***

 

ეს არ ჰგავს ბარგის ჩალაგებას – ეს რაღაც სხვაა.

მენდელეევის ცხრილის მსგავსი.

განცალკევება.

სკოლის ეზოსთან გაყიდულიმწარე კევების

და უქიშმიშო ფუნთუშების ტკბილი გემოთი .

უარი წვრილმან მოგონებებსაც.

ვიშორებ ძუძუსთავებიდან ფერად თმიან და

ლოყა ღაჟღაჟა ჩვენს შვილ-გოგონებს –

დაბადებიდან განწირულებს, დამრგვალებულებს,

რომლებიც ისხდნენ ზარდახშებში,ერთხმად მღეროდენ

და მათი მღერა საზარელი იყო ესოდენ…

უარი საწოლს, შენი ოფლი რომ ვერ გააშრო,

უარი კარებს, თავი რომ არ დაგახრევინა,

უარი ნივთებს.

ეს არ ჰგავს ბარგის ჩალაგებას, ამგვარ ჩემოდანს

ვერ ამოავსებ საცვლებით და ჭრელი წინდებით.

ეს რაღაც სხვაა, წრეში ბურთის თამაშის მსგავსი.

როდესაც ხაზებს წინ ვერ უსწრებ, როცა წინ დგები

ჩამოვარდნილი ფრინველივით მიფრინავს რაღაც

ჩემი ცრემლებით სავსე გულიდან

მიწით დაფლული ლებანივით რომ აღმოცენდა

და მომაწყვიტა სხეულიდან სევდის პლაცენტა.

ეს არის რაღაც , რაღაც ისეთი ცარილი, მენდელეევის ცხრილის მაგვარი

რეაქციებით, ერექციით, ვერ გადმოღვრილი ვნების ალით,

განცალკევებით:

ხარახურებით სავსე პირამდე

მწარე საღეჭი რეზინების სუსტი მარკებით,

ფერად ქაღალდზე დახატული ნაძვისხეებით

და მომღერალი ზარდახშებით, როლებშიც ჩემი გოგო-შვილები

( და არა ჩვენი )

სხედან.

მე კი ვით გმირი ქართლის დედა,

ხელში თასით და ბლაგვი ხანჯლის მინიატურით,

ვასწავლი ლოყა ღაჟღაჟა შვილებს,

რომ კაცებს ერთი სუსტი წერტილი აქვთ ამოსარტყმელად,

რომ ამ კაცებმა სარტყლის შეხსნა იციან მხოლოდ.

პირველი კაცი რომ არ არის ყოველთვის ბოლო.

ეს არის ჩვენი აი ია.

განცალკევება.

უარი წვრილმან მოგონებებს და ჩემს გოგონებს,

ზღაპარივით მოყოლილ ჩვენი სიყვარულის ამბავს

ვუფენ კალათებში,

რომლებსაც ძუძუსთავებზე ვიბამ

და ასე ვუშვებ შენს ქუჩაზე სათამაშოდ ან

ზღაპრის გმირების სანახავად.

და მაინც, მაინც

ეს არ ჰგავს ბარგის ჩალაგებას, არც თამაშს არ ჰგავს…

სანამდე გასწევს ჩემს გოგონებს მოკლე საბელი?

ან ჩემს ძუძუსთავს ბოლოჯერაც თუ მოაგნებენ?

არავინ იცის, მეც არ ვიცი, მეც არავინ ვარ.

ასეთი არის განცალკევება.

 

 

 

1 2 3