სიზმრები: ზამთრისწინეთი

მერე გამოხვალ შენ შინიდან და ხედავ სიზმრებს
განძარცულ ზაფხულს ველოსიპედს არვინ რომ ნატრობს
და წარმოიდგენ წინ რამდენი წელია ისევ
გაზაფხულამდე და ხვდები რომ დამდგარა სხვა დრო

და რომ ზღვა იხევს და ზამთარი ფრინველად ღარიბ
ქალაქს ეცემა რაც ცოტათი გახდება შენიც
მღერ და გიჟდები ნელა-ნელა რომ არ ხარ მკვდარი
როგორც მღვიმეში ყარაიმი სიცივის მთმენი

რაც უფრო შორს ჭვრეტ სპეტაკ ნათელს მით უფრო აზრი
აქვს ანგელოზთა კვალს სქელ თოვლში დილაზე ნაღდად
რადგან ზაფხულში დაბრუნებას ვერაფრით ვასწრებთ
რადგან ზაფხული ნაპირზე მდგარ ნავივით გახდა

 

 

არაკალენდრით

აი იგი მე, აი იგი! – შენ მოდი ჩემთან,
თოვლო, ბნელიდან მოფრენილო, ვითომდა თვლემ და
ხარ იმ ძაღლივით, წინკარში რომ წვება ზამთარში.
გესმის თუ არა, გიმეორებ: ნუ მირტყამ დეზებს!..
კალენდარული აღარაა ზამთარი ესე –
მხოლოდ ჩემ სულში დამდგარა და –  მგონი გადავრჩი.

ტკივილი შევსვი ისე, როგორც ფიალით ღვინო.
ვიღვიძებ, ოღონდ არა მკითხო, ვინა ხარ, ვინო!
მომინდა თოვლი… და არაყიც მინდა შევსვა და
ვდგავარ შიშველი, თან ამაყი, გაყინულ ქარში.
მე არ მოვკვდები – გეუბნები – ცოცხალი დავრჩი
და ვგრძნობ გაქცევის სიხარულს და ფრთების შესხმასაც.

და თავისუფალ ჩემ ზამთარში მღერიან მგლები.
სახლში შამპანურს სვამენ თოვლქვეშ, თვრებიან, ვთვრები
და ანგელოზი ნაძვის ხიდან ელავს და მეძებს
ჰგავს შავი ჭორი წაშლილს თეთრად და შუქად მაწვიმს…
ჩვენ ამ ცხოვრებას ვეღარაფერს გავუგებთ აწი
და, ამხანაგო მგლებო, შევსვათ: დიდება მხეცებს!

 

1 2 3 4 5