეთოდების ჩვენებით რეჟისორი ბრწყინვალედ აბალანსებს აბსურდს და ტრაგედიას, რასაც რეალობის გააზრება გაცილებით უფრო მტკივნეულად მოაქვს, ვიდრე ამას პირდაპირი ნათქვამი მოახერხებდა.

 

 

2. The Hateful Eight

მინის გალანტერეა, სადაც კვენტინ ტარანტინო თავისი ფილმის პერსონაჟებს მიუჩენს დროებით თავშესაფარს, მეცხრამეტე საუკუნეში მიმდინარე სიუჟეტის მიუხედავად, გამოძახილს დღვანდელ რეალობაში პოულობს. ტარანტინო ჩაგვრის ისტორიულ ფენომენზე გვიყვება, კლასობრივი, გენდერული, რასობრივი ჩაგვრის, რომელთა აღწერაც, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ამ ყოველივემ უბრალოდ ფორმა და ზედაპირი შეიცვალა, თორემ ისე არსად გამქრალა. საოცარი სამსახიობო შესრულება უკლებლივ ყველა მოქმდი პირისგან, საოცრად მომნუსხველი გარემო და თვალისმომჭრელი ოპერატორული ნამუშევარი ფილმს ერთ-ერთ საუკეთესო ინტერიერზე ორიენტირებულ სურათად აქცევს, რაც ოდესმე გადაღებულა.

 

 

1. Dogville

ლარს ვონ ტრიერის „დოგვილი“ უნივერსალურ ენაზე მოსაუბრე ფილმია. მის სივცულ გარემოში, სადაც არ არსებობს ინტერიერი და ექსტერიერი, მთელი სამყაროა წარმოდგენილი. უფრო სწორად, ნეოლიბერალური, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მაგრამ ამ იდეების უარმყოფელი ქვეყანა და საზოგადოება, რომლის მახასიათებლებშიც მრავალი გეოგრაფიული ერთეული შეიძლება გაგახსენდეთ. ტრიერი ქმნის პოლიტიკურ მანიფესტს და ახლიდან წერს ძველ აღთქმას. ის აკრიტიკებს საზოგადოებრივ მორალს და ღირებულებებს, ლიბერალურ იდეოლოგიას, დემოკრატიული სისტემის ძალაუფლებას, ეკონომიკურ და რასულ უთანასწორობას და ა.შ. ტრიერი თანამედროვე ამერიკულ ფოლკლორს აწარმოებს, ისტორიას, რომელიც ძილის წინ უნდა მუყვეს მშობელმა შვილს. ის როგორც ყოველთვის ძლიერი სატირის გარსით საზღვრავს თავის ქრესტომათიული მნიშვნელობის სურათს. საბოლოოდ, თანამედროვე კაპიტალისტური სოციო-პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის ცინიკურად და ავთენტურად ილუსტრირების შედეგად, ხელთ გვრჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც ჩაგვრის და უთანასწორობის წინააღმდეგ შექმნილა.

 

 

 

1 2 3