ღია ბარათი ვულკანიდან
სადმე ჩვენს ძვლებსაც ამოქექავენ
და არ მოუვათ აზრად არასდროს,
ამ ტრიალ თხემებს მელიებივით
ფეხმარდად როგორ ვსერავდით ხოლმე.
შემოდგომაზე ჩვენი ფილტვებიც
იწოვდნენ ყურძნის მწკლარტე ოხშივარს;
მათ აზრად ალბათ ის თუ მოუვათ,
რომ რაღაც მეტი დარჩა ჩვენ შემდეგ
ამ ქვეყანაზე. დარჩა საგანთა
წესი და რიგი და თან ის გრძნობაც,
რომლითაც მზერას მათვე ვაბჯენდით,
გაზაფხულზე რომ გადაყრუებულ
ძველ კარ-მიდამოს თავზე ღრუბლები
ეშურებიან და ნაავდრალი
ცა ისმენს სასოწარკვეთილ ქვითინს.
ეს ძველი სახლი ჩვენს დროსაც იდგა
და ამ ბაგეებს დაცდენილ სიტყვებს
აყურადებდა. აგერ, ბავშვებიც
წკნელებს სხეპენ და წნავენ გვირგვინებს
და ალბათ აზრზეც კი არ არიან,
ჩვენს წარმოთქმულს რომ იმეორებენ.
ვითომდა ძველი სახლის კედლებში –
მას აქეთ, რაც კი პატრონი მოკვდა,
აღვირახსნილი აჩრდილი დაძრწის.
მწუხარე სახლი ტრიალ ბექობზე
აჩრდილთა მხვეტი მეძველმანეა,
გაჩახჩახებულ მზით მოთხუპნილი.
თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

1 2