• “რაკრაკა რუსთან რუხი რგოლის რაინდმა რეხვა რუსს რკინის რქაში! – ამის მერე, მაინც ვამბოდი ამ ენისგასატეხს და შედეგი სულ ერთი და იგივე იყო; შეკითხვებიც, პასუხებიც და თხოვნებიც, მოკლედ ყველაფერი, როგორც ზევით აღვწერე ზუსტად ისე მეორდებოდა და მეორდებოდა.

რაღაცნაირი გავხდი, ბოროტი და დაუნდობელი იმ რაინდივით; მეხალისებოდა მისი ატირება თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობდი, ის რომ “რქა” არის თავის შვილი, ჩემს ენისგასატეხს შიშისმომგვრელ ისტორიად, ან საშინელებათა ფილმად აქცევდა, რომელსაც შავ-ბნელით გაჟღენთილი, არანაკლები უკუნეთით მოცული გაგრძელებები ჰქონდა. ეს “სერიები”, თუ ისტორიები იწყებოდა ჩემი თავმუხლ – თვალდახუჭულ – ხვრინვის ანუ რაღაცნაირი ვითომ ძილის დროს და მერე დღეები გრძელდებოდა. ჩვენს შორის ურთიერთობა სხვანაირი გახდა. რა იყო ამის მიზეზი? “რაღაცვიღაცა”. ჰა-ჰა-ჰა; თუმცა სულელი არ ვიყავი და ვხვდებოდი, რომ სინამდვილეში ყველაფრის სათავე, “რაკრაკა რუ”, “რუხი რგოლის რაინდი”, “რკინის რქიანი რუსი”, ან დედამისი კი არ იყო, არამედ მხოლოდ ასო – ბგერა “რ”, რომელის ამდენჯერ და ასე ზედმიყოლებით ერთ წინადადებაში წარმოთქმა ძალიან უჭირდა და რცხვენოდა.

  • კაპიკი გაკაპიებულა, საკაპიკეში ჩაკაპეიკებულა! – ამ ენისგასატეხს უშეცდომოდ ამბობდა. ერთი ამოსუნთქვით “სხლავდა”(“კაპიკი გაკაპეიკებულა”). ჩვენგან განსხვავებით ერთ წუთში შეეძლო მისი ათჯერ გამეორება (“საკაპიკეში ჩაკაპეიკებულა”). ვერავინ ჯობნიდა , უფროსებიც კი;
  • კაპიკი გაკაპიეკებულა, საკაპეიკეში ჩაკაპიკებულა!
  • აბა მაყვალი!
  • მაყვალი გამაყვალებულა სამაყვალეში ჩამაყვალებულა!
  • მაშინ, ბაში – აჩუკზე! – ჩაერთვებოდა, რომელიმე უფროსი.
  • ბაში – აჩუკი გაბაშიაჩუკებულა, საბაშია-ჩუკეში ჩაბაშიაჩუკებულა!
  • კარალიოკი! – ეშმაკურად შეაპარებდა მასწავლებელი.
  • კარალიოკი გაკარალიოკებულა საკარალიოკეში ჩაკარალიოკებულა! – დაუფიქრებლად დასჭექდა და სანამ რაიმეს მიხვდებოდა ენისგასატეხი უკვე უშეცდომოდ და უნაკლოდ ჰქონდა ნათქვამი…
  • ვერ გავიგე როგორ? აბა, კიდევ გაიმეორე! – სთხოვდა მასწავლებელი.
  • კარალიოკი გაკარალიოკებულა საკარალიოკეში ჩაკარალიოკებულა! – უკვე სულ სხვანაირად იმეორებდა ის. მისი “რ”, უფრო “ლრ”-დ ჟღერდა და ხანდახან “ღ”-დაც კი იქცეოდა. შესაბამისად “კარალიოკის” მაგივრად გამოსდიოდა “კარლალიოკი” ან “კაღალიოკი”. ჩვენც მანამდე სანამ მესამე “გ” ჯგუფის პირველი “პედერასტი” გახდებოდა, “კარლალიოკს”, ხანდახან კი “კაღალიოკას” ვეძახდით. სახელად ნატალია ერქვა. ის, გოგო იყო. ის ბიჭი არ იყო, მაგრამ მანამდე ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცოდი. ამიტომ ბიჭი და გოგო, ჩემთვის მხოლოდ ერთს ნიშნავდა – “მეგობარს”, “ჯგუფელს”, იმას ვისთანაც თამაში მინდა და მომწოს. ასე იყო ყველა ჩვენს ირგვლივ.

თუმცა გვყავდა ერთი, რომელმაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ მასთან რაიმეს გარკვევას აზრი არ ჰქონდა. თუკი რაიმეს ვკითხავდით ის ან ეგრევე კბენაზე, ან ფრჩხილებით სახის ფხაჭვნაზე გადმოდიოდა, ან თავისით გაგორდებოდა – დაეცემოდა ძირს და ბღავილს იწყებდა. მას მიხეილი ერქვა, თუმცა ჩვენთან ასე არავინ ეძახდა – ის “უჟმურა” იყო. ყოველ შემთხვეაში ასე ეძახდნენ მას უფროსები. ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი, თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს იყო მისი ნამდვილი სახელი. იმის მერე ყველა “ჭკუისკოლოფის” დანახვა ან გაგონება, კარგა ხანს, ჩემში “უჟმურის” სახეს ამოატივტივებდა.

  • მე ვიცი რას არის პედერასტი! – გვითხრა მან.
  • რა არის? – დავინტერესდით მეც და ნატალიაც.
  • ახხხშშშ! – კატასავით დაიჩხავლა მან და გრძელი და ჭუჭყიანი ფრჩხილები დაგვანახა, მაგრამ როცა ნახა რომ არაფერს ვაპირებდით უფრო ახლოს მივიდა და ყურში ჩაგვჩურჩულა:
  • პედერასტია ისაა, როცა კაცი ჭამს კაცს!
  • კაციჭამია? – აღვფრთოვანდით ორივე და წარმოვიდგინეთ როგორ ჭამდა კაცებს ნატალიას მამა და მერე ჩვენ როგორ ვახრაშუნებდით “ორცხობილასავით” მათ თოჯინისხელა ორეულებს.
  • შენ გოგო ხარ და ვერ იქნები პედერასტი. კაცი უნდა იყო! – დამცინავად მიახალა მან ნატალიას და ხელიც კი ჰკრა.
  • შენ ღლა იცი მე ვინა ვარლ! – გაბრაზდა ნატალია და თმებზე მთელი ძალით დაქაჩა. “უჟმური”, როგორც ყოველთვის ეგრევე გაიშხლართა იატაკზე, დაიწყო ხელებისა და ფეხების ქნევა და ბღავილი. ჩვენ გავეცალეთ და ხტუნვა-ხტუნვით გავაგრძელეთ ყვირილი:
  • კაციჭამიები ვართ! კაციჭამიები ვართ! კაციჭამიები ვართ!

ამასობაში უფროსებმა მიაქციეს ყურადღება აჩხავლებულ ბავშვს და მის დასამშვიდებლად, განერვიულებული და დაღლილი სახეებით გაემართნენ:

  • რა გატირებს მიშიკო? ადექი მიშიკო, არა გრცხვენია? კაცი არა ხარ?
  • არა ვარ! მე ბავშვი ვარ! ბავშვი ვარ! – არ ცხრებოდა “უჟმური” მიშიკო.
  • ვინ გაწყენინა, ჩემო კარგო მიშიკო? – დამტკბარი ხმით ეკითხებოდა მასწავლებელი და ცდოლიბდა მის ფეხზე წამოყენებას.
  • პედერასტებმა! – მკაფიო ხმით მიაკივლა მან და კიბორჩხალასავით გააგრძელა ფეხებისა და ხელების ქნევა.
  • ვიინ? – ლამის წამოიყვირა მასწავლებელმა. მისი ხმა იმდენად გამყინავი და ხმამაღალი იყო, რომ მოსალოდნელი დასჯის მოლოდინში, ოთხაში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.
  • იმ ორმა პედარსტმა! – გაიმეორა უცებ დაწყნარებულმა მიშიკომ და თითი ჩვენკენ გამოიშვირა.
  • შეენ მიშიკო, უზრდელიც ყოფილხარ და თავხედიც! – გაბრაზდა მასწავლებელი და იატაკიდან ლამის ყურით აწია “უჟმური”. მიშიკო გაუძალიანდა, მაგრამ რას აჯობებდა გამოცდილ პედაგოგს. მასწავლებელმა, ასევე მიახოხიალა ის კუთხეში და მთელი კლასის გასაგონად წარმოსთქვა:
  • ყველა უზრდელი და ტუტუცი, ასე მიკუთხებულებით დაისჯება!
  • აბაბაბაბაბაბააააა! – ბღაოდა მიკუთხებული, – აააააბავაბაბავავაბაბავა!
  • ხმა არ გავიგონო შენი, თორემ დავუძახებ ექიმს და დიდ ნემსს გაგიკეთებს!
  • მმმმფფფმფმგმგგმგმდმებბბბ! – მიკუთხებული გადავიდა ზლუქუნზე.
  • დაუძახე დარაჯს, წამოიღოს ჟანგიანი დანა და დააჭრას ამ უჟმურს ყურები!

“ჟანგიანმა დანამ” იმოქმედა და ის გაჩუმდა, მხოლოდ ხმადაბლა ოხრავდა და ჩვენსკენ აპარებდა გაბოროტებულ მზერას. მასწავლებელმაც ყურადღება ჩვენზე გადმოიტანა და თავისთან მოგვიხმო. არასასიაოვნოს ამბების მოლოდინში, “გაოცებული” სახეებით მივუახლოვდით მას და ყოველ შემთხვევისათვის თავები დამნაშავეებივით დავხარეთ.

“დავხარეთ თქო” – კი ვიფიქრე და ვთქვი, რადგან ასე მეგონა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი. თურმე დავდახრილი, მხოლოდ მე ვიყავი, პირველ და მთავარ “კაციჭამიას” არც კი უფიქრია ამის გაკეთება, ის კოპებშეკრული, პირდაპირ თვალებში უყურებდა მასწავლებელს; გოგოსთან შემრცხვა და მე ბიჭმაც ავწიე თავი. ამაყად არა, მაგრამ შეუპოვრობის ჟრუანტელმა მაინც დამიარა.

  • თქვენ ხომ აქ ყველაზე კარგი ბავშვები ხართ, რას ერჩოდით საცოდავ მიშიკოს? – დაგვიყვავა მასწავლებელმა.
  • შენ ვერ იქნებიო ისაო… – აზლუქუნდა ნატალია.
  • ვინ ვერ იქნებიო?
  • კაციჭამიაო!
  • კაციჭამია ვერ იქნებიო? – დაიბნა მასწავლებელი, – რატომო?
  • იმიტომ, რომ გოგო ხაროოოო! – უკვე გულიანად ტიროდა ჩემი “კარალიოკი”.
  • დედა ეს როგორ გაკადრა?! – “აღშფოთდა” ის და თავზე ხელი გადაუსვა, – მოგატყუა! ეგ ყველაზე დიდი ნიჭია, რაც გოგოებს აქვთ და ნუ ტირი.
  • აბა გოგოები ვერ იქნებიანო პედ…
  • აგერ მე ვარ ყველაზე დიდი კაციჭამია! – გააწყვეტინა მასწავლებელმა და სევდიანი თვალებით, ფარდებზე ჩამოკორწიალებულ გირლიანდებს გახედა, – სამი კაცი ისე მყავს შეჭმული, ჯერაც არ არიან ამის აზრზე!

 

 

 

1 2 3