სვლა

 

მოდი, მომიახლოვდი გაფატრულო.

შენი გმინვა მიანდე ნიავს,

იქნებ მიაღწიოს ბოსლამდე,

სადაც ცალ ყურში სმენადაგუბებულ დამჯდრა ბებოს

ძროხის წველისას რძის შხაპუნში შიში გამოცრის.

მოდი, მომიახლოვდი გაფატრულო,

შენი გმინვა მომასმენინე.

მე გადავცემ მოუსვენრობას

ღია მუცლის განგაშიდან ამორწყეულ ოხშივარს,

თბილი სისხლის უგზო-უკვლო გადმოღვრას

შედედების პირობას მივცემ

და მაისურის ნაჭრით

დაბნეულად დაგიხშობ ორმოს.

მოდი მომიახლოვდი გაფატრულო.

ჩემი თვალების შემზარავი მიამიტობა

ისე დაიტევს ორგანოების სინქრონულ ფეთქვას,

როგორც სინჯარა მობუყბუყე შენაერთს ცეცხლზე.

მომიახლოვდი გაფატრულო…

ჩვენ მოლოდინი არ გვქონია ერმანეთის.

სხვა მხრიდან ჩამოვუხვიე და გზის გადმოკვეთა დაგასწარი.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6