რა სალანძღავი სიტყვა აღარ თქმულა რომანტიკოსებზე.  კლასიკოსები მათ მეტისმეტ თავნებობა-თავმომწონეობას საყვედურობენ. რეალისტები მატყუარებს და მშიშრებს უწოდებენ, სიმხდალის გამო, უსიამოვნო ჭეშმარიტებას თვალს ვერ უსწორებთო. მორალისტები გრძნობების და ემოციების ეგზალტაციის გამო გმობენ. ფილოსოფოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, საღ აზრზს განზრახ არ ცნობენ და ვითომდა მისტიციზმისკენ მიილტვიანო. სოციალისტებმა და ძალაუფლების მოყვარულებმა,ინდივიდუალიზმის გამო აითვალწუნეს. ყველა, მათ მიმართ  მტრულად განწყობილი,   უხეშ შენიშვნას არ იშურებდა. მაგრამ უხეში შენიშვნის უკან დაბრუნებაც ხომ შესაძლებელია. რომანტიკოსებსაც შეუძლიათ კლასიკოსებს შეეპასუხონ, მეტისმეტად მოსაწყენები და რაციონალურად ცივები ხართო; რეალისტებს უთხრან – მხოლოდ ის გადარდებთ, ყიამყრალობით როგორ იხეიროთო; მორალისტების გრძნობის დამალვის წარუმატებელ მცდელობას სულელური უწოდონ; ფილოსოფოსების საღი აზრი შეიძლება ძროხის წმინდა ინსტინქტს შეადარონ, რადგან მათზე უკეთ ვერ ახერხებენ ჩასწვდნენ კოსმოსის საიდუმლოს; ძალაუფლების მოყვარულებს და სოციალისტებს ეტყოდნენ, თქვენი სახელმწიფო ტირანია და კოლექტივიზმი, ინდივიდუალიზმივით არაბუნებრივი და ზღვარგადასულიაო. ხომ ამბობენ – გაღმით შეედავე, გამოღმით შეგრჩებაო, რომანტიკოსების მტრები უმეტესად ისეთივე ახირებულები და მიკეძოებულები (ანუ რომენტიკოსები) არიან, როგორც თავად რომანტიკოსები.

ჩვენ საუკუნეში მოღვაწეობა გაურკვეველ და მრავალფეროვან გარემოში გვიწევს. არც ერთი  ლიტერატურული, მხატვრული თუ ფილოსოფიური ტენდენცია არ დომინირებს. მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებული თეორიების და წარმოდგენების ქაოსია გამეფებული. მაგრამ ამ საყოველთაო ყაყანში მაინც შეძლებთ, გამოარჩიოთ ერთი უჩვეულო და მნიშვნელოვანი მოტივი, სხვადასხვა გასაღებში და სხვადასხვა ინსტრუმენტებით შესრულებული, გამუდმებით რომ მეორდება და ეს თანამედროვე რომანტიზმის მელოდიაა.

უმალ შემეწინააღმდეგებით, ჩვენი საუკუნე ჭეშმარიტ რომანტიზმს ყველზე მეტად დაშორდაო და მეც დასტურს არ დავაყოვნებ. თანამედროვე რომანტიზმი ახლოსაც ვერ მივა მურის, დე მიუსეს და შოპენის რომანტიზმთან, რომ აღარაფერი ვთქვათ შელის, ვიქტორ ჰიუგოს და ბეთჰოვენის რომანტიზმზე. ის კი არა, სრულიად საპირისპიროა. თანამედროვე რომანტიზმი გადმობრუნებული ძველი რომანტიზმია, ოღონდ ყველა ღირსება შენარჩუნებული აქვს. ძველის  პლიუსი თანამედროვესათვის მინუსია; თანამედროვე კარგია, ძველი ცუდია. რაც მაშინ შავი იყო, ახლა თეთრია, რაც თეთრი იყო, ახლა შავია. ჩვენი რომანტიზმი ფოტოგრაფიული ნეგატივი გამოდგა იმისა, რაც გასული საუკუნის გარკვეულ წლებში ყვაოდა.

განსხვავება ორ რომანტიზმს შორის ყველაზე თვალნათლივ პოლიტიკის სფეროში ჩანს. ასი წლის წინ რევოლუციონერები დემოკრატები და ინდივიდუალისტები იყვნენ. უმაღლეს პოლიტიკურ ღირებულებად პიროვნების თავისუფლებას მიიჩნევდნენ, რასაც მუსოლინიმ გახრწნილი გვამი უწოდა, ბოლშევიკებმა კი მასხრად აიგდეს, როგორც მოცლილი ბურჟუების გამოგონილი იდეალი. ისინი, ვინც 1832 წლის ინგლისის საპარლამენტო რეფორმას უწევდნენ აგიტაციას და ვინც 1830 წლის პარიზის რევოლუციას სულს უდგამდნენ, ლიბერალები იყვნენ, ინდვიდუალიზმი და თავისუფლება უკიდურეს კეთილდღეობად მიაჩნდათ. რუსეთის კომუნისტური რევოლუციის მიზანი კი ინდივიდისთვის ყველა უფლების წართმევა იყო, პირადი თავისუფლების ყველა ნიშანწყლის (როგორც ფიქრის თავისუფლებისა, ისე სულის ქონის უფლებისაც), და მისი დიადი „კოლექტიური კაცის“ შემადგენელ უჯრედად გარდაქმნა – იმ განუმეორებელი მექანიკური მონსტრისა, რომელიც ბოლშევიკების ათასწლეულში ჩაანაცვლებდა დედამიწის ამჟამინდელ მაცხოვრებლებს, „სულით დამძიმებული“ ინდივიდუალების აურაცხელ ბრბოს. ბოლშევიკისთვის ამაზრზენი და უკადრისია ისეთი „ქაოტურად ცოცხალი“ და „მისტიურად ორგანული“ სანახაობის ცქერა, როგორიცაა პიროვნება, რომელსაც გააჩნია სული, გემოვნება და განსაკუთრებული ნიჭი. ინდივიდუალები უნდა აღმოვფხვრათ; კომუნისტურ სახელმწიფოს ადამიანები კი არა, უზარმაზარი „კოლექტიური მექანიზმის“ კბილანები და ხრუტუნები სჭირდებაო. ბოლშევიკი იდეალისტისთვის უტოპია არაფრით გასხვავდება მისტერ ჰენრი ფორდის ქარხნებისგან. მათ თვალში არ არის საკმარისი, კაცმა დღეში მხოლოდ რვა საათი გაატაროს საამქროში. ცხოვრება ქარხნის შიგნით და ქარხნის გარეთ ზუსტად ერთნაირი უნდა იყოს. მოცლილობა და შრომა ორივე სათანადოდ უნდა იყოს ორგანიზებული. ქრიატიანულ სასუფეველში მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ბავშვებს ემსგავსებიან. ბოლშევიკების მიწიერ სამოთხეში კი მხოლოდ ისინი, ვინც მანქანებად გარდაიქმნებიან.

რომ არ იფიქროთ, თითქოს კომუნისტურ დოქტრინას ვაქილიკებდე, მკითხველს მინდა მივუთითო, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი, საიდანაც რენე ფიულოპ-მილერს ციტატები მოჰყავდა საბჭოთა რუსეთის კულტურულ ცხოვრებაზე დაწერილ ძალიან საინტერესო წიგნში – „ბოლშევიზმის სახე და აზროვნება“ და სადაც საკმარისად ნათლად ჩანს, რომ ლენინის და მისი მიმდევრების პოლიტიკური დოქტრინა ზუსტი ანტითეზისია ასი წლის წინ უილიამ გოდვინის ნაქადაგები რევოლუციური ლიბერალიზმისა და იმისა, რასაც შელი დითირამბებს უმღეროდა. გოდვინს და შელის წმინდა ინდივიდუალიზმის სჯეროდათ. ბოლშევიკებს წმინდა კოლექტივიზმის სჯერათ. ერთის რწმენა ისევე ექსტრავაგანტულად რომანტიკულია, როგორც მეორისა. ადამიანებს არ შეუძლიათ საზოგადოებისგან მოწყვეტილად ცხოვრება და ორგანიზაციის გარეშე არსებობა. მაგრამ, ასევე არ შეუძლიათ არსებობა ხანმოკლე განმარტოების და პირადი თავისუფლების გარეშე.  შელის მიუდგომელი იდეალიზმი გამორიცხავს ადამიანის ბიოლოგიის და ეკონომიკის ცხად ფაქტებს. ლენინის მიუდგომელი მატერიალიზმი გამორიცხავს ადამიანის სულიერი გამოცდილების არანაკლებ ცხად და მნიშვნელოვან ფაქტებს. რევოლუციონერი ლიბერალები რომანტიკოსები იყვნენ, უარს ამბობდნენ დაეშვათ, რომ ადამიანი სოციალური ცხოველიცაა და ინდივიდუალური სულიერიც. ბოლშევიკებიც რომანტიკოსები არიან, რადგან ადამიანი მხოლოდ სოციალური ცხოველი ჰგონიათ, რიგიანი წვრთნის წყალობით მშვენიერ მანქანად გარდაქმნისკენ მიდრეკილი. ორივე რომანტიზმი ექტრავაგანტული და მიკერძოებულია.

თანამედროვე რომანტიზმი არავითარ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთით და პოლიტიკით არ შემოიფარგლება. თანამედროვე რომანტიზმმა თითოეული ქვეყნის აზროვნებაში და ხელოვნებაში შეაღწია. კომუნიზმს რუსეთის საზღვრებს გარეთ ჯერ არავის გული არ მოუნადირებია; მაგრამ სულიერი და ინდივიდუალური ღირებულებების ბოლშევიკებისეულმა რომანტიკულმა ქილიკმა დასავლეთის ლიტერატურაზე და „ახალგაზრდა“ ხელოვნებაზე, ასე თუ ისე, გავლენა იქონია. ამიტომ არის, რომ თანამედროვე ხელოვნების „კუბისტური“ ტენდენციისთვის ნიშანდობლივია სულის და ინდვიდუალის წინააღმდეგ ამბოხი, რასაც ბოლშევიკებმა პრაქტიკული, პოლიტიკური და მხატვრული გამოხატულება მოუძებნეს. კუბისტებმა განზრახ ამოაგდეს თავიანთი ხელოვნებიდან ყველაფერი, რაც „მისტიურად ორგანულია“ და ის შიშველი გეომეტრიით ჩაანცვლეს. ემტერებოდნენ ყველანაირი „სენტიმენტალურობის“ (ბოლშევიკების საყვარელი სალანძღავი სიტყვაა) გამოვლენას ჭეშმარიტ  ლიტერატურაში – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი და ინდივიდუალური ღირებულებების გამოვლენას, რაც ინდივიდის ცხოვრებას მნიშვნელობას ანიჭებს. ხელოვნება წმინდა ფორმების საკითხიაო, ასე აცხადებდნენ საჯაროდ.  კუბისტურ ნახატს აკლია ის, რაც შეიძლება მიმზიდველი იყოს ინდივიდუალური სულისთვის, როგორც სულისთვის. მიკერძოებულად ეძღვნება (მოდით ვაღიაროთ, რომ მიძღვნა ძალიან ხშირად ბრწყინვალედაა შესრულებული) აბსტრაქტულ ესთეტს, რომელიც ისევე ახლოსაა რეალურ რთულ ადამიანთან, როგორც სოციალისტების ეკონომიკურ კაცთან, ან ბოლშევიკების კოლექტიური ადამიანის მექანიზირებულ ნაწილაკთან.

ხელოვნების კუბისტურ დეჰუმანიზაციას ხშირად თან სდევს მანქანების მიმართ რომანტიკული და სენტიმენტალური აღტაცება. თანამედროვე მხატვრობაში ხომ სულ მიმობნეულია მანქანების დეტალები. არიან მოქანდაკეები, მთელი მონდომებით რომ ქმნიან ინჟინრების გამოგონილ ფორმებს. წარმატებული არქიტექტორები მიისწრაფვიან, როგორმე საცხოვრებელი სახლი ფაბრიკას დაამსგავსონ; ლე კორბიუზიეს სიტყვები რომ მოვიშველიო, შექმნან „საცხოვრებელი მანქანა.“

„ახალგაზრდა“ მწერლები ისევე არიან გატაცებული მანქანებით, როგორც „ახალგაზრდა“ მხატვრები. რა, თავისუფალ ლექსებად თქმულ დითირამბებს არ მოისმენთ მანქანებზე ამერიკის შუა დასავლეთიდან! ევროპის კონტინენტის წარმატებულმა მწერლებმა საკუთარი სიამოვნებისთვის სრულიად დაუჯერებელი ჩიკაგოები და ნიუ-იორკები გამოიგონეს, სადაც ყველა სახლი ცათამბჯენია და ყველა ცათამბჯენი ქარხანაა შეუსვენებლად მბრუნავი ბორბლებით; სადაც ყველა ქუჩაზე ლიანდაგი აგია, ბუხრის მილების გარშემო თვითმფრინავები წრეებს უვლიან, ყრუ კედელებზე რეკლამები ციმციმებს, ავტომობილები საოცარი სისწრაფით დაქრიან, ისეთი ხმაურია, როგორც სატანის პანდემონიუმში. გთავაზობთ, მაიაკოვსკის სტრიქონებს ჩიკაგოზე:

 

ერთადერთ ხრახნზე სუფევს ქალაქი,

ანუ დინამო-ელექტრონულ-მექანიკური.

 ჩიკაგოს ცაში

                          ცირკის ფოლადის

                                                კომიკოსები დაჯირითობენ.

მეტროს გვირაბში

                მიწის ვერსებს მოვაშანდაკებთ

და მოედანზე გამოვაღწევთ.

სავსეა ხალხით.

ვერსთა სიგანე მეტია სამზე.

 

(ნაწყვეტი მაიაკოვსკის პოემიდან. თარგმნა ვახტანგ ჯავახაძემ)

 

 

 

 

1 2