(ნაწილი პირველი)

 

***

რამდენი დღეა, ბედს მინდობილს ღმერთიც შეღავათს

მიკეთებს ყველა ქარიშხლისას და მიმაძინებს

ხოლმე, რომ ვიგრძნო ტანი როგორ გადამეღალა

ამ უძრაობით. წარმოვიდგენ გამქრალ მანძილებს

და შენთანა ვარ. ვერაფერი ვერ მეღობება.

და შენს ხელებში კანგადაცლილ, ცისფერ მძივებად

ვარ გაბნეული, შენს ჟაკეტზე – ფერად კოპლებად.

დღეს ჩემი დარდი რომ აღიქვა, გაგეცინება,

იმდენად ვდარდობ და იმდენად ვცდილობ, გადავრჩე

და დარდმა ბოლო არ მომიღოს, არ შემისრუტოს,

რომ ერთი დილაც გავიგრძელო ჩვენს ვრცელ ზღაპარში,

თითქოს პირველად, მეათასედ რომ შემისრულდი,

მწიფე ცრემლებით გაუწყებ და ქარზე დაყრდნობილს,

რომ არ ვამხელდე ჩემს ტკივილებს, ვერც შემატყობდი.

 

***

არ საუბრობენ ჩემი მხრები. ჩემი თვალები.

ჩემში არავინ არ საუბრობს, გარდა ღიმილის.

და რა აზრი აქვს, სად ვიქნები, სად მეყვარები,

სად ჩამოვჯდები ან სულელი გოგონასავით

თუ სად დავუთვლი გაფითრებულ ფურცლებს გვირილებს.

რაც მთავარია, სიყვარული უკვე მასწავლე.

 

მე არ მქონია სურვილები რთული, მარტივი.

არ მომდიოდა გაზაფხული გაზაფხულივით.

ჩემში არავინ არ საუბრობს და მოზარდივით

ჩემი უნაკლო დუმილებით ვმანიპულირებ.

 

1 2 3 4