ციხეს მორღვეული მავთულხლართი იცავს, მაგრამ ვერ გაიქცევი, წინ ტაიგაა, მოთხრობაც კი აქვს ამაზე შალამოვს, ერთი ციხიდან საკუთარი ნებით რომ წამოვა, მეორისკენ მიაბიჯებს, გზა  მგონი, ათი კილომეტრია, ისიც მიდის და იმ თავისუფლებით ტკბება, რომელიც  ციხიდან ციხმედე მიმავალ გზაზეა.

 თოთხმეტსაათიანი სამუშაო დღე.

მინუს ორმოცდაათი გრადუსი და მოთხრობა “დურგლები”, სადაც ორი დამშეული პატიმარი იტყუება დურგლები ვართო, რომ ყინავს გადაურჩნენ. ტანით ვგრძნობდით, მალე სითბო უნდა დამდგარიყოო და დადგება კიდეც მინუს ორმოცი. ასეთი მკვეთრი ვარდნის შემდეგ კი მუშაობა იოლიაო.

 ბარაკები, რომლებიც არ თბება და რომლებშიც დაღლილობისგან არავინ ლაპარაკობს.

რეციდივსტები, რომლებიც არ მუშობენ, გკლავენ, გართმევენ, გპარავენ და თუკი არ ეძინებათ, დამშეულ ინტელიგენტს თავის ნარზე დაიბარებენ და პურის ნაჭრის საფასურად მთელი ღამე აამბობინებენ რომელიმე სქელტანიან რომანს, ვთქვათ, ჰიუგოს “საბრალონს”.

და შიმშილი, მუდმივი, საშინელი შიმშილი, ადმიანებს მხეცებად რომ აქცევს. წყალწყალა სუპი ან მარილიანი სელიოდკა, სამასი ან ხუთასი გრამი შავი პური (გააჩნია როგორ იმუშავე), რომელსაც არავინ ჭამს სუპთან ერთად, ბარაკში მოაქვთ, ღუმელზე ხუხავენ, მერე კი რაც შეიძლება დიდხანს ლოღნიან, და მოთხრობა “პური”, რომლის წაკითხვის შემდეგაც გადამძღარსაც კი, შეუძლებელია, ცხელი პურის სუნი არ გეცეს ცხვირში.

 რა, ფენტეზი არ არის ახლა ეს ჩვენთვის?

 შალამოვი კი იქ იყო, არ თხოულობდა, არ იცინოდა, არ ოცნებობდა, არაფრის იმედი აღარ ჰქონდა, უბრალოდ, ჯორივით თავდახრილი, არაქათგამოცლილი მუშაობდა, შიმშილისგან სიტყვები ავიწყდებოდა, ვეღარ ლაპარაკობდა და არ კვდებოდა.

 ჯინაზე.

მგონი სულ ორჯერ გაძღა იქ, ერთხელ, როდესაც “გამოფიტვის” დიაგნოზით, სინამდვილეში კი ალიმენტარული დისტროფიით საავადმყოფოში მოხვდა, დაისვენა, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, ჭამა და “უცებ მოვიდა სიტყვა, ისეთი ლამაზი, ისეთი შეუფერებელი ამ საშინელი ადგილისთვის და მე ხმამაღლა წამოვიყვირე – სენტენცია!” და მეორედ, როდესაც თქვა, ემიგრაციაში წასული ბუნინი დიდი რუსი კლასიკოსი მწერალიაო და ამ ფრაზის გამო ათი წელი დაუმატეს.

სასჯელის მომატება ისევე მიიღო, როგორაც მანამდე ცხოვრობდა იქ, უხმოდ, გაუპორტესტებლად დახარა თავი და ოქროსმომპოვებელი საბადოების ჯურღმულებისკენ წალასლასდა.

ყველგან გაუშვეს.

 “ჯელგალა”, “არკაგალა”, “პარტიზანი”, “შავი ტბა”, ეს ის სადიდო ზღაპრების გზებია, სადაც გზაჯვარედინებზე სულ ერთი და იგივე წარწერებია ამოტვიფრული: “აქეთ წახვალ მოკვდები”, “იქით წახვალ და მაინც მოკვდები”.. ის კი წავიდა და გადარჩა, მეორე გზას გაუყენეს, ისევ გადარჩა, მერე მესამეს და მაინც გადარჩა.

 თითქოს ბოღმისაგან უარი თქვა სიკვდილზე.

მგონი, ჰემინგუეის უწერია, ადამიანი შეიძლება მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხებო! შალამოვთან პირიქით მოხდა, ვერ მოკლეს, მაგრამ გაანადგურეს, რადგან სამუდამოდ დააკარგინეს ადამიანის რწმენა. მან ხომ ისეთი რამეები ნახა, რაც ადამიანმა არ უნდა ნახოს, იმიტომ რომ ადამიანმა არ უნდა დაწეროს, “კაცის სულიერი განდგურება, ფიზიკურზე ბევრად უფრო ადრე დგება!” ან “მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ საკუთარი გამძლეობის და არა გონების ხარჯზე გავმეფდით ამ სამყაროში. მინახავს, როგორ კვდებოდნენ მუშაობისგან ცხენები, ადამიანი კი ცოცხლობდა”, რომ “თუკი გაჭირვებას ერთად გაუძელით, ეს ნამდვილი გაჭირვება არ არის” რადგან იქ ყველა მარტო რჩება, თავისთვისო! და რამდენად საშინელი სათქმელიც უნდა იყოს, ვერ მოედავები ერთი უბრალო მიზეზის გამო – არ გინახავს, აი, მან კი საკუთარი თვალით იხილა, როგორ მარტივად ძვრება ადამიანის სახიდან კულტურის მყიფე თასმით მიმაგრებული ნიღაბი და იქიდან მხეცი იწყებს ცქერას. თუ როგორ სამარცხვინოდ ჩავარდა პროექტი – ადამიანი!

შალამოვმა ეს საკუთარ თავზე გამოცადა, თვითონ იცხოვრა ბევრი წელი ბლატნოების ციმბირული მთავარი დევიზით: “დღეს შენ მოკვდი და მე ხვალ მოვკვდები!” როდესაც ციმბირში გადმოსახლებულ, სიკვდილის პირას მყოფ ცოლისდას, რომელიც წერდა, შენთან ახლოს ვარ და შევეცდები გნახოო, სულ სამი წინადადება მისწერა: “ასია, საჭმელი და თუთუნი გამომიგზავნე, ძალიან ცუდად ვარ”. როდესაც ფელდშერად მოეწყო, ადგილის დაკარგვის და უკან საბადოების ჯურღმულებში დაბრუნების შიშით მაგარ, მაგრამ ზედმეტად მკაცრ ექთნად იქცა, მოყინვების მორჩენის ოსტატი, ეგრევე ხვდებოდა, ვინ სიმულიანტობდა და ვინ არა. სიმულიანტებს კამფორის ზეთის ინექციას უკეთებდნენ, რასაც კუნთების არაბუნებრივი დაჭმივით, ლამის ეპილეფისურ შეტევამდე მიჰყავდა პაციენტი და ექიმები ხედავდნენ, სინამდვილეში სხეულის რა ნაწილი მუშაობდა  და რა არა, თან ისეთი მტკივნეული იყო, პატიმრები ერთი ასეთი ინექციის შემდეგ იხვეწებოდნენ, უკან დაგვაბრუნეთ ოქროს საბადოებშიო. შალამოვს ეს არ სჭირდეობდა, იცოდა ბანაკის ცხოვრება, ფელდშერად დანიშნული ბლატნოებს კოჭს არ უგორებდა, რის გამოც მოკვლა დაუპირეს, “მისი თავი რომელიღაცა ბლატნოიმ კარტში წააგო”, ბანაკში თავისი კონტაქტებით და დიპლომატიით ცნობილმა ექიმმა ლოსკუტოვმა უშველა, კარგი იცხოვროს შენმა “ლეპილამო”, უთხრა ბებერმა ქურდმა ლოსკუტოვს, რომელსაც ეს ქურდი სიბრმავისგან მოერჩინა და შალამოვიც გადარჩა, მაგრამ საავადმყოფოში ჩაიკეტა და ორი წელი არ გასულა გარეთ. ასეთმა ცხოვრებამ შალამოვს სიბრალული გაუქრო. ქვად იქცა, ოღონდ ძალიან მომთხოვნ ქვად. მოეჩვენებოდა რაღაცა და მორჩა. ერთხელ ჩათვალა, რომ მისი დამხმარე სიმულიანტობდა, ვითომ ავად იყო და უარი თქვა მის დახმარებაზე, არ მჭირდებაო. იმ საწყალს კი ის ელოდა, რისიც ასე ეშინოდა შალამოვს – უკან, საბადოებში დაბრუნება, და თავი ჩამოიხრჩო, “და მე უცებ მივხვდი, რომ უკვე გვიანია ჩემთვის მედიცინის სწავლა და ცხოვრებისაც”. ასე მთავრდება ეს მოთხრობა, რომელსაც ის სახელი ჰქვია, რადაც, მიხვდა, რომ გულაგმა აქცია – “მარადიული ყინული” და ამან კიდევ უფრო დაბოღმა.

 

 

1 2 3 4