თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი, ესეისტი, კრიტიკოსი, ლინგვისტი ჯონ მაქსველ კუტზეე 1940 წლის 9 თებერვალს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნში დაიბადა. დედა სკოლის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა – იურისტი.  მამა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და 1941-45 წლებში იტალიასა და  ჩრდილოეთ აფრიკაში სამხრეთ აფრიკის ჯარში მსახურობდა. 8 წლის იყო მწერალი, როდესაც მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახი კეიპთაუნთან ახლოს პატარა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კუტზეემ ადრეულ ასაკშივე საკუთარ თავზე იწვნია იმჟამად იქ გამეფებული აპარტეიდის საზარელი  შედეგები. როგორც თავად აღნიშნავს, „რთული იყო, 1950-იანების დასაწყისში სამხრეთ აფრიკის პატარა ქალაქში თავი მარგინალად არ გეგრძნო, რადგან ის ხალხი, ვინც ამ არეულობის უკან იდგა, ძალღონეს არ იშურებდა, რომ თავი სწორედ მარგინალად გეგრძნო; და უნდა ავღნიშნო, რომ მათ ამ მიზანს დიდი წარმატებით მიაღწიეს. როგორც თავად აღნიშნავდნენ, მანამდე ისინი თავად გრძნობდნენ თავს მარგინალებად საკუთარ ქვეყანაში, ხოლო  ახლა კი მათი დრო დადგა.“

ჯონ მაქსველ კუტზეე აფრიკაანსის ენაზე მოსაუბრე გარემოში ცხოვრობდა, თუმცა, სახლში დედასთან და ძმასთან ინგლისურად საუბრობდა. „ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც უამრავ წიგნს კითხულობდნენ და მეც პატარაობიდანვე ხარბი მკითხველი ვიყავი, წიგნებს ინგლისურ ენაზე ვკითხულობდი.“

მან კათოლიკური სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი, 1961 წელს კაეიპთაუნის უნივერსიტეტი. 1962-65 წლები კუტზეემ ინგლისში გაატარა, სადაც პროგრამისტად მუშაობდა. 1963 წელს ჯონ მაქსველ კუტზეე ფილიპა ჯუბერზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ, ნიკოლასი და გიზელა.

1965 წელს კუტზეემ ტეხასის უნვერსიტეტში ინგლისურ ენაში, ლინგვისტიკასა და გერმანულ ენაში  დოქტორის ხარისხი მოიპოვა.  მისი სადოქტორო ნაშრომი სამუელ ბეკეტის ადრეულ შემოქმედებას ეხებოდა. 1968-71 წლებში მწერალი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად მუშაობს. ამ პერიოდში ის აქტიურად გამოდის ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, შედეგად, კი ამერიკის შეერთებული შტატები მას ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ეუბნება. უარის შემდეგ, კუტზეე სამხრეთ აფრიკაში ბრუნდება, ხოლო 2002 წელს კი ავსტრალიაში გადადის საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობს.

ჯონ მაქსველ კუტზეემ წერა 1969 წელს დაიწყო. მისი პირველი წიგნი სამხრეთ აფრიკაში 1974 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე წიგნმა „ქვეყნის გულში“ (1977) სამხრეთ აფრიკის იმჟამინდელი მთავარი ლიტერატურული პრემია CNA Prize მიიღო.  წიგნი შემდეგ ბრიტანეთსა და ამერიკაშიც გამოქვეყნდა.

საერთაშორისო აღიარება მწერალმა 1980 წელს გამოსული რომანით, „ბარბაროსების მოლოდინში“ მოიპოვა, ხოლო 1983 წელს მის რომანს „მაიკლ ქეის ცხოვრება და დროება“ ბრიტანეთის ბუკერის პრიზი ერგო. კრიტიკოსებისა და მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა კუტზეეს წიგნს „მისტერ ფო“ (1986), 1999 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოები „სირცხვილი“  კი ბუკერის პრემიით აღინიშნა.

2003 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და  გახდა მეორე სამხრეთ აფრიკელი ნობელიანტი.

შეიძლება ითქვას, რომ მკითხველისთვის ჯონ მაქსველ კუტზეეს ყოველი ახალი წიგნი ახალი გამოწვევა და თავსატეხია. თავის შემოქმედებაში ჯონ მაქსველ კუტზეე ეხება ადამიანის უფლებებს, ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობებს, ადამიანთა მარგინალიზაციისა და ჩაგვრის საკითხებს. ის გამორჩეული ოსტატობით ახერხებს, მკითხველს განსხვავებული კუთხით დაანახოს თითქოს ბანალური და ყოველდღიური პრობლემები. სწორედ ამის გამო, საზოგადოება ყოველთვის დიდი ინტერესით იღებს თანამედროვე ცოცხალი კლასიკოსი მწერლის ახალ ნაწარმოებს. დღეს ჯონ მაქსველ კუტზეე ავსტრალიაში ცხოვრობს და მკითხველს ისევ აკვირვებს თავისი ახალი რომანებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მწერლის ბოლო ნამუშევრები „იესოს ბავშვობა“ (2015) და „იესოს სკოლის წლები“ (2016).

ჯ.მ. კუტზეე აქტიურ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწევა. ასევე, ცხოველთა უფლებების დამცველადაც გვევლინება.

მწერალი ძალიან იშვიათად თანხმდება ინტერვიუზე. ერთ-ერთ ასეთ იშვიათ და ბოლოდროინდელ  ინტერვიუში ის ამბობს: „დღეს შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კუთხით, მწერლები დაუფასებლები არიან, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები წიგნებს აღარ კითხულობენ. გავბედავ და ვიტყვი, რომ გადავდივართ, თუ უკვე გადავედით ისტორიის თუ პოსტ-ისტორიის ისეთ ფაზაში, რომელშიც იდეა, რომ მწერალი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ცოტა არ იყოს, უცნაურად თუ ძველმოდურად ჟღერს. ამიტომ, „კონკრეტული მწერალი დაუფასებელია“-ს  ნაცვლად, ალბათ უფრო ზუსტი იქნება, ითქვას, რომ ზოგადად, მწერლობა დაუფასებელია.“

 

მთარგმნელისაგან

 

ჭიშკარზე წარწერაა: „ფრთხილად, ეზოში ძაღლია.“ ძაღლიცაა და ძაღლიც. ყოველ ჯერზე, როცა ქალი ჭიშკართან  ჩაივლის ხოლმე, ქოფაკი  ჭიშკარს ერთი სურვილით ეხეთქება: როგორმე ქალი მოიხელთოს და ნაფლეთებად აქციოს. დიდი ძაღლია, სერიოზული ძაღლი, როტვეილერის თუ გერმანული ნაგაზის მსგავსი (ქალს ძაღლის ჯიშების ბევრი არაფერი გაეგება) და ყვითელი თვალებით, რასაც ქვია, სუფთა სიძულვილს ასხივებს.

როცა სახლს წარწერით „ფრთხილად, ეზოში ძაღლია.“ გაცდება, ქალი სულ ამ სიძულვილზე ფიქრობს. ქალმა იცის, რომ ამ სიძულვილს ძაღლში მაინცდამაინც თავად არ იწვევს: ყველა, ვინც ჭიშკარს მიუახლოვდება, ფეხითაა თუ ველოსიპედით, ძაღლის გაავებულ ყეფას იმსახურებს. საქმე იმაშია, ვინ რამდენად გრძნობს მის სიძულვილს. იქნებ, ეს სიძულვილი ელექტროწრედს ჰგავს, ჩაირთვება, როცა ობიექტი გამოჩნდება და გამოირთვება, როცა კუთხეს მოეფარება? სიძულვილის შემოტევა, ნეტა, მაშინაც აქვს ძაღლს, როდესაც მარტო რჩება თუ მაშინ რისხვა უნელდება და ეზოში სიმშვიდე ისადგურებს?

 

1 2 3