თომას მურის აღწერილი აღმოსავლეთი „ლალა რუკში“ ნაკლებად რომანტიკული მოგეჩვენებათ  მასთან შედარებით.

თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი მანქანებისკენ ლტოლვა პირვანდელ მდგომარეობამდე დაბრუნებას გავს, მე რასაც მეორე ბავშვობას ვუწოდებდი. თორმეტი წლის ასაკში ყველა ვგიჟდებოდით ლოკომოტივებზე, გემების ძრავებზე, ჩარხებზე. ყველას გვქონია ამბიცია ცეცხლფარეში ან მემანქანე გამოვსულიყავით, ოღონდაც სათაყვანებელ მანქანასთან საათობით გვემუშავა. მაგრამ, როცა წამოვიზარდეთ, უმეტესობა მივხვდით, რომ ადამიანის სული ბევრად უფრო უჩვეულო და საინტერესოა, ვიდრე ყველაზე დახვეწილი მექანიზმი. თანამედროვე ხელოვნება კი თითქოს არ გაიზარდა; ბავშვობის გატაცებებში ჩარჩა. უნდა, რომ პრიმიტიული იყოს. მოგაგონებთ, რომ რომანტიულ რუსოსაც ასე დაემართა. მაგრამ თუ რუსოს ველური კეთილშობილი, დახვეწილი და გონიერია, თანამედროვე ხელოვანებს სურთ დაემსგავსონ ჯურღმულის აპაჩის, აფრიკელი შავკანიანის და თხუთმეტი წლის სკოლის მოსწავლის ნაჯვარს. ჩვენი თანამედროვე რუსოები აბუჩად იგდებენ ფსიქოლოგიას (როგორი გააფთრებულები ეცნენ  პრუსტს პარიზში ეს ჭეშმარიტად მოწინავე ახალგაზრდები!); ისინი ნებისმიერი ფორმის მეტაფიზიკას აქილიკებენ; წესრიგს და გონიერებას ზიზღით უყურებენ და ვინაიდან წერას და ხატვას მაინც აგრძელებენ, სრულიად გაუგებარია, ხელოვნებას მაინც დროის ფუჭად კარგვად რომ მიიჩნევენ. მათი აზრით იდეალური ცხოვრება სავსე უნდა იყოს ხმაურით, სპორტით, ტექნიკით და თანაზიარი მღელვარებით.

მე პირადად დიდად არც ერთი რომანტიზმი არ მიყვარს. თუ ვალდებული ვარ, ერთ-ერთი ავირჩიო, ვფიქრობ, ძველს ვამჯობინებდი. სულისა და პიროვნების მნიშვნელობის განდიდება მატერიალურის, საზოგადოებრივი ინსტიტუტების, ტექნიკის და ორგანიზაციების დაკნინების ხარჯზე, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებაა. ახალი რომანტიზმი, რამდენადაც მე მესმის, სიკვდილისკენ მიემართება. (მაგრამ, შეიძლება, რასაც მე სიკვდილს ვუწოდებ, ახალი რომანტიკოსებისთვის სიცოცხლეს ნიშნავდეს და პირიქით). არა, ჩემი ნება რომ იყოს, არცერთ რომანტიზმს არ ავირჩევდი და ყველას მოვუწოდებდი, რაღაც შუალედური მიეღოთ. ერთადერთი ცხოვრების ფილოსოფია, რომელსაც პერსპექტივა გააჩნია და მარად ღირებულია, არის ყველა ფაქტის მომცველი ფილოსოფია – ცნობიერების და მატერიის, ინსტინქტისა და ინტელექტის, ინდივიდუალიზმის და კოლექტივიზმის. ბრძენები ერიდებიან ორივე რომანტიზმის უკიდურესობებს და რეალურს, ოქროს შუალედს ირჩევენ.

 

 

    თარგმნა  თაკო ჭილაძემ

 

 

 

 

 

1 2