ესაუბრა მარტინ ლეგროსი. 24.02.2016

უმბერტო ეკო – წარმოშობით ფილოსოფოსია, თუმცა ინტელექტუალურ ლეგენდად რომანებისა და კოსმოპოლიტური ესეების მეშევეობით იქცა. ყველა საკითხის მიმართ მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე წარმოაჩენს, თუ როგორი სახალისოა აზროვნება.

უმბერტო ეკო საიდუმლოებით მოცული ფიგურად ითვლებოდა. როგორ იქცა პიემონტის უბრალო ოჯახში დაბადებული ბიჭი კოსმოპოლიტ ინტელექტუალად? ეკოს პაპა მესტამბე იყო, მამა – ბუღალტერი. ომის პერიოდი მთებში გაატარა დედამისთან ერთად, სადაც დონ ბოსკოს სალეზიურმა ორდენმა შეიფარა და წმინდა თომა აკვინელის ფილოსოფიისადმი სიყვარული გაუღვიძა. როგორ იქცა ეს შუა საუკუნეებისადმი მიძღვნილი წარმატებული დედექტივებისა და ეპოქის სულისკვეთებით გამსჭვალული რამდენიმე ირონიული ესეის ავტორი სწავლულად, რომელიც  მთელ მსოფლიოს – პეკინიდან სან პაულოს გავლით პარიზამდე –  ჯადოქარივით გარშემო უვლიდა და ინტელიგენტური მხიარულებით ჰყვებოდა  სიმულაკრის ტრიუმფსა და წიგნის დაცემაზე, შეთქმულების თეორიებსა და ჩარლი ბრაუნზე, როგორც “საყოველთაო ცნობიერების მომენტზე“? ამ საიდუმლოს ამოსახსნელად მას ლუვრში შევხვდით, სადაც მან 2012 წელს Trans Cultura-ს ინსტიტუტის ინიციატივით ევროპელი და ჩინელი მხატვრების, არქიტექტორებისა და ინტელექტუალების კომისია შექმნა. რა მიზნით? ეს იყო ერთგვარი ინტელექტუალური ვარჯიშის პრაქტიკა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია, თუკი ჩვენ გვინდა არსებულ კულტურათაშორის დაპირისპირებებს თავი დავაღწიოთ. ამას იგი უწოდებს “გონებრივ მრავალენოვანებას”, ე.ი. არა მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკს, არამედ კულტურათა შორის არსებული უმცირესი თუ ფუნდამენტური განსხვავებების შემჩნევის უნარს.

 

 

 

რომანისტი, შუა საუკუნეების ისტორიკოსი, მასკულტურის კრიტიკოსი, სემიოტიკოსი, მიმომხილველიმრავალმხრივი ინტელექტუალი ხართ. მაგრამ დაიწყეთ ფილოსოფიით. ეს თქვენი პირველი მოწოდება იყო?

სულ გინდა, რომ ცხოვრებაში  ბევრ საქმეს შეეჭიდო. სამი წლის რომ ვიყავი, მატარებლის მემანქანეობა მინდოდა. ხოლო ეს მოწოდება გამიჩნდა გიმნაზიაში, სადაც მყავდა შესანიშნავი მასწავლებელი. ასევე ორი უფროსი მეგობარიც, რომლებიც ფილოსოფიას სწავლობდნენ და სულ იმას ცდილობდნენ ჩემთვის ეჩვენებინათ, რა ბრიყვი ვიყავი. სწორედ ამან  გამიღვიძა სიამაყე! მიუხედავად ამისა, ბრძოლა მომიხდა, რომ ფილოსოფიის შესწავლის უფლება მომცემოდა. მამაჩემი ცამეტშვილიანი ოჯახიდან იყო და უნდოდა, რომ ადვოკატი გავმხდარიყავი. მისთვის ფილოსოფიის სწავლა ნიშნავდა გარანტირებულ სიღარიბეს. წარმოდგენილიც ჰქონდა, როგორ დავყვებოდი ყოველდღე დილის 5 საათიან მატარებელს, რათა პიემონტის რომელიმე გადაკარგულ სოფელში მემასწავლებლა. მაგრამ საბოლოოდ, მაინც დავუმტკიცე, რომ ცდებოდა…

 

თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსია…

წმინდა თომა, როგორც არგუმენტაციის მოდელი. შეიძლება, მისი ნააზრევიდან ბევრი აღარაფერი შემორჩა, მაგრამ ის სრულიად ფანტასტიკურად ახერხებდა საკუთარი აზრების სისტემად ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტში ორმა წიგნმა დამასვა დაღი. ესენია: ჯონ ლოკის ესეი ადამიანის გაგებასთან დაკავშირებით“ და სპინოზას „ეთიკა“.  თანამედროვე გონების ორი ურთიერთდაპირისპირებული მიმდინარეობა, ემპირიზმი და რაციონალიზმი… არასდროს გამოგიცდიათ ასეთი რამე, როცა ორი სრულიად განსხვავებული ქალი გყვარებიათ? ნუთუ არ შეიძლება მოკრივის არტისტულობასაც აფასებდე და მოცეკვავე ქალისასაც?

 

 

თქვენ სულ არ განიცდით შიშს ექსტრაფილოსოფიური სფეროების წინაშე, როგორებიცაა: სპორტი, კომიქსები, ტელევიზია…

დეკარტი იყო მათემატიკოსი, პასკალი – ფიზიკოს-ბიბლიოთეკარი. უნივერსიტეტის გამოგონებამდე ფილოსოფოსი იყო ის, ვინც ფილოსოფიის ისტორიის სწავლების გარდა სხვა პროფესიასასაც მისდევდა. მე შევეცადე, ამ ტრადიციიდან რამე მაინც შემენარჩუნებინა.

 

თქვენ ხართ სემიოტიკის ე.ი. ნიშანთა თეორიის სპეციალისტი. როგორ განსაზღვრავდით ნიშანს?

ამის განსაზღვრას ავგუსტინეც ეყოფა. ნიშანი არის ის, რომელსაც ჩემი თავიდან რაღაც გადააქვს სხვის თავში. ამ მშვენიერ განსაზღვრებას არ სჭირდება რეალურობა, ის ნამდვილია მაშინაც კი, როცა სამყარო არ არსებობს.

 

 

და რაში გამოიხატება სემიოტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებისთვის?

ეს არის ფილოსოფიის თანამედროვე ფორმა. სემიოტიკა საუკეთესო გზაა იმ გადატრიალებასთან გასამკლავებლად, რაც მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ცენტრში დგას და რომელსაც „linguistic turn“ უწოდეს. მარტივი სიტყვებით რომ ავხსნათ, როგორ ვაკავშირებ მნიშვნელობას („მინა“) სიტყვასთან („მინა“)? ანალიტიკოსი ფილოსოფოსები, რომლებიც ანგლო-საქსონურ სამყაროში დომინირებდნენ, შეეცადნენ ამაზე პასუხის გაცემას და დაიწყეს ენის წმენდა: ენას უნდა ჰქონოდა მხოლოდ დასახელებები, რომლებიც მათ მიერ აღნიშნულ გარე საგნებს/ობიექტებს ან სიტუაციებს ზუსტად შეესაბამებოდა. თითქოსდა სიტყვა იარლიყი იყოს. სემიოტიკა პრობლემას სხვაგვარად უყურებს. კავშირი გარე სამყაროსთან მას უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე თავად ის პროცესი, რასაც მნიშვნელობამდე მივყავართ, სემიოტიკურად რომ ვთქვათ, აღნიშვნის/სიგნიფიკაციის პროცესი. ავიღოთ უნიკორნი/ცალრქიანი ცხენი. ანალიტიკოს ფილოსოფოსს საერთოდ არ დააინტერესებდა უნიკორნზე დაფიქრება: უნიკორნი არ არსებობს და მორჩა. სემიოტიკოსისათვის კი უნიკორნს აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, რადგან ის ჩვენი გონებრივი/მენტალური სამყაროს აღჭურვილობის ნაწილია. ის ფაქტი, რომ მე შემიძლია ვიფიქრო უნიკორნზე, ისევე როგორც შემიძლია ვიფიქრო ღმერთზე ან ჰარი პოტერზე, წარმოადგენს ჩვენი სულიერი ცხოვრების, ჩვენი კულტურის, ჩვენი ზნეობისა და ეთიკის ფუნდამენტურ ასპექტს, რომელიც არ უნდა მოისპოს.

 

თუკი მოიპოვება ბევრნაირი ინტერპრეტაცია, მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს უამრავი ფაქტი, მოვლენა თუ ნაწარმოები, რომელთა ინტერპრეტირებასაც ცდილობენ.

 

მაშ, ისე გავიხლართეთ ენაში, რომ რეალობას პირდაპირ ვერასდროს ვწვდებით? ასე ფიქრობდა როლანდ ბარტი, თქვენ ხომ მასთან ახლობლობდით.

ძალიან ვაფასებდი ბარტს, როგორც მეგობარს და როგორც ავტორს. მაგრამ Collège de France-ში გამოსვლისას მან დიდი სისულელე წარმოთქვა, როცა ამტკიცებდა, რომ ენა ფაშისტურია. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ეხება ფაშისტურ რეჟიმს, სადაც ძალიან ადვილია რევოლუციების მოწყობა თუ წინააღმდეგობის მოძრაობაში გადასვლა. ენა არის არა გალია, არამედ მუდმივი რევოლუცია.

 

 

 

1 2 3