*

 

  1. პოლიტკოვსკაიას . №34-ში მშენებარე კორპუსის მუშა

 

(07:50)

 

ავტობუსიდან ჩამოხვალ და აღმართს აჰყვები,

გზის მარცხნივ დგანან შეღებილი კერძო სახლები,

გზის მარჯვნივ გდია საბაგიროს წყვილი ვაგონი,

უკვე დამჭკნარი ეს ბალახი სოფელს გაგონებს,

  1. შიგ რომ ეფლობა გაცვეთილი, ძმების ნაქონი

 

ფეხსაცმელი. და როცა მიხვალ, უმალვე იგებ,

რომ დღეს ხელფასი არ იქნება, ასცქერი კიბეს,

ვერ გადაწყვიტე, ახვიდე თუ დაბრუნდე უკან

(ფიქრით მიჰყვები შენი სოფლის ნაწვიმარ შუკას,

  1. მერე ოდამდე ბალახმოვლილ აღმართს აჰყვები).

 

მაგრამ იცი, რომ უნდა დარჩე, უფროსი ძმა ხარ

და ისიც იცი: ამაზე მეტ გასაჭირს ნახავ.

მხოლოდ ხანდახან მოგინდება, რომ გყავდეს ცოლი

და შენ გელოდეს ორსული და ლოგინში მწოლი.

  1. გაჰყურებ: დგანან შეღებილი კერძო სახლები.

 

ზელ ცემენტს, ასხამ ვედროებში და ზევით აგაქვს,

მეცხრე სართულის სიმაღლიდან გაჰყურებ ქალაქს.

გასაცივებლად ერთჯერად სუპს მალიმალ ურევ,

რატომღაც ყელში არ გადაგდის ძეხვი და პური,

  1. ჩანს აქედანაც საბაგიროს წყვილი ვაგონი.

 

როგორც ყოველთვის, ხარაჩოდან დახედავ ხეხილს

ვიღაცის ბაღში, ნაბიჯს დგამ და… გიცდება ფეხი,

ებღაუჭები საიდანღაც გამოჩრილ სადენს,

წყდება, ვარდები და ვერ გიჭერს დამცავი ბადე,

  1. და ბოლო ვარდნა მდინარეში ნახტომს გაგონებს…

 

შიგნით აწყვია ფეხსაცმელი, ძმების ნაქონი.

 

*

 

  1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიგერიელი სტუდენტი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მისამართი: პოლიტკოვსკაიას . №61

 

(10:44)

 

მორწყავ მექსიკურ წიწაკას და მოსვამ გვირილის

ჩაის, ეზოდან შემოაღწევს ბავშვის ტირილი,

საათს ახედავ, დღესაც აცდენ პირველ ლექციას,

რადგან ლექტორი გეზიზღება და მის გესლიან

  1. ღიმილზე ისე მძაფრად კრთები, თითქოს გესვრიან

 

ისარს. მიდიხარ ტილოთი და საწმენდი სითხით

თაროებთან, რომ გადაწმინდო გაჯი და ფითხი,

ბეტონის დამრეც იატაკზე დაფენილ ქეჩას

სველ ცოცხს უსვამ და თმის შესაკრავ რეზინას ღეჭავ,

  1. როგორც ოდესღაც, ბავშვობაში. ქრება გვირილის

 

სურნელი. მერე გზააბნეულ კრაზანას დასდევ,

და სანამ წახვალ, ჩამოჯდები და რეკავ დასთან.

ზოგჯერ მხვდები და მესალმები, მომწვანო კაბა

ისე გიხდება, ემსგავსება უცნაურ ზღაპარს

  1. ჩვენი ეზო და ნაძვები და ბავშვის ტირილი.

 

არ გინდა, ფერდობს რომ ახედო, საშინლად გთრგუნავს

ეს სასაფლაო, მაგრამ ლურჯი სანაგვე ურნა

სწორედ ფერდობის ძირში დგას და ყოველდღე გიწევს

მისვლა, გგონია, თითქოს ფეხქვეშ გეცლება მიწა…

  1. სწრაფად მიდიხარ, რომ მიუსწრო შემდეგ ლექციას.

 

ჩაუვლი ბოლო გაჩერებას, მიკრო და დიდი

ავტობუსები მიჯრით დგანან, ერთი კი მიდის.

ქართული იცი საკმარისად და იგებ გზაში,

რომ ჩამოვარდა კორპუსიდან ამ დილით მუშა…

  1. შენ კი ლექტორი გახსენდება და მის გესლიან

 

ღიმილზე ისე კრთები, თითქოს ისარს გესვრიან.

 

*

 

  1. მეეზოვე პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე

 

(07:15)

 

ჯერ მხოლოდ ცოტა სიყვითლეა, ცოტას იმეტებს

ფოთლებს და ცოტა სურვილებს და ცოტა იმედებს

იმეტებს, მაგრამ ემზადები, განა არ იცი

ცოტაც და მოვა, გამოჩნდება, მთელი თავისი

  1. დიდებულებით, ბრწყინვალებით, სევდით, ხალისით.

 

მანამდე, მხოლოდ ალაგ-ალაგ ჩერდები, ერთად

აქუჩებ, თუკი რამეს ნახავ და რამე შეგხვდა,

ასე, ნელნელა მიუყვები ტროტუარს, ღობეს,

ქუჩის ძაღლები მოგყვებიან, რომლებიც გცნობენ.

  1. ჯერ მხოლოდ ცოტა სიყვითლეა, ცოტას იმეტებს.

 

პატარა ხეებს მიადგები, ძლიერად არხევ,

რომ დასაცვენი დასცვივდეთ, და ცელოფნის პარკებს

ბზის გაუსხლავი ბუჩქებიდან აშორებ, ვიღაც

ბუჩქებში წევს და ხვრინავს. შენ კი ფიქრობ, რომ იქაც

  1. (სიზმარში) ცოტა სურვილებს და ცოტა იმედებს

 

იმეტებს, ალბათ. საიდანღაც ჩნდებიან ხანში

შესული კაცი, ახალგაზრდა ქალი და ბავშვი.

სამხედრო ბაზა. ალაყაფი. ყოველთვის გართობს

დროშის ფრიალი, ამჯერადაც ასცქერი ფლაგშტოკს,

  1. თუმცა ნიავი რომ არ იძვრის, განა არ იცი.

 

ბრუნდები, უკან მოიტოვებ ჰამერებს, ჯიპებს,

სადღეღამისო ამ მარკეტებს – სუპერს და ჰიპერს,

დაელოდები, ეს ლოდინი სანამდეც გასტანს,

და აქვე, ქუჩის დასაწყისში რომ ზის, იმ ქალთან

  1. იყიდი “ვინსტონს”… შემოდგომა დგება თავისი

 

დიდებულებით, ბრწყინვალებით, სევდით, ხალისით.

 

2018 . სექტემბერი. პოლიტკოვსკაიას . №44

 

 

1 2 3