რევოლუციები თქვენ ხელოვნებაშიც გაინტერესებთ. წიგნში „ღია ნაწარმოები“ თქვენ სრულყოფილების ნიშნით შერჩეულ და გარკვეულ წესებს დაქვემდებარებულ კლასიკურ ნაწარმოებებს უპირისპირებთ თანამედროვე, მაგ. მალარმეს, ჯოისის ან კაფკას მრავალმნიშვნელოვნებისკენ მიდრეკილ და უსასრულო ინტერპრეტირებისათვის ღია ნაწარმოებებს, თუმცა მათი თვითნებური ინტერპრეტირება მაინც დაუშვებლად მიგაჩნიათ.
არ ვაპირებ ჩემი პოზიციის გადახედვას. მაგრამ თუკი მოიპოვება ბევრნაირი ინტერპრეტაცია, მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს უამრავი ფაქტი, მოვლენა თუ ნაწარმოები, რომელთა ინტერპრეტირებასაც ცდილობენ. ფაქტობრივი ყოველთვის ისაა, რასაც მე “ყოფნობის მტკიცე ფუნდამენტს” ვუწოდებ. ეს არის არა მეტაფიზიკური, არამედ ეპისტემოლოგიური თეზა. ეს არის ფალსიფიკაციის ძველისძველი პრინციპი კარლ პოპერის (Karl Popper) სტილში. მტკიცებულებები აზრიანიც უნდა იყოს და გამოცდილებაზე დაყრდნობითაც უნდა შეიძლებოდეს მათი უარყოფა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი ცხოვრება ინტერპრეტაციების ჯაჭვია, თუმცა ზოგჯერ ისეთი ინტერპრეტაციებიც გვხვდება, რომლებიც არ მუშაობს. ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა. პარიზში მეგობრებთან ერთად ვვახშმობდით და დერიდამ – დეკონსტრუქტივისტთა კუმირმა შემომთავაზა, სასტუმრომდე გაგაცილებო. მე ვთხოვე, გზად კარფურ დე ლა კრუა რუჟთან ჩამოვესვი. მანაც დამტოვა კარფურ დე ლა კრუა რუჟთან. ე.ი. მართლა არსებობს „ტრანსცენდენტული აღმნიშვნელი/სიგნიფიკატი“ და დერიდა თავადაც აღიარებს ამას. დერიდას არასოდეს უარყვია, რომ არსებობს უსაფრთხოების ბარიერი მრავალფეროვანი ინტერპრეტირებისათვის. მისმა ამერიკელმა მიმდევრებმა კი მისი ნააზრევი მითად აქციეს და მნიშვნელობის გაურკვევლობა შექმნეს.
„სრულყოფილი ენის ძიებაში“ თქვენ, კაცობრიობის პროტოენის შესახებ არსებული მითის საწინააღმდეგოდ, მხარი დაუჭირეთ მრავალენოვნებას, რომელიც წარმოდგენილია იგავში ბაბილონის კოშკის მშენებლობის შესახებ. შეგიძლიათ ეს უფრო დეტალურად აგვიხსნათ?
ენა არის ადამიანის შეგუება არსებულ სიტუაციასთან, აქედან გამომდინარეობს ეპიკურეს ჰიპოთეზა, რომ ენა მრავალჯერ წარმოიშვა და კვლავაც იქმნება სხვადასხვა სიტუაციაში, რის გამოც არსებობს სხვადასხვა ენა. ეს არის ენის წარმოშობის პრობლემის საუკეთესო ანთროპოლოგიური გადაწყვეტა. ჩომსკის აზრით, არსებობს ტვინის სტრუქტურები, რომლებიც ყველა ენისათვის ერთნაირია. ინტუიციურად ვეთანხმები, თორემ ისე ვერავინ ხსნის, როგორ იწყებს ბავშვი დაბადებიდან ენის სწავლას. ჩომსკის ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ის ამას განაზოგადებს კონკრეტულ ენაზე, კერძოდ თავის ენაზე დაყრდნობით. მაგ. ის ამტკიცებს, რომ ხატვის კონცეფცია ყოველთვის უკავშირდება გარედან ხატვის კონცეფციას. „I paint my house“ ნიშნავს, რომ ჩემს სახლს გარედან ვღებავ. ეს შეიძლება ასე იყოს ამერიკაში, სადაც უმეტესობა ერთ სახლში ცხოვრობს, მაგრამ არა ევროპაში. იქ უფრო თავის ბინას ღებავენ: შიგნიდან…
მაშ, არ არსებობს უნივერსალიები, რომლებიც საერთო იქნება ყველა ენისათვის?
ცდილობდნენ მათ მოძიებას… ბევრ ენაში მრავლობითის საწარმოებლად სიტყვის ბოლოს გამოიყენება ასო “s”. იტალიურში ასე არ არის. მხოლობით რიცხვში ასო „o“-ზე დაბოლოებულ არსებით სახელს მრავლობითში ემატება „i“. სხვათა შორის, ჩემს შვილთან დაკავშირებით უცნაური გამოცდილება მივიღე. პატარა რომ იყო, ტკბილეული მოგვთხოვა და ჩვენ ვუთხარით: “Solamente uno” (მხოლოდ ერთი). მაგრამ რადგან მას რამდენიმე უნდოდა, ასე გვითხრა: “მომეცით unos.” მან დაამატა “s” მრავლობითის შესაქმნელად. საიდან მიიღო, გამოცანაა… თითოეული ენა სამყაროს განსხვავებულ ფორმას აძლევს, მაგრამ არსებობს უნივერსუმის გარკვეული ტექსტურები, რომლებიც ყველგან გვხვდება. ლინგვისტიკის პროფესორის ჟაკ ლეროს Jacques Lérot თქმით, ისეთი ნეიტრალური ფენომენები, როგორებიცაა „წვიმს“ და „მტკივა“, რუსულშიც არსებობს და ინგლისურშიც. ასევე არსებობს ეგზისტენციალური უნივერსალიები: ჭამა, ძილი, ჩაცმა, დაცემა, up, down. ზოგიერთი კულტურა მარადიულ სიცოცხლეს მაღლა (up) განათავსებს, ზოგი კიდევ – დაბლა (down), თუმცა up და down არ იცვლება. ამას ყველა ენა ეგუება. ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ “ყოფნობის მტკიცე ფუნდამეტს”. არსებობს მე-17 საუკუნეში ხელოვნური ენის გამომგონებლის ჯონ უილკინსის John Wilkins მშვენიერი სურათი. მან დახატა წრე და ადამიანი, რომლის გარშემოც განალაგა 40-მდე ტერმინი: :„up“, „down“, „off“, „in“, მაშინაც კი, ინგლისური საერთოდ რომ არ იცოდე, მაინც მიხვდები, რომელ ცნებას რა შეესაბამება: ეს არის ადამიანის სხეულის 40 პოზიცია სამყაროში. ისინი ქმნიან სხეულის უნივერსალურ ენას.
„მთელი ეთიკის ახლიდან დაწერა შეიძლება, სხეულისადმი პატივისცემის გათვალისწინებით“, ეს თქვენი ერთ–ერთი თეზაა…
კარდინალ მარტინისთან (1927-2012) მიმოწერა მქონდა და ერთხელ მკითხა, შესაძლებელია თუ არა ეთიკის დაფუძნება ღმერთის გარეშეო. მე ვუპასუხე, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუკი ეთიკა სხეულს დაეფუძნებოდა. სხეულს აქვს მოთხოვნილება იდგეს გამართულად, ეძინოს, იკვებოს და ა.შ. რა ზომითაც სცემ პატივს საკუთარ საჭიროებებს, ზუსტად ისეთივე ეთიკური პირობებიც გაქვს. თუ ვინმეს ფეხებით ჩამოჰკიდებთ, იატაკზე წოლას აიძულებთ და ადგომის უფლებას არ მისცემთ, თუ ვინმეს ენას მოაჭრით და არ დაალაპარაკებთ, მაშინ თქვენ გექნებათ სიტუაცია, რომელიც არაეთიკურია. ასე რომ, ძირითადი ეთიკა ეფუძნება სხეულის საჭიროებებს. თუ ამ ეთიკას მისდევთ, მაშინ საუცხოო ქრისტიანი ხართ.
თქვენ ყურადღება გაამახვილეთ პარადოქსზე, რომ სილამაზე ხელოვნების სფეროდან სწორედ იმ დროს ქრება, როცა ის ყოველდღიურ საქმიანობად იქცევა…
მოდერნიზმმა თავდაპირველად იმით დაიწყო, რომ სილამაზე და ხელოვნება გააიგივა. ბერძნებისთვის სილამაზე იყო მზე, სამყარო; ხოლო ხელოვნება იყო საქმის კარგად კეთება. ბერძნები არ განასხვავებდნენ იმას, რასაც ჩვენ სახვით ხელოვნებას ვუწოდებთ და ხელოსნობას, მაგრამ თანამედროვე კულტურაში ჩვენ ერთმანეთს გავუთანაბრეთ ხელოვნება და სილამაზე. შემდეგ, სხვადასხვა ავანგარდულ მიმდინარეობაზე დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ, თუ როგორ ცალკევდებოდა ეს ორი ერთმანეთისგან. ადრე შეიძლებოდა შეგყვარებოდა ინგრეს Ingres მიერ დახატული ქალი, რადგან ის ლამაზი იყო. მეორე მხრივ, პიკასოს მიერ დახატული ქალი არ შეგიყვარდებოდა. ამ განცალკევების შემდეგ ხელოვნება თავისი გზით წავიდა, სილამაზის შეგრძნება იქცა თავისუფალ აირად, ფილოსოფოსებს რომ წასცდათ. მან დაიპყრო მასმედია. მიუხედავად ამისა, უნდა გაგრძელდეს სილამაზეზე ფიქრი, ხელოვნებისგან დამოუკიდებლადაც კი. რადგან შესაძლებელია გაიცეს უნივერსალური პასუხი კითხვაზე, რა არის სილამაზე. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო პასუხი ეკუთვნის კანტს, მისი იდეაა მატერიალური ინტერესის არქონა იმის მიმართ, რასაც სიამოვნებით ათვალიერებ. მაგ. ნიკოლ კიდმანის სილამაზეს არაფერი აქვს საერთო ესთეტიკასთან, რადგან მას სხვანაირად ელტვით, და არა ისე, როგორც მაგ. მონა ლიზას. სილამაზე მდგომარეობს იმაში, რომ სიამოვნებას იღებ თვალიერებისას თუ მოსმენისას და არ გიჩნდება მისი დაუფლების სურვილი.
დღევანდელ კულტურაში აპოკალიფსის ცნება სულ უფრო ძლიერდება – განა ეს არ არის შუა საუკუნეებში დაბრუნების ნიშანი?
შუა საუკუნეებს არასოდეს ჰქონიათ ისტორიის ამგვარი გაგება. აპოკალიფსი არ იყო სამყაროს დასასრული, ეს იყო ტრაგედიის მომენტი, არმაგედონი განკითხვის დღისა და სამოთხის წინ. ვინაიდან დღეს მონანიების შეწევნის იმედად ვერ ვიქნებით, კარგი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ იმაზე უფრო სკეპტიკურად განვეწყოთ, ვიდრე შუა საუკუნეებში ვიყავით. თუმცა იმდენად კატასტროფის იდეა კი არ გვერეკება აქეთკენ, რამდენადაც მბურღავი ეჭვი ისტორიის საზრისის შესახებ. ისტორიამ დაბრკოლდა. ჩვენ მუდმივად უამრავ მიღწევასა და რეგრესს შორის დავბარბაცებთ. მარკონიმ Marconi მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონა უკაბელო ტელეგრაფი. ინტერნეტ კაბელის გამოჩენა სადენიან ტელეგრაფთან მიბრუნებას ნიშნავდა. Wi-Fiთა და მობილური ტელეფონით ხომ დეტერიტორიალიზებულ ქსელში ვმოძრაობთ. ტელევიზიამ ჩაანაცვლა რადიო, შემდეგ მოვიდა I-Pod და გვამცნო რადიოსთან მიბრუნება. არასოდეს ვიცით, წინ მივიწევთ თუ უკან ვბრუნდებით.