ჯონ მაქსველ კუტზეე
ჯონ მაქსველ კუტზეე
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი,  ესეისტი,  კრიტიკოსი,  ლინგვისტი  ჯონ მაქსველ კუტზეე  1940 წლის 9 თებერვალს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნში დაიბადა. დედა სკოლის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა – იურისტი.  8 წლის იყო მწერალი, როდესაც მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახი კეიპთაუნთან ახლოს პატარა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კუტზეემ ადრეულ ასაკშივე საკუთარ თავზე იწვნია იმჟამად იქ გამეფებული აპარტეიდის საზარელი  შედეგები. ჯონ მაქსველ კუტზეე აფრიკაანსის ენაზე მოსაუბრე გარემოში ცხოვრობდა, თუმცა, სახლში დედასთან და ძმასთან ინგლისურად საუბრობდა. მან კათოლიკური სკოლა დაამთავრა, შე...

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი,  ესეისტი,  კრიტიკოსი,  ლინგვისტი  ჯონ მაქსველ კუტზეე  1940 წლის 9 თებერვალს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნში დაიბადა. დედა სკოლის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა – იურისტი.  8 წლის იყო მწერალი, როდესაც მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახი კეიპთაუნთან ახლოს პატარა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კუტზეემ ადრეულ ასაკშივე საკუთარ თავზე იწვნია იმჟამად იქ გამეფებული აპარტეიდის საზარელი  შედეგები.

ჯონ მაქსველ კუტზეე აფრიკაანსის ენაზე მოსაუბრე გარემოში ცხოვრობდა, თუმცა, სახლში დედასთან და ძმასთან ინგლისურად საუბრობდა.

მან კათოლიკური სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი, 1961 წელს კაეიპთაუნის უნივერსიტეტი. 1962-65 წლები კუტზეემ ინგლისში გაატარა, სადაც  პროგრამისტად მუშაობდა. 1963 წელს ჯონ მაქსველ კუტზეე ფილიპა ჯუბერზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ, ნიკოლასი და გიზელა.

1965 წელს კუტზეემ ტეხასის უნვერსიტეტში ინგლისურ ენაში, ლინგვისტიკასა და გერმანულ ენაში  დოქტორის ხარისხი მოიპოვა.  მისი სადოქტორო ნაშრომი სამუელ ბეკეტის ადრეულ შემოქმედებას ეხებოდა. 1968-71 წლებში მწერალი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად მუშაობს. ამ პერიოდში ის აქტიურად გამოდის ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, შედეგად, კი ამერიკის შეერთებული შტატები მას ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ეუბნება. უარის შემდეგ, კუტზეე სამხრეთ აფრიკაში ბრუნდება, ხოლო 2002 წელს კი ავსტრალიაში გადადის საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობს.

ჯონ მაქსველ კუტზეემ წერა 1969 წელს დაიწყო. მისი პირველი წიგნი სამხრეთ აფრიკაში 1974 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე წიგნმა „ქვეყნის გულში“ (1977) სამხრეთ აფრიკის იმჟამინდელი მთავარი ლიტერატურული პრემია CNA Prize მიიღო.  წიგნი შემდეგ ბრიტანეთსა და ამერიკაშიც გამოქვეყნდა.

საერთაშორისო აღიარება მწერალმა 1980 წელს გამოსული რომანით, „ბარბაროსების მოლოდინში“ მოიპოვა, ხოლო 1983 წელს მის რომანს „მაიკლ ქეის ცხოვრება და დროება“ ბრიტანეთის ბუკერის პრიზი ერგო.  კრიტიკოსებისა და მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა კუტზეეს წიგნს „მისტერ ფო“ (1986), 1999 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოები „სირცხვილი“  კი ბუკერის პრემიით აღინიშნა.

2003 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და  გახდა მეორე სამხრეთ აფრიკელი ნობელიანტი.

მეტი მაჩვენე ნაკლები