***

სად დავმთავრდები, არ ვკითხულობ, სად დამივიწყებს

ღმერთი. ან იქნებ. ან ვინ იცის. ანდა პირიქით.

როგორ მანაზებს მონატრება, მაშინ მეტად ვგრძნობ,

როგორ ულღვება ნაპირები ჩემს ყალბ სიფიცხეს

და მზად ვარ, შენკენ წამოვიდე ყველა ბილიკით.

 

ყველა ბილიკით შენ გახარო ჩემი ლოცვების

ასრულებები. რას დავეძებ ქვებს და ეკლების

ბუჩქებს. ან სადმე ქარიშხლები შემიხორცებენ

და, როგორც ქარი, ბოლოს ისევ შენ მოგეკვრები.

 

***

შენც ხომ ადევნებ ჩემს ცხოვრებას თვალ-ყურს, ღმერთი რომ

უმალ მისრულებს, რასაც არც ვთხოვ  და მიფრთხილდება.

ლამის ავჩვილდე მის ზრუნვაზე და ამეტიროს.

მაინც მგონია, ერთხელ დამსჯის ასე უმადურს

და ყველაფერი შენი სახით გამიფრინდება.

 

***

მე არ მგონია, რომ შემეძლოს რამის ატანა,

რაც ალბათ, ზოგს ზრდის, შეიძლება, უკეთესსაც ხდის.

ისიც მეყოფა, ჩამოსვლიდან რასაც ვატარებ

გულით, და ყველა შენი მოსვლა, ნახე, მანდ არი,

ან სხვაგან უფრო საიმედოდ სად ჩავთესავდი.

 

1 2 3 4