(მეორე ნაწილი)

 

***

თითქოს, დამთავრდა. ყველაფერი, თითქოს, გითხარი.

მაინც ვბრუნდები ყოველ ჯერზე, როცა მეშვება

ხელი, იმედით – ამ წერილის კვლავ წამკითხავი

ხარ მაშინაც კი, როცა ვიღაც გეუხეშება

ჩემიდან. ვიღაც, ვინც ფეთქდება, ვინც ვერ იგუებს

უშენოდ ყოფნებს. ხელით თვითონ იხსნის ჭრილობებს.

ვისაც მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცინიკური

სიტყვების მიღმა მომაკვდავი გულით ტიროდეს.

 

***

და რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, როგორ მამძიმებს

დრო და ვცდილობ, რომ მოვახერხო ისე შენახვა

ყველაფრის, როგორც შენ დატოვე. ვინმე დამცინებს,

მაგრამ ეს ერთი შანსი მრჩება გადასარჩენად –

გამოგიგონო. გვრჩება ერთი გადარჩენაღა,

თუ წავედით და ვერაფერმა ვერ შეგვაჩერა.

 

***

სისულელეა. მხოლოდ ფურცელს თუ ეხსომება

სიტყვები მაშინ, როცა უკვე ამინდებივით

გამოცვლილია განწყობები. როცა გვაცხელებს.

მე შემიძლია ვიმეორო მთელი ცხოვრება

ის, რამაც უკვე, მგონი, თვითონ დამიზეპირა.

გასარკვევია მე – მას თუ ის მე გამაგრძელებს.

 

1 2 3 4