და მგონი, სწორედ ამ ბოღმამ, საკუთარი განადგურების შეცნობისგან მოგვრილმა სიმწარემ ათქმევინა უარი სიკვდილზე და ერთადერთი მისიით დააბრუნა უკან, დედაქალაქში – შურის საძიებლად! ალბათ სწორედ ამიტომ თქვა პირველმა ხმამაღლა: “ბელეტრისტიკა მკვდარია, საკუთარი სისხლი, საკუთარი თავგადასავალი, აი თანამედროვე ლიტერატურის მოთხოვნა!”, სწორედ ამიტომ უსვამდა ყოველთვის ხაზს, რომ მის მოთხრობებში არასოდეს ცვლიდა ჯალათების სახელებს! რომ ადამიანს სხვისგან გაკეთებული სიკეთე ასი წელი უნდა ახსოვდეს, ბოროტება კი ორასი! “და მე შემეშინდა ადამიანის საშინელი ძალის – დაივიწყოს ყველაფერი, რადგან დავინახე, რომ მეც მზად ვიყავი დამევიწყებინა ოცი წელი ჩემი ცხოვრებისა, თან რომელი ოცი წელი! მაგრამ იქვე მოვერიე თავს და დავმშვიდდი! არ დავივიწყებდი არაფერს!”, უნდოდა შური ეძია ყველაზე, ვინც დააწერინა, მშიერ კაცს ბევრი ეპატიება, ძალიან ბევრიო! და მგონი ამიტომაც არ არის არცერთ მის მოთხრობაში ხუმრობა, სიცილი, იქ  გამარჯვებული კი არა, გადარჩენილი კაცის სათქმელია, ეს ორი რამე კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

 როგორც კი ცოლი დაბრუნების მთავარ მიზანს მიუხვდა, სთხოვა, ჩვენი შვილი ელენე სხვა  ფასეულობებზე გაზრდილი ბავშვია და არ მინდა სამყარო დაუნგრიოო! თვითონაც ყაზახეთის გადასახლებიდან მობრუნებული გალინა სხვების გასაგონად ხშირად იძახდა, უდანაშაულოდ იქ არავის სვამდნენო! ელენა ანკეტის შევსებისას  მამაზე ყოველთვის წერდა, მკვდარიაო, და როცა შალამოვი თავისას შეუბერავდა გალინა ისტერიკაში ვარდებოდა: მე შვილი მყავს, შვილი! გესმის შენ?!”

და კი ამბობენ ჩვენში, ციხე ხასიათის სამჭედლოა, მაგრამ ცოლი მაინც არიდებდა ბავშვს გულაგში გაველურებულ, ნახევრად გგაგიჟებულ კაცს.

გალინა, მე არაფერში გდებ ბრალს, შენ ალბათ ისწრაფი იმისკენ, რაც შენი წარმოდგენით კარგია, მაგრამ ეს კარგი ჩემი წარმდგენით – ცუდია! ამ სიტყვებით დაშორდნენ ერთმანეთს, მეტი შალამოვს ცოლ-შვილი აღარ უნახავს.

 მარტოდ დარჩენილმა ცხოვრების ხელახლა დაწყება სცადა, ჩაცმას და ბრიოლინით თმების გალაპლაპებას მიაქცია ყურადღება და სხვა თემებზეც მოინდომა წერა, მაგრამ მალე როცა ხშირი ცემებისგან ვესტიბულიარული აპარატის დარღვევა და მეორე დონის ინვალიდობა დაუდგიენს და ციმბირიდან გამოთხოვილ საკუთარ საქმეზე უპასუხეს, აღარ არსებობოსო, დაჯდა და ფენომენალური მახსოვრობის მქონემ გიჟივით დაიწყო წერა და გახსენება, რადგან მიხვდა, როგორ ელვისებურად ქრებოდა ის წარსული, რომელმაც მხეცად აქცია.

 და მიუხედავად იმისა, რომ მისი მცირე ზომის მოთხრობები ზონის მავთულხლართიან ეზოს და ციმბრის არ სცდება, იქ საბჭოთა კავშირის მთელი ისტორიაა დატეული.

“საბავშვო რვეული” – როგორი მომავალი თაობა ეზრდება ქვეყანას. პატიმრები ნაგავსაყრელზე გულაგში დაბადებული და გაზრდილი ბავშვის რვეულს რომ პოულობენ, რვეულში ნახატებია, შალამოვი გადაშლის:

 “ეს მრისხანე რვეული იყო!” დანარჩენი თვითონ წაიკითხეთ.

 “მაიორ პუგაჩოვის უკანასკნელი ბრძოლა”. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში ის საბჭოთა ჯარიკაცები რომ ხვდებოდნენ, რომლებიც ტყვედ ჩაუვარდნენ გერმანელებს და რომელთა საერთო სახეც არის პნიშკინის ფილმის მთავარი გმირი. ეს არ იყო ის ინტელიგენცია, რომელმაც, როგორც ამბობენ, ვირულ მუშაობაში აჯობა გლეხებს, მაგრამ ძალადობაში დამარცხდა რეციდივისტებთან. ეს იყო სიკვდილთან შეხვედრილი, მასთან ერთად წლობით ნასიარულები და სისხლს მიჩვეული ხალხი, რომელსაც პასუხის გაცემა შეეძლო და გულაგში გაქცევების სერიები დაიწყო.

 “მაიორი პუგაჩოვი მიხვდა, რომ თუკი თავის ბიჭებთან ერთად მალევე არ გაიქცეოდა აქედან, გაზაფხულის მოსვლისთვის მუშაობისგან ინვალიდებად ქცეულებს, გაქცევის ჯანი აღარ ექნებოდათ”. დანარჩენი თვითონ წაიკითხეთ.

 ან რატომ მომყავს ამდენი ციტატა? უბრალოდ აიღეთ “კოლიმური მოთხრობები” გადაშალეთ, დაიწყეთ და აღარასოდეს იქნებით ისეთები, როგორებიც იყავით, იმიტომ რომ ყელში წაგიჭერთ, იმიტომ რომ იქ არაფერია ზედმეტი, ყოველი სიტყვა ისეთი მტკივნეულია, თითქოს ფრჩხილებით ამოკაწრეს ქვაზეო და ფრჩხილებით გათლილი ოფსიდიანებისგან აჩონჩხლილი ეს მოკლე მოთხრობები სულ უფრო და უფრო ცხადად შეგაგრძნობინებს რომ სუსტი ხარ, რომ შენ იქ ვერ გაქაჩავდი, გატყდებოდი, დაიმსხვრეოდი, მოკვდებოდი, ის კი გადარჩა და მიუხედავად ყველაფრისა მაინც გაბედა და თქვა:

 “ექიმი რაღაცეებს მეკითხებოდა, ძლივძლივობით ვპასუხობდი. მარტო ყოფნა მინდოდა. წარსულის არ მეშინოდა!”

 ოღონდ ესენი რომ დაეწერა ჯერ ჩვიდმეტი წელი უნდა მოეხადა იქ. ჯერ უნდა გადარჩენილიყო, შემდეგ ადამიანის სახე დაებრუნებინა, რასაც მეხსიერების დაბრუნება მოჰყვებოდა და მხოლოდ ამის მერე დაეწყო წერა, ისიც გონებაში, იმიტომ რომ კარგად იცოდა, რაც ნახა, იმას კარგა ხანს ფურცელზე ვერ გადაიტანდა, იმის თქმა მეოცე ყრილობის შემდეგაც კი, სადაც ხრუშოვმა მიწასთან გაასწორა სტალინი, არ შეიძლებოდა, იმის თქმა არასოდეს არ შეიძლებოდა.

 ან როგორ უნდა ეთქვა შალამოვს ის, რაც არ ითქმება, როგორ უნდა დაეწერა ის, რაც არ იწერება?! როგორ ჭამენ დამშეული პატიმრები ტრაქტორის თეთრ სოლიდოლს, როგორ პარავენ საწოლის მეზობელს ცოლის სურათს, რომ დაენძრიათ, როგორ ვერ მოერია გემის ხელმძღვანელობა ქვედა გემბანში გამომწყვდეულ აჯანყებულ პატიმრებს, როგორ მიუშვა იქ ზღვის ყინულიანი წყალი და როგორ მოადგა ნაგაევოს ყურეს გემი ამ მკვდარი ტვირთით.  მანაც ყველაზე სწორი გზა აირჩია და თქვა ისე, როგორც ნახა – მშრალად, შელამაზების, თითქოს ლიტერატურული ხერხების გარეშე, რადგან იმ თეთრ ჯოჯოხეთში ლიტერატურის ადგილი აღარაა და სწორედ ამიტომ არის მისი მოთხრობების ყოველი სიტყვა დანასავით ბასრი, ეს ხომ ის ფოლადია, რომელიც იაპონურ კატანაზე ათი ათასზე უფრო მეტჯერ გადაიდნო და გამოიწრთო მის დამშეულ, დაავადებულ, ვერგატეხილ და მაინც დამარცხებულ გონებაში.

 “ყველანი მოკვდნენ”, ასე იწყება მისი ერთი მოთხრობა.  ვკითხულობ და არ ვიცი რატომ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ერთი სიტყვაც არ არის ტყუილი და ეს დოკუმენტური ნეკროლოგი ლანცეტივით გიფატრავს სულს.

 

 

1 2 3 4