***

დრო აღარ გადის. დრო გროვდება. დრო იწურება.

ვინ შეგვიბრალებს, თუ პირიქით არ დაგვაბრალა

რაიმე მკაცრი. თუ არ შეძრა ჩვენმა ამბავმა.

თავშესაფრებად. ციხეებად. და მიწურებად

რომ მოვევლინეთ ერთმანეთს. რომ ძალა არ გვყოფნის.

რომ ხან მიდიხარ. ყოველ ჯერზე ამ უარყოფის

ორმოში ვხვდები და ორმოდან გიწყებ ყურებას.

 

ირგვლივ სიბნელე. არაფერი. ირგვლივ მიწაა.

და უღმერთობა. და ყველაზე ეჭვის მიტანა.

და შენ მაღლა ხარ. იბუზები. და მაღლიდანვე

მიწყებ შველას. და ვეღარ ვხვდებით ბოლოს ვინ წავა.

ვის არ ეყოფა გამძლეობა. ვინ უღალატებს

ამ ზღაპარს. ამ ქვებს. ამ ორმოებს. ცრემლის ბარათებს.

ვინ იტყვის : “ჩვენი სიყვარული გარდაიცვალა!”

 

ჩვენი საბრალო სიყვარული. ჩვენი ათასჯერ

უარყოფილი სიყვარული და ვერავისგან

შეყვარებული. ნუთუ ერთ დღეს შევძლებთ გარისკვას

და მის სიკვდილზე ვისაუბრებთ. იქნებ, გადარჩეს…

იქნებ, გადარჩეს. ვჯიუტდები მაინც, ბავშვივით.

და ყველა ბგერა ამ ბავშვივით მაფრთხობს. მაშინებს.

 

ჩვენი საბრალო სიყვარული. როგორ დავტანჯეთ.

 

 

 

1 2 3 4