აკი ვამბობ, სწორედ ამიტომ თქვა სიკვდილზე უარი, ამ ნეკროლოგში ჩამოთვლილი ხალხის მაგივრად რომ ეძია შური, თორემ სამყაროს გადასარჩენად არ დაბრუნებულა უკან, რადგან კარგად იცოდა, ვერც ლიტერატურა და ვერც სხვა ვერაფერს გვასწავლიდა, ვერ გვიხსნიდა მომავალი გულაგებისგან. დაბრუნდა რომ პირში მოეხალა ჩვენთვის, რაც პნიშკინის ფილმის ბოლო კადრში მარტო იმ ორმა ყოფილმა პატიმარმა იცოდა, ყველასთვის გაეგებინებინა, რას უშვრებოდა ეს ვითომ სანიმუშო ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს, რა ხდებოდა იქ, ციმბირში, და შერცხვენოდა საკუთარი უვიცობის, დუმილის, სიბნელის; რომ მომავალი მწერლებისთვის და რეჟისორებისთვის ეჩვენებინა დამნაშავეთა სამყაროს ნამდვილი სახე, რის გამოც ამ სამყაროს ლეგენდებით დახუნძლული ისტორიის გულშემატკივრებს არ უყვართ მისი მოთხრობები და ამბობენ, ჩამშვები იყოო, რადგან ბოლო წლები ფელდშერად მუშაობდა, ფელდშერები კი ყველანი ჩამშვებები იყვნენო. მაგრამ თუ ასეა, მაშინ მისი მოთხრობების გამოქვეყნების შემდეგ რატომ არ აუფრიალა საბჭოთა კავშირმა ცხვირწინ საკუთარი წარსული და არ უთხრა, მოიცა, მოიცა, ახლა რო ყვირი, შენ ესა და ეს არა ხარო, და ამის სანაცვლოდ რატომ ვერ მოახერხა იმაზე მეტი, რომ სიბერეში იძულებული გაეხადა, უცხოეთში დაბეჭდილ საკუთარ მოთხრობებზე ეთქვა უარი?
ჰო, ბოლოში შალამოვიც გატყდა, დაბერდა, დაიღალა, შეეშალა, შეეშინდა თუ რა იყო კიდევ, არ ვიცი. ძნელია იმ კაცის გაგება, რომელმაც ჩვიდმეტი წელი ციმბრის ყინულოვან ჯურღმულებში იხეტიალა, მერე მრავალი წელი დასაძინებლად ნებუტალს სვამდა, ქუჩაში მოარულს კი ხოაკიმ ჰენიქსის ჯოკერივით ჯიბეში ფურცელი ედო წარწერით, რომ ეს კაცი მძიმე ავადმყოფია და რა ოგორ უნდა მოიქცეს გამველელი, თუკი ის წაქცეული ნახა ქუჩაში. თორემ ხშირად მინევრას დაავადების გამო აბარბაცებული ან დაცემული მთვრალი ეგონათ ხოლმე და მილიცას იძახებდნენ. ჰოდა, ამიტომაც არ ვიცი, საკუთარი ნებით თქვა უარი უცხოეთში გამოქვეყნებულ თავის ნაწერებზე თუ არა. მაგრამ ვიცი ის, რომ მსოფლიოს შემორჩა მისი მოთხრობები, რომლებსაც უკვე დამარცხებული და თითქმის ყველასგან მიტოვებული ისევ ხელახლა წერდა და წერდა, და იმეორებდა და იმეორებდა სიუჟეტებს იმაზე, თუ როგორ შიოდა, როგორ სციოდა, როგორ ითელებოდა, როგორ არ თხოულობდა, როგორ არ ენდობოდა და წერდა იქამდე, სანამ მისი ტექსტები დოკუმენტურ ბოდვას დაემსგავსა, იქამდე, სანამ არ მოკვდა.
გულაგიდან ადევნებული სიკვდილი მოხუცთა თავშესაფრიდან ფსიქიატრიულში გადაყვანისას დაეწია. უკვე წლებია მარტო იყო, თავშესაფარს ციხედ აღიქვამდა და ციხის წესებით ცხოვრობდა, პურს და ზეწარს ბალიშის ქვეშ მალავდა, საჭმელს სწრაფად ჭამდა, სხვა ყველაფერი წაშლილიყო მისი ცხოვრებიდან.
ფსიქიატრულში გადაყვანისას გაცივდა და იქ მიყვანილი 75 წლისა გარდაიცვალა. დამარცხებული გმირი, რომელსაც გმირების არსებობის არ სჯეროდა.
ავტობუსის მძღოლს, რომელსაც მისი ერთი მუჭა ჭირისუფლები სასაფლაოსკენ მიჰყავდა, სტალინის სურათი ედო საქარე მინაზე.
