***

გზას ვერ დავშორდი. შემეშინდა ჩემი სისხარტის.

ვერ დაგიმშვიდე გული ასე მკვეთრი კადრებით.

წარმოვიდგინე, ხე ვიყავი. შენ წყალს მისხამდი.

და უსაშველოდ ვიზრდებოდი. და ჩემს ძარღვებში

ჩქეფდა სიცოცხლე. სიგიჟემდე მომენატრები…

მაგრამ უთუოდ უნდა გამეშვი.

 

უნდა გამეშვი. ჩემს სიკვდილებს ვერ მოგახვევდი.

შენც ხომ არ გსურდა ჩემი გული მკვდარი გეხილა.

მე გავიხსენებ საბოლოოდ როგორ გახვედი…

მთელი ცხოვრება მეყოფა, რომ ვგრძნობდე, მიდიან.

მკერდთან რომ დიდი მონდომებით ჩამოტეხილა,

თუ გინდა, სწორედ იმ ხევიდან გადაგახედებ,

რომ დაინახო რა სიმშვიდეა.

 

რა სიმშვიდეა. რა სიკვდილი. რა უდაბური

არის ადგილი, შენ რომ ტოვებ. მხოლოდ ნაცრისფერ

ლანდს დაინახავ. მუდამ მშვიდს და მუდამ მარტომყოფს.

ვერაფერს შევცვლით და ვერაფერს ვერ დავაბრუნებთ.

რახან მიდიხარ. რახან წასვლებს ასე ამწიფებ,

ნება მიეცი, უშენობა იავადმყოფოს.

 

ნება მიეცი, ისე მოკვდეს, როგორც ისურვებს.

ყველა სიკვდილი ნანახი აქვს. ჯვრებით. ლურსმნებით.

 

სიზმარი იყო. რადგან ძილი ვერ დავისრულეთ,

ნება მიეცი. აგრძნობინე, როგორ უშვებენ…

 

ბოლომდე როგორ იმეტებენ… და არასოდეს

არ გაიხსენო. ოღონდ ერთი. ნება მიეცი

იავადმყოფოს.

არ იყო

და მუდამ ახსოვდე.

 

1 2 3 4