თევზების სიმღერა

იცით?! – სიმღერა თევზებმაც სცადეს

დილით, როდესაც ორპირობს ქარი.

მეთევზის ნავი გადაყრის ბადეს

და შორს რაღაცა ჰანგივით არი.

 

ფსკერიდან ზემოთ სიმღერა სერავს

გზას და იზრდება  სილურჯის ხისებრ…

და ფრენას უკლებს თვით თეთრი წეროც,

თევზთა სიმღერა იზიდავს ისე.

 

თევზები მღერენ ყველაზე შემკრთალს,

რაკი სულ სდუმან, ვერმთქმელნი სიტყვის

და ამოსუნთქვით ავლენენ ერთად

ტკივილ-სიცილს და ყვირიან თითქმის…

 

ჩაებღაუჭე, ძმობილო, მაგ ნავს!

გახსოვდეს ბადე, თევზებით სავსე

გასაღებიც და ბოქლომიც, რადგან

სასუფეველში ხვდებიან ასე.

 

1 2 3 4 5