ორშაბათ დილის პენტატიქი

 

  1. პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე მჯდარი გარემოვაჭრე

 

(07:55)

 

სულ ასე ზიხარ მომღიმარი, ასე სიცხიანს

პატარა დახლზე ლამაზად და კოხტად გიწყვია

სიგარეტები, ასანთები, სამზესუმზირე

ძველი გაზეთის კონუსები, თუნდაც უმცირეს

  1. უწესრიგობას ვერ ეწყობი. დიდხანს უცქირე

 

ფოთოლს, მორიგი შემოდგომის ერთადერთ მაცნეს,

რომელიც ნიშანს უსიტყვოდ და უთქმელად გაძლევს,

იმისას, მალე რომ იქნება ყინვები, სუსხი

ძვლებში შეატანს, თერმოსიდან თბილ ჩაის ისხამ,

  1. ჩაივით თბილად გეღიმება ასე სიცხიანს.

 

უკვე წლებია მოგისაჯეს, რომ ასე იჯდე,

დასცქერი ჭრელ და შარშან ამ დროს მოქსოვილ წინდებს,

როგორც იხსენებ, უკეთესად ვაჭრობდი მაშინ,

ძლივს აიტანე ერთი პური გუშინწინ სახლში,

  1. არ ყიდულობენ იმ ასანთებს, შენ რომ გიწყვია.

 

თანაც, პატრულის გამოჩენა საშინლად გაფრთხობს,

მერე ბრაზდები, ლუკმაპურს ხომ არავის არ სთხოვ,

მხოლოდ კვადრატულ მეტრ ტროტუარს ითხოვ და ვიღაც

მასაც გამადლის, როცა წავლენ, ისევ იქ ზიხარ,

  1. კეცავ კონუსებს ნერვიულად, სამზესუმზირეს.

 

ხანდახან მოდის შენი ქმარი, მეტწილად – დილით,

შენი აქ ჯდომის რცხვენია და შორიშორ გივლის,

კარგა ხანს დადის და შვილიშვილს გიგზავნის მერე,

შენც გეცოდება და უგზავნი “პირველის” ღერებს…

  1. უწესრიგობას ვერ ეწყობი, თუნდაც უმცირესს.

 

შვილის საფლავზეც ყვითელ ფოთოლს დიდხანს უცქირე.

 

 

*

  1. ავტობუსი №140 – ის მძღოლი. ავტობუსის მარშრუტი: ბარათაშვილის . – პოლიტკოვსკაიას .


(07:20)

 

მხოლოდ “ბორჯომი” ვერ გიშველის არყით ნამთვრალევს.

ბიჭებთნ ქეიფს შუაღამით რომ დაამთავრებ,

ცოტას იძინებ, მერე დგები – ისევ მთვრალი ხარ,

ბარბაცებ, მაგრამ სხვა რა გზა გაქვს, უკან არ იხევ,

  1. და ყრუდ ჩაგესმის, ცოლი ჭკუას როგორ გარიგებს.

 

სადარბაზოდან გამოსულს კი გაფხიზლებს გრილი

ჰაერი. უსმენ, ბავშვივით რომ იზრდება დილის

ხმაური, სავსე მშობლიური ცითა და მიწით.

ზიზღით ეწევი, ფეხს უჩქარებ, და თანაც იცი:

  1. მხოლოდ “ბორჯომი” ვერ გიშველის არყით ნამთვრალევს.

 

მთელი სიამით დაგიდგება სულწინ და თვალწინ

ქაფქაფა ლუდი, და ეს ლუდი თანაბრად აწვიმს

სულს, ქალაქს და მის გარეუბნებს, მაგრამ… და მაგრამ

ეს მხოლოდ ტკბილი მირაჟია, რომელიც გაქრა,

  1. თითქოს ქეიფიც – შუაღამით რომ დაამთავრე.

 

დგახარ ფარეხის შესასვლელთან, მიხვედი ადრე,

ხელს 6 ნომრის ხანში შესულ ახალ მძღოლს ართმევ,

გიყვება: თურმე წინა ღამით გაიცნო სარძლო,

გულს გარეთ უსმენ, თანაც ცდილობ, როგორმე გაძლო,

  1. ცდილობ ვერავინ ვერ მიხვდეს, რომ ისევ მთვრალი ხარ.

 

სიგარეტის ნამწვს დააგდებ და ქუსლს მაგრად აჭერ,

მერე ადიხარ ავტობუსში, უჯდები საჭეს,

ქოქავ, მიდიხარ, თითქოს გბოჭავს ვიღაცა ქამრით.

გაჩერებასთან ჩაგიჯდება პირველი მგზავრი.

  1. ცუდად ხარ, მაგრამ სხვა რა გზა გაქვს – უკან არ იხევ.

 

ისევ ჩაგესმის, ცოლი ჭკუას როგორ გარიგებს.

 

1 2 3