ქალი კვირის დღეებში ველოსიპედით  იმ სახლის წინ  ორჯერ უწევს გავლა. ერთხელ, როცა სამსახურში, საავადმყოფოში მიდის, მეორედ კი, უკან დაბრუნებისას, თავისი ცვლის დასრულების შემდეგ. რადგან ქალს უცვლელი გრაფიკი აქვს, ძაღლმა ზუსტად იცის, როდის ჩაივლის ხოლმე და როცა ქალი სახლს მიუახლოვდება, ის უკვე ჭიშკართანაა, ელის და ისეა აღგზნებული, ნდომისაგან კანკალი გაუდის. რადგან სახლი აღმართზე დგას, ქალი დილაობით ნელა  მოძრაობს, ხოლო უკანა გზაზე კი სწრაფად ჩამოდის. შეიძლება,  მართლა არაფერი სმენია ჯიშების შესახებ, მაგრამ მშვენივრად ხვდება, თუ რა სიამოვნებას იღებს ძაღლი მისი დანახვისას. ესაა ქალზე  დომინირებით კმაყოფილება, კმაყოფილება განცდით, რომ მისი ეშინიათ.

ძაღლი მამრია და რამდენადაც შეამჩნია, არც ყურები აქვს დაჭრილი. ძაღლმა არ იცის, რომ ქალი მდედრია, მაგრამ მისი წარმოდგენით, ადამიანი აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ორიდან ერთ-ერთ სქესს, რომელიც ძაღლების ორ სქესს შეესაბამება. ამის გამო ის ერთდროულად ორი სახის კმაყოფილებას განიცდის – ერთია მხეცის მეორე მხეცზე დომინირებით მოგვრილი კმაყოფილება და მეორე, კმაყოფილება მამრის მდედრზე დომინირების გამო, რაზეც ქალს წარმოდგენაც კი არ აქვს.

მიუხედავად ქალის სახეზე ინდეფერენტული გამომეტყველებისა, საიდან იცის ძაღლმა, რომ მას მისი ეშინია? პასუხი: იქიდან, რომ როდესაც ძაღლი მისკენ მიექანება, ქალი შიშის სუნს გამოსცემს და გრძნობს, სიცივე ხერხემალს როგორ მიუყვება. ძაღლი ჭიშკრის იქით მყოფი არსების შიშის სუნს წამში იკრავს და ისე ცოფდება, რომ ექსტაზში ვარდება.

ქალს ეშინია ძაღლის და ეს ძაღლმაც კარგად იცის. დღეში ორჯერ ის მოუთმენლად ელოდება მისკენ მიმართულ ტალღებს და იმ არსებას, რომელიც მისი შიშით  ძრწის და ამ გრძნობის წინაშე უძლურია, ელოდება იმას, ვინც გარშემო შიშის სუნს  ისე ყრის, როგორც ძუ ძაღლი  განაყოფიერების სურვილს.

ქალს წაკითხული აქვს ნეტარი ავგუსტინი, რომელიც ამბობს, ჩვენ რომ მართლაც დაცემული არსებები ვართ, ყველაზე ნათელად იმით ვლინდება,  ჩვენ საკუთარ სხეულს რომ ვერ განვაგებთო. განსაკუთრებით კი, მამრი ვერ განაგებს თავის შეღერებულ ნაწილს. ის ნაწილი საკუთარ ნება-სურვილზე დადის და ისე იქცევა, თითქოს უცხო რამ სურვილითაა შეპყრობილი.

ქალი ნეტარ ავგუსტინეზე ფიქრობს, როდესაც იმ აღმართს აუყვება, რომელზეც ის სახლი დგას, ძაღლიანი სახლი. ამჯერად მაინც თუ შეძლებს საკუთარი თავის მართვას? გამოიჩენს იმდენ ნებისყოფას, რომ ის დამამცირებელი შიშის ტალღები არ გაავრცელოს? ყოველ ჯერზე, როცა ძაღლის ხორხიდან ამოსული ღრენა ესმის,  რომელიც თავისუფლად შეიძლება, ვნების მოზღვავებადაც ჩაითვალოს, ჭიშკარზე ძაღლის ყოველ მიხეთქებაზე, საკუთარი პასუხიც ესმის: დღეს არა!

„ფრთხილად, ეზოში ძაღლია“ სახლს გვერდით ბაღი აკრავს, რომელშიც სარეველას გარდა არაფერი იზრდება. ერთ დღეს ქალი ველოსიპედიდან ჩამოდის, სახლის კედელს ეყრდნობა და კარზე აკაკუნებს, იცდის და იცდის,  ძაღლი კი, ჭიშკარს ორიოდე მეტრით შორდება, უკან იხევს და მერე მთელი ძალით ასკდება ღობეს. ამ დროს დილის რვა საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო სახლის კარზე დასაკაკუნებლად უჩვეულო დროა. და მაინც, კარი ოდნავ იღება. მკრთალ შუქზე ქალი ძლივს არჩევს სახეს – პირქუშ ნაკვთებსა და გადაწეულ თმას.

„დილა მშვიდობისა.“ ესალმება ქალი.“ შეიძლება ერთი წუთით შემოვიდე?“

კარი უფრო ფართოდ იღება. ქალი ხალვათად გაწყობილ ოთახში შედის, სადაც წითელხალათიანი მოხუცი კაცი ზის, წინ კი ჯამი უდევს. ქალი ესალმება. კაცი თავს უკრავს, მაგრამ ფეხზე არ დგება.

„უკაცრავად, ასე ადრე  რომ გაწუხებთ.“ ამბობს ქალი. „თქვენი სახლის წინ დღეში ორჯერ გავდივარ და ყოველ ჯერზე მესმის, – და არა მგონია, ვცდებოდე, რომ თქვენი ძაღლი მელოდება, რომ მომესალმოს.“

დუმილი.

„უკვე რამდენიმე თვეა ასე გრძელდება. ახლა კი მგონი, დადგა დრო, რაღაც შევცვალოთ. იქნებ, ძაღლთან  მიმიყვანოთ და გამაცნოთ, რომ დამინახოს და მიხვდეს, რომ მისი მტერი არ ვარ და არაფერს ვავნებ?“

მოხუცი წყვილი ერთმანეთს უყურებს.  ოთახში ისეთი ჰაერი დგას, თითქოს, უკვე წლებია, რაც ფანჯარა არ გამოუღიათ.

„კარგი ძაღლია.“ თქვა მოხუცმა. Un chien de garde, გუშაგი.

ამ სიტყვებზე ქალი ხვდება, რომ  არ წარადგენენ, არ გააცნობენ ძაღლს სახელად chien de garde, რადგან ამ მოხუცს აწყობს, რომ მას მტერივით მოექცნენ და ამიტომ, ძაღლისთვის ის კვლავინდებურად მტრად დარჩება.

„ყოველ ჯერზე, როცა თქვენი სახლის წინ გავივლი ხოლმე, ძაღლი ცოფდება.“ ამბობს ის. „ეჭვიც არ მეპარება, რომ ძაღლი თავს ვალდებულად გრძნობს, ვძულდე, მაგრამ მე ეს არ მსიამოვნებს, არა მხოლოდ არ მსიამოვნებს, თავზარსაც კი მცემს მისი ასეთი სიძულვილი. ყოველთვის, როცა თქვენს სახლს ჩავუვლი, თავს დამცირებულად ვგრძნობ, ჩემთვის დამამცირებელია, როცა ვიღაცას ასე ვძულვარ. ამას ვერაფერს ვუხერხებ. მეშინია და ამ შიშს ვერ ვუმკლავდები.“

 

1 2 3