ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (1894-1963) – მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, პაციფისტი და ჰუმანისტი, მე-20 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული.დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში, სწავლობდა იტონისა და ბელიოლის კოლეჯებში, 1921 წელს დაამთაავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. 1937 წლიდან დასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში. სახელი გაუთქვა 20-30-იან წლებში შექმნილმა რომანებმა „ყვითელი ქრომი“ (1921), „მასხრული ფერხული“ (1923), „ის უნაყოფო ფოთლები“ (1925), „კონტრაპუნქტი“ , „ბრმა გაზაში“ (1936) და სხვ. ეს რომანები მიჩნეულია ე. წ. ინტელექტუალურ რომანებად. საერთოდ, ჰაქსლის შემოქმედება, ტრადიციული ჟანრული ფორმის მიუხედავად, ყოველთვის ნოვატორულად აღიქმებოდა და დიდ დავასაც იწვევდა. წლების განმავლობაში მხატვრული აზროვნების, მსოფლმხედველობის, ესთეტიკის მრწამსის თვალსაზრისით ჰაქსლს თითქოს ღრმა ევოლუცია არ განუცდია, მაგრამ მომდევრო პერიოდში ცხოვრების აზრისა და პოზიტიური ფასეულობის ძიების გზაზე შესუსტდა სატირული ელემენტი, მომძლავრდა მისტიციზმი, ნატურალიზმის ელემენტები, ფილოსოფიური დეკლარაცია. ამ ეტაპზე ჰაქსლიმ შექმნა რომანები – „დრო უნდა გაჩერდეს“ (1945), „გენიოსი და ქალღმერთი“ (1955), „კუნძული“ (1962), აგრეთვე მრავალი ესე, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა.
მეტი მაჩვენე ნაკლები