***

 

ამ ახალ გზისთვის ახალგაზრდა აღარ ვარ !

დამღალა წყვდიადში რვაფეხა სიტყვების

ცეცებამ !

მეძებე !

ციყვები მპარავენ ქარის ძნებს !

არ ვიძვრი !

გპოულობ და ჩემთან გაძინებ, რომ დახვდე კოშმარებს.

გარეთ კი ნიავი მოშარდავს.

ვარ შიში ! ვარ ცრემლი ! ვარ კუბო!

ვზივარ და ვვარჯიშობ, ჩემ წრიულ იმედებს ვაკუბებ.

თავლები სავსეა უფეხო

ცხენებით .

შენს თვალში ჩავაწყვე თვალები და ცეცხლის ენები მაბრმავებს !

აბრა და გადაბმა. თაგვები დააფრთხეს კატებმა კლანჭით და აბრა და კადაბრით.

კანს ვიცვლი გველივით .

ვერ ივლით, ფეხებო ამ გზაზე ! ლეღვივით

უთესლო ნაყოფი თუ ვარ მე

არ ვითხოვ უკეთესს. სურათებს გავცქერი და მკვდრების ქირქილი

მოძვრება მოხუფულ ქილიდან.

წამწამს ვზელ გაუცრელ ფქვილივით.

უხმო მდუმარება. უხმოვე კივილი. იელვა. იჭექა. იქუხა.

ღრუბელთა ბატკნები ( ვაწვიმე და ტანჯვა დავფიტე )

ვიცი, რომ დავფრინავ.

მიშველე ! მოდიან , მოდიან,

მოდიან მოჩვენებები ! ნუ მაჩვევ ამგვარ კრახს.

ტახები შემუსრეს კაცებმა.

გატეხილ ქოთნიდან შვება თუ ავლოკე… არ მომკლა !

მიშველე ! მოდიან, მოდიან, მოდიან ცხედრები !

ამ გზისთვის წელში ვარ მოხრილი . გახვრეტილ ძვლებიდან ვიფერთხავ

ლურჯ ნემსიყლაპიებს.

მპატიობ? მეც შენი ხილვა ვარ და ახლა გაქრობას ვაპირებ.

ამ გზაზე ვერ ივლით, ფეხებო!

თქვენ მხოლოდ ლურჯ ზეცას ეხებით , რომ ერთხელ გავარდეთ მეხივით,

დამოკლდეთ მაშინვე და მოკვდეთ.

 

 

 

სააღდგომო მოკვდინება

 

დასხედით ჩემს წინ ! დასხედით, ჩემო

მტვრის ბუშტებიდან

გამოძერწილო მყიფე შვილებო!

დასხედით ფეხებმორთხმით, ძვირფასნო…

აქ პასუხს ვეღარ მოგთხოვთ ვერავინ

და ქარი ასგზის ვეღარ დაგშლით, ვეღარ დაგაფრთხობთ,

რადგან მე აქ ვარ !

ორსახოვანი ქალი თქვენი !

ორსახოვანი მშობელი თქვენი !

გარდასულ დღეთა ძუნწი მექისე  –

რადგან სიკვდილსაც მე თუ მოგიქსოვთ,

ჩემი სიკვდილი იქნება ისიც.

ვიღებ უჯრიდან საფოსტო ქაღალდს, წმინდას და არხსნილ სიშლეგის მარხვას

და გაკვრით მასზე წაწერილ სახელს,

რომელსაც ცხვირთან მივუტან სახეს,

როგორც ობობა – ათასგვარ ქსელით,

ზღაპრით, ლეგენდით , რომელსაც ელით,

როგორც ობლობის უცილო მიზეზს,

ვხლართავ და ვყვები, რაც იყო აღარ

ყოფილა ისიც.

დასხედით, ჩემო , ხელისგულგაშლილ მტვერთა შვილებო,

რომელიც ქარმა პირველად წამცხო ,

რომელიც ქარმა ჩემს კაცს წაართვა,

თქვენ კი, სულმშიერ , უფრთო მართვეებს

გიყრით ხელებზე ციცინათელებს,

გიამბობთ ზღაპარს, იყო არა რა.

სანამ გატეხილ წითელ კვერცხივით,

გულს ლოცვებითაც ვეღარ ვამთელებ,

სანამ ჩემს კაცში გველეშაპივით

თვლემს ზიზღი, როგორც ლავა ვულკანის,

გიამბობთ ზღაპარს, ცაზე უწრფელესს.

სახლში, რომელშიც არანაკურთხი ბზების კონა დევს, ვით მიტევების

ერთადერთი და სუსტი ნიშანი,

ხოლო სხვის მკერდზე, წმინდა წიგნივით

საფიცარზე და ჭეშმარიტზედაც,

აწყვია ჩემი კაცის მტევნები,

ჩემი მტვრიანი , მყიფე შვილებიც

მტოვებენ… შორი გზა აქვთ… ვინ იცის,

გზა თუ ურძეო ტუჩებს დაუშრობთ,

თუ დაუსკდებათ ფეხის გულები,

შვილებს, რომლებიც ზმანებებიდან ვერ გადმოვაწყვე ცხადში, რომლებშიც

მტვერია მხოლოდ, მისი ლანჩიდან, მისი ლავიწის წვრილი ბოლოდან

ამოჩრული და გადარჩენილი.

და რადგან ძლიერ მსურდა მყოლოდა,

და რადგან მისი არა მებადა,

ვსდიე მტვერს  ქარში ცბიერი  გულის განსაგმირად და  საამებლადაც.

და ქარს რაც მოაქვს, ქარსვე მიაქვს თან.

ვიკავებ სუნთქვას, რომ მოლივლივე

ჩემი მტვრის პირმშო სადმე დავარდეს

და მორჩეს ჩემი ოცნებებსა თუ ცისფერ სიზმრებში ჩუმი ნავარდი.

მაგრამ ოდესმე , როცა ქუჩაში,

მეტროსადგურში,

ოთახში, ბაღში,

წამოიშლება მტვრის შვილთა მარში

და ქარი ჩემს კაცს, ფეხისწვერებთან

დაუყრის მტვრისფერ , სიზმარა ბავშვებს,

შემეკუმშება გული ნაღველით…

ორსახოვანი ქალი… ათასი

მიტოვების და ცრემლის ნახელავს,

სიტყვების ძალით შეკოწიწებულ

ძლიერებაში დანთქმულ პირმშოებს

ჩავიკრავ მკერდთან, რძის ბოლო წვეთით, გამოვკვებავ რომ მცირე ხანშივე

განვლონ ბავშვობა და სიბერეც კი,

ქარის ჩივილით და სიმღერებით,

გაიარონ და გარდაოცვალონ.

დავიყრი ხელისგულზე გასრესილ და ფერდაკარგულ ციცინათელებს,

შევურევ მტვერში ქარიშხალისას

და თავიდანაც გადავიშორებ.

 

 

 

 

1 2 3