მოხუცი წყვილი გაქვავებული მზერით მისჩერებია.

„ეს საერთო სარგებლობის გზაა.“ ამბობს ქალი. „და მე ამ გზაზე სიარულის სრული უფლება მაქვს ისე, რომ არავინ დამამციროს და არავინ შემაშინოს. ამის გამოსწორება კი თქვენს ხელთაა.“

„ეს ჩვენი გზაა.“ ამბობს მოხუცი ქალი. „აქ არავის მოუწვევიხართ. თუ რამე არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ, სხვა გზით იაროთ.“

„ვინ ხართ, რა უფლებით მოდიხართ და გვასწავლით, როგორ მოვიქცეთ?“ ისმის კაცის ხმა.

ქალი პასუხის გაცემას აპირებს, მაგრამ მოხუცი კაცი მის პასუხს არ ელოდება.

„აქედან მიბრძანდით.“ ამბობს ის. „მიბრძანდით. მიბრძანდით. მიბრძანდით!“

კაცი თან ხელს უქნევს, წადიო, ამ დროს შალის ხალათის ფართო სახელო ეხსნება და  ყავის ფინჯანში უვარდება. ქალს უნდა, ამის შესახებ უთხრას, მაგრამ ხმას არ იღებს. უსიტყვოდ იხევს უკან. გადის და კარიც იხურება.

ძაღლი ღობეს ეხეთქება. ერთ დღეს ეს ღობე ვეღარ დამიჭერს. ერთ დღეს ერთიანად დაგფლეთ. ამბობს ძაღლი.

ქალი კანკალებს, მაგრამ თავი, რაც შეუძლია, მშვიდად უჭირავს, თუმცა, თავად გრძნობს, როგორ ასხივებს შიშის ტალღებს. ის სახეში უყურებს ძაღლს და ადამიანის ენაზე ეუბნება: „ჯანდაბამდე გზა გქონია!“ შემდეგ ველოსიპედზე ჯდება და აღმართზე ადის.

 

 

 

ინგლისურიდან თარგმნა  დალილა გოგიამ

 

 

 

1 2 3