ამრიგად, ჩვენ ვოცნებობთ არა რევოლუციაზე, არამედ მუდმივ დესტაბილიზაციაზე

შეხედეთ აბა მეკობრეთა პარტიას, ავიღოთ ანონიმუსი Anonymous ან ვიკილიკსი Wikileaks. დღევანდელი ტერორისტებიც კი რევოლუციონერები კი აღარ არიან, არამედ დესტაბილიზატორები. ასე რომ, ჩვენ დღეს რევოლუციაზე კი აღარ ვოცნებობთ, არამედ მუდმივ დესტაბილიზაციაზე… დღევანდელი ტერორისტები დესტაბილიზატორები არიან და არა რევოლუციონერები.

 

თქვენი წარმატებული რომანები ვარდის სახელი და ფუკოს ქანქარა ეხება ჰერმეტიზმს, წიგნების მომავალს, ჭეშმარიტებისადმი რწმენას და .. როგორ ასახება მათში ურთიერთობა კონცეპტუალურ აზროვნებასა და ფიქციას შორის?

არასოდეს მსურდა რომანებში რაიმე მემტკიცებინა, ჩემი სიამოვნებისათვის ვწერდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს ორი განსხვავებული რამ იყო, პირველი მეორისათვის იყო ქაღალდისათვის განკუთვნილი კალათი. მაგრამ რადგან შიზოფრენია არ მჭირს, თავისთავად ხდება, რომ რისამე ისტორიის წერისას ჩემს იდეებსაც გამოვხატავ.  ფილოსოფოსი ვარ და ვერასდროს ვყვები ამბავს ისე, რომ იგავად არ იქცეს. ოღონდ ეს უჩემოდ ხდება, თავისთავად, ვერც კი ვამჩნევ ხოლმე. კავშირებს პოულობს მკითხველი, რომელიც ავტორზე ჭკვიანია. მას შემდეგ, რაც „ფუკოს ქანქარა“ დავამთავრე, გავიფიქრე, თან თავი მკითხველის ადგილზე წარმოვიდგინე: ამ თავცარიელის შესახებ დაწერილ რომანშიც კი მოინახება რამდენიმე საინტერესო ფილოსოფიური მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ამ რაციონალურობის პრინციპზე დაფუძნებულ სამყაროში როგორ განაგრძობს არსებობას ეს ირაციონალური. რომანები ჩემთვის საექსპერიმენტო ველია. შეიძლება გამოვიგონო პერსონაჟი და მერე გამიჩნდეს ფსიქოლოგიური ტრაქტატის დაწერის იდეა, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრაქტატიდან გამომდინარე არ ვიწყებ პერსონაჟის გამოგონებას.

 

თქვენ ხშირად დადიხართ ლუვრში პარიზში ყოფნისას. რა გაინტერესებთ ამ ადგილას?

ნამუშევრები! ასევე დამთვალიერებლების ქცევა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი, რაც დღეს ჩვენს თვალსა და ნამუშევარს შორის დგას, ფოტოგრაფიაა. ჩვენმა თვალმა დაკარგა თავისი ფუნქცია – სინამდვილის აღქმა. და ეს შეეხება არა მარტო ხელოვნებას. თავს არწმუნებ იმის ნამდვილობაში, რასაც ეკრანზე ხედავ. ამიტომაც აღარ ვიღებ სურათებს. ერთ დღეს ექსკურსიიდან დავბრუნდი, სადაც უამრავი ფოტო გადავიღე. რომ ვნახე, სულ ცუდი ფოტოები გადამეღო და უკვე აღარ ვიცოდი, საერთოდ რა ვნახე. ფოტოაპარატი მოვისროლე და გადავწყვიტე, ფოტო აღარასდროს გადამეღო – ერთადერთი გზაა საგნები ვნახო და მერე გავიხსენო. თუკი მინდა მატერიალური ნაკვალევი  დამრჩეს, საფოსტო ბარათებს ვყიდულობ. კიდევ რა მაშფოთებს ლუვრში და ტურისტები, ყველაფრის ნახვა რომ უნდათ. ჩემი აზრით, მუზეუმში უნდა წახვიდე ერთი ნამუშევრის სანახავად. მუზეუმი კი ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა გადაეწყოს და თავის ცენტრში ერთი ნამუშევარი გამოფინოს. მთელი მუზეუმი საბოლოოდ ამ შედევრის დათვალიერებისათვის მომზადებას და ინფორმირებას უნდა ემსახურებოდეს. რთულია, თუმცა ასე მოხდა ათი წლის წინ  ტიციანის ურბინოს ვენერას შემთხვევაში ბრიუსელის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმში.

 

მკითხველი ყოველთვის უფრო ჭკვიანია, ვიდრე ავტორი.

 

თქვენ, როგორც ევროპელ ინტელექტუალი, რომლისთვისაც ევროპის პროექტი ძვირფასია – როგორ ახსნით იმას, რომ ევროპას გლობალიზაციის პროცესში ჩამორჩენის საფრთხე ემუქრება?

ევროპას ემუქრება ენათა მრავალფეროვნება. მაგრამ მხოლოდ ერთი ენის შემოღებაც არ ივარგებს. ის ინგლისური, რომელზეც ევროპელები ლაპარაკობენ, მათ არ ეხმარება ერთმანეთის გაგებაში. პირიქით, საშინელ გაუგებრობებს ჰქმნის. ევროპას აქვს პოტენციალი პოლიგლოტი იყოს  როგორ ენობრივად, ისე სულიერად. სულიერი მრავალენოვნება იმის გაგების მცდელობაა, თუ რას ფიქრობენ სხვა კულტურები. ამ გზით შეუძლია ევროპას თავისი წვლილი შეიტანოს გლობალიზაციაში.

 

თქვენ ამბობთ, რომ ლიტერატურის მთავარი ფუნქციაა გარდაუვლობის იდეას შეგვაჩვიოს. ეს ფილოსოფიასაც ეხება?

მგონია, რომ ფილოსოფია არის უმშვენიერესი საშუალება სიკვდილთან საპაექროდ. იმისთვის ფილოსოფოსობ, რომ სიკვდილს ეპაექრო.

 

თქვენ იჯერეთ გული სიკვდილთან პაექრობით?

ისე რა! ამ მხრივ, გარკვეული იდეალები მყავს. მაგ. ალფრედ ჟარი Alfred Jarry: რომ კვდებოდა, ჰკითხეს, რამე ხომ არ გჭირდებაო, მან უპასუხა, კბილის საჩიჩქნიო. მიუტანეს და მოკვდა კიდეც. მეც ასე მინდა მოვკვდე. ჰობსმა Hobbes თავის საფლავის ქვაზე ამოაკვეთინა: „This is the philosopher’s stone[1].“ მე უნდა დავიბარო, რომ ჩემი საფლავის ქვაზე ამოკვეთონ დასკვნითი ფრაზა კამპანელას Campanella „მზის სახელმწიფოდან“ (1602): „შეიცადე,შეიცადე წუთით! შეუძლებელია, შეუძლებელია!“

 


[1] ეს ფილოსოფოსის ქვაა (ინგლ.)

 

 

 

 

 

                                                                         თარგმნა  შორენა შამანაძემ

 

 

 

 

 

 

 

1 2 3