შალამოვი

 

რა თქმა უნდა, ვარლამ შალამოვი

ახალგაზრდა კაცი ხალხმრავალ პარკში მიაბიჯებს, გამხდარია, ყვრიმალებამოყრილი, რუხი პლაში აცვია და შავი ქუდი ახურავს, ხალხის ნაკადიდან მისკენ ზურგზე ბოხჩამოკიდებული მოხუცი მოდის, ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მოჰკრავენ თუ არა თვალს, ნაბიჯს ანელებენ, რადგან სიარულის მანერითვე ხვდებიან – ორივენი ციმბირის ციხეებიდან დაბრუნებულან. ახალგაზრდა სიგარეტს იღებს, მოხუცი ასანთს უკიდებს და კადრიც ნელ-ნელა შორდება, რომ უკეთ გამოაჩინოს,  როგორ ჩამდგარან ეს ორნი ვეებერთელა პარკის შუაგულში და როგორ უდარდელად მიედინება მათ ირგვლივ ადამიანების ნაკადი.

ეს პნიშკინის ბრწყინვალე ფილმის “53 წლის სუსხიანი ზაფხულის” უკანასკნელი კადრია, რომელიც საბჭოთა კავშირის ლამის ოთხმოცწლიან ისტორიას იტევს და ეს ფილმი არსებობს, იმიტომ რომ არსებობენ  წიგნები, რომლებიც შანსს გაძლევს, უკეთესი გახდე და არის განადგურებული ადამიანების დაწერილი სრულიად უიმედო წინგები, რომლებიც ფიზიკურად გადაგარჩენს, გასწავლის, როგორ უნდა იარო ორმოცგრადუსიან ყინვაში, ისე რომ არ გაიყინო, გასწავლის, როგორ უნდა იცხოვრო იმედის გარეშე, როგორ უნდა გადარჩე იქ, სადაც ვერ გადარჩები. ასეთი წიგნები არც თუ ცოტაა და სამწუხაროდ, ისინი ძირითადად მეოცე საუკუნეშია დაწერილი.

 პრიმო ლევი, თადეუშ ბოროვსკი, ელენა გინზბურგი და რა თქმა უნდა, ვარლამ შალამოვი, კაცი რომლის გარეშეც დღეს სამყაროს არ ექნებოდა სერგეი დოვლატოვის “ზონა” და არ ეყოლებოდა სვეტლანა ალექსეევიჩი.

 ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. ვარლამ შალამოვის მამა, თავის დროზე ესკიმოსებში მისიონერად ნამყოფი (ალიასკაზე რუსული მისია იმის მერეც შემორჩა, რაც რუსეთმა იქაურობა ამერიკას მიჰყიდა) და ამისთვის ოქროს ჯვრით დაჯილდოვებული, მკაცრი და თავისებური ხასიათის მქონე ვოლოგდელი მღვდელი ტიხონ შალამოვი ყველაზე წინ განათლებას, თანამედროვე იდეებს და ადამიანის ფიზიკურ მოხერხებულობას აყენებდა, ამიტომ უყვარდა გამორჩევით შვილებში შუათანა,  კარგი მსროლელი და მოჩხუბარი, სწრაფი,  მოქნილი, ფეხბურთზე გადარეული და კარგადაც მოთამაშე სერგეი. ალბათ სწორედ ამიტომ ზრდიდა წიგნის ჭია ნაბოლარა ვარლამს სპარტანულად: დილას ჭიდან ამოღებული წყალი უნდა გადაევლო, დაბადების დღეზე თავისი ხელით დაეკლა საყვარელი ციკანი და, მგონი, სწორედ ეს, საკუთარი უხალისო, მკაცრი ბავშვობა გადაარჩენს მომავალში დიდ მწერალს, დაბერებულ, დაბრმავებულ, შიმშილით და ავადმყოფობით მოფახფახებულ მამაზე და დედაზე დაწერილი მოთხრობა კი ერთადერთი იმედის ნაპერწკლიანი ტექსტი იქნება მის შემოქმედებაში.

ტიხონ შალამოვი იმ ღამეს დაბრმავდა, როდესაც სერგეი მოკლეს. ამბობენ, გლოვისგანო, მაგრამ კარგა ხანს არც სინათლედაკარგული გატეხილა, ჩაკიდებდა ხელს ვარლამს და სახალხო შეკრებებზე ათეისტებთან საკამათოდ გასწევდა. ბავშვური უსუსურობა მერე მოვიდა, სიბერესთან ერთად.

 შალამოვი მოსკოვში წამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად. არსად არ მიიღეს, მღვდლის შვილი ხარო, და ისიც შავი წარსულის ამოსათეთრებლად ქარხანაში მოეწყო მუშად. 1920 წლების რუსული ქარხნები ცალკე რომანის თემაა, ყველა დაზგასთან მღვდლის, დიპლომატების, ინტელიგენტების, აკადემიკოსების შვილები რომ იდგნენ და ასე ცდილობდნენ, მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული დანაშაულის გამოსყიდვას.

მოგვიანებით უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 1927 წელს დაასმინა თანაკურსელმა – მეუბნებოდა, სამხრეთელი ვარო, წელს კი ვოლოგდაში ვნახე, ავედევნე, თურმე იქ ცხოვრობს სადაც ადრე მღვდელი სახლობა და უეჭველი იმის შვილი იქნებაო. 1928 წელს კიდევ ექვსჯერ დაასმინეს. როგორც ჩანს, მართლაც ურჩი იყო (ეგეთებს მანდელშტამის ქვრივი შემდეგში “ჯერ კიდევ შეუშინებლებს” დაარქმევს) ერთი წლის შემდეგ კი იტაკქვეშა ახალგაზრდულ ტიპოგრაფიაში დაიჭირეს, ლენინის ანდერძად წოდებული წერილის გავრცელებისათვის. იმ დროის მისი მეგობრებიდან მგონი, ვერცერთი ვერ გადაურჩა 1937 წელს.

სამი წლით უკრეს თავის ჩრდილოეთ ურალის, ვიშერსის ციხეში. იქ გაიცნო ციმბირის მომავალი კოლონიზატორი ბერეზინი, შემდეგში საკუთარ გუნდთან ერთად, იაპონიის ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი კაცი, ვისაც ორგვარად აფასებენ – ერთნი იძახიან, მარტო ეგ უვლიდა პატიმრებსო, მეორენი კი ამბობენ, ჩვეულებრივი ჯალათი იყოო. ვიშერის ციხეში პატიმრებს საკუთარი კლუბი და ბოსტანი ჰქონდათ და ალბათ ამიტომ, შალამოვს ჯერ კიდევ სწამდა უამრავი რამის, საპროტესტო წერილებს და ლექსებს წერდა, ბადრაგებს ეპასუხებოდა, შეპასუხების ხალისი წლების მერე გაუქრო ციმბირმა. მანამდე კი იქ, რომელიღაც პატიმართან ჩამოსული მსახიობი ქალი, გალინა გუდზი გაიცნო, შეპირდა, როცა გამოვალ, გამოგივლით მოსკოვშიო, გაუარა და ცოლად შეირთო. მაგრამ ვიშერის ციხემ ეჭვი გაუჩინა, მე რომ გაკულაკებას ვემხრობი, აგერ ჩემი თვალით არ ვუყურებ, როგორ აშენებს ამ გაკულაკებული, ამ  უფასო, დამშეული მუშახელით ჩვენი, ვითომ საკუთარ ხალხზე ასე მზრუნველი ქვეყნა, ფაბრიკებს და ქარხნებსო?!

განთავისუფლების შემდეგ, მშობლები მოინახულა და უკან, ვიშერებისკენ გაბრუნდა, თავისუფალ მუშად ჩავეწერები და წარსულს ბოლომდე ამოვისუფთავებო. მერე ცოლი შეირთო.

 1933 წელს მამა გარდაეცვალა, 34-ში დედა. მამის დაკრძალვაზე ჩასულს დედამ უამბო, მარტოდ დარჩენილებმა და დამშეულებმა  როგორ დაჭრეს ნაჯახით და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს ალიასკიდან  ჯილდოდ ჩამოტანილი მამის ოქროს ჯვარი, და ისიც, რომ ალიასკიდან, უკანასკნელმა რუსმა მისიონერმა, მამა ისოებ შმალცმა 83 დოლარი ააგროვა ალეუტებში და ტიხონს გამოუგზავნა. შალამოვმა მამის საფლავის ჯვარი ჩაიხატა, ადგილმდებარეობის ზუსტი ჩაწერა კი დაავიწყდა, რის გამოც მისი მშობლების საფლავი დაკარგულია, იციან რომ ვოლოგდის სასაფლოზეა, მაგრამ ზუსტად სად, არა.

 1935 წელს შალამოვს გალინასთან ქალიშვილი, ელენა შეეძინა.

გალინა გავლენიანი რევოლუციონერის ოჯახიდან იყო, მისი ძმა ბორისი – ცნობილი ჩეკისტი,  იმ გახმაურებული ოპერაციის მონაწილე, როდესაც ჩეკამ ესერების ლეგენდარულ ლიდერს, ტერორისტს და მწერალს ბორის სავინკოვს ციხეში მოაკვლევინა თავი –  ხშირად ურჩევდა, შენი ტროცკისტობის გამო პატიება ითხოვე და გეშველებაო. ჰოდა, 1936 წელს შალამოვმა საკუთარი ხელით მისწერა ორგანოებს ტროცკიზმისგან განდგომის წერილი და მალე ისევ დაიჭირეს. ის და ბორისი ცხოვრების ბოლომდე ვერ იტანდნენ ერთმანეთს, ისე რომ, ერთხელ ცოლის სახლში მისულს, ცოლისძამამ მილიცია დააყენა თავზე, პატიმრისთვის დაშვებულ საზღვრებს არღვევსო. ბორისმა 2002 წელს ასი წლის იუბილე გადაიხადა.

მოკლედ, შალამოვი 58-ე “ლიტერნი” სტატიით გაასამართლეს და ციმბირში, კოლიმაზე გაგზავნეს. „კ.რ.ტ.დ“  ეწერა მის საქმეში, ანუ კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობა. პირველი, მეორე და მეოთხე ასო ნიშნავდა, რომ ან ციხის უფროსობა ამოგხდიდა სულს მუშაობით, ან კიდევ “ბლატნოები”, რომლებიც 37 წელში, მხარში ამოუდგნენ სახელმწიფო ინიციატივას, ხალხის მტრები გავანადგურთო. მაგრამ აბრივიატურის მესამე ასო “ტ”, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა, დახვრეტა არ გეკუთვნოდა, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებული იყო, მომკვდარიყავი.

ლენინის დროს ხალხის მტრებს პირდაპირ ხვრეტდნენ, მერე კი გაჩნდა აზრი, მოდით, ეს ხალხი კი არ დავხოცოთ, არამედ ქვეყნისთვის საჭირო საქმისთვის გამოვიყენოთო და ასე დაიფოთლა საბჭოეთის ვეება სხეული გულაგის (გლავნაია უპრავლენია ისპრავიწილნა-ტრუდოვიხ ლაგერეი ი კოლონიი) ციხეებით. მმართველობა ხელადვე მიხვდა ამ იდეის სარგებლიანობას და გულაგის მიმართულებით უფასო მუშახელით დატვირთულმა ვაგონებმა და გემებმა იწყეს უწყვეტად მიმოსვლა. მატარებლებს და ხომალდებს იქით დამნაშავეები და “ხალხის მტრები” მიჰყავდათ, უკან კი ხე-ტყით, ქვანახშირით, ოქროთი და ურანით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?

 შალამოვი ჯერ ბუტირკის ციხეში მოხვდა, სადაც ფაბრიკა-ქარხნებიდან აქეთ გადმობარგებულ ინტელიგენციასთან ერთად მოუწია ყოფნა, ცნობილი და ლამის უკანასკნელი ესერისგან, ანდრეევისგან მიიღო, მისი აზრით, ცხოვრების მთავარი კომპლიმენტი: თქვენ შეგიძლიათ ციხეში ჯდომა! ამას მთელი გულით გეუბნებითო! და ასე მოხვდა ციმბირში.

 ახლა რომ ვყვები უკვე ფენტეზად მეჩვენება.

 

 

 

1 2 3 4