ცამეტნაირად დანახული შავი შაშვი

1

უშველებელი, დათოვლილი ქედების ფონზე
მარტოდმარტო
შავი შაშვის თვალი იძვროდა.

2

ქვეყნიერების სამნაირი შგრძნება მქონდა:
ხე ვიყავი, რომლის ტოტებზეც სამი შაშვი
ჩამომჯდარიყო.

3

აჰა, შაშვი შეფრთხიალდა
ფოთოლცვენის კორიანტელში,
ო, ეს იყო პანტომიმის ერთი დეტალი.

4

მამაკაცი და დედაკაცი
ერთხორც ხომ იქმნა,
ასევე კაცი, ქალი და შაშვი
იქმნა ერთსხეულ.

5

არც კი ვიცი, რა მირჩევნია, ხავერდოვანი მოდულაცია
თუ ეფექტი ნაგულისხმევის –
შავი შაშვის გალობა
თუ სიჩუმე ამ გალობის შემდეგ.

6

ყინულის გრძელი ლოლუები
ფანჯრის მინებზე,
იმის მიღმა კი შავი შაშვის
ჩრდილი ქანაობს.
განწყობილება ამ ჩრდილს უკან
ისე მიჰყვება,
როგორც პირვანდელ იდუმალ მიზეზს.

7

ო, ხადამის ბრძნადშერაცხილნო,
რად გინდათ ნეტავ წარმოსახული
ოქროს ჩიტები,
ნუთუ ვერ ხედავთ
თქვენი ქალაქის ქალბატონთა
ფერხთით შაშვის ჩრდილი მოძრაობს.

8

ო, მე ვიცი საზომები ათასნაირი
და წკრიალა, ტკბილსასმენი რითმაც მიცვნია,
თუმცა ისიც მესმის მკაფიოდ,
ყოველივე ამაში რომ შავი შაშვი
მონაწილეობს.

9

როდესაც შაშვი გაქრა
ჩემი თვალთახედვიდან,
შემოწერა ჩიტმა ერთი თვალსაწიერი.

10

შავმა შაშვებმა
გადასერეს მწვანე ნათელი.
მე მჯერა, კეთილხმოვანების
მოყვარულები
მათ შეხედავდნენ
და გამყივან ხმას გაიღებდნენ.

11

მას გზად ედო კონეტიკუტი,
გზაში უეცრად შიშმა დამზაფრა
და მოეჩვენა
ეკიპაჟის მოზრდილი ჩრდილი
გუნდი იყო შავი შაშვების.

12

მიედინება მდინარე
და შავი შაშვი კი
ლაჟვარდს მიაპობს დაუსრულებლად.

13

მთელი დღე მწუხრი გროვდებოდა,
ცვიოდა თოვლი,
შავი შაშვი
კენწეროზე იჯდა უძრავად.

1 2