მეზღვაურები: ცაში
ჩემი ბაჯაღლო მეზღვაურები
ცხოვრობენ გემის ცაში და ღვიძავთ
ბაგირებს ცასთან შეცნაურებით
ჭიმავენ რომ სულ ბრუნავდეს მიწა
უელავთ მწიფე ყურძნის ტუჩები
და გავსებიათ შტორმებით მზერა
და მზეგადაღვრილ ბუკებს უჩვევად
და მოუსვენრად უკრავენ ჯერაც
და ჩრდილოეთის გულლაღი ქარი
მაგათ იალქნებს ბერტყავს და წეწავს
და უმშვიდესი ბავშვები გარეთ
მათი იმედით უცქერენ ზეცას
***
მითხარ ენის ქვეშ რა იყავ თევზო
როდესაც პირი პირობდა ეგზომ
და სიტყვა გვერდით გივლიდა ზუსტად
მახსოვს ის შენი ლაყუჩა შიში
როცა დღის ქალა გეძახდა ღვთის შვილს
და შენ სიზმარში ტიროდი ბუსთან
აგიყვავდება ფარფლები მკერდზე
და გასაფრენად ფრთებს შორს ნუ ეძებ
წივწივად იქეც ციმორის რიდით
და რახან სიტყვა მწარობს და სევდა
ამაყობს გიჯობს იყუჩო სხვებთან
ძნელია იყო მეტყველი ჩიტი