შეძლების

 

იმ ფეხის ჩადგმას უნდა ბედავდე

წყალში, რომლითაც ტანი წაგექცა,

წყალს კი ყინულად უნდა აქცევდეს

ყველა მხსნელი და ყველა არავინ,

ვისი მცდელობის მოლოდინითაც

სიფრთხილემ თვალი ამოგიბრუნა,

ვისი შელოცვის მონდომებითაც

კარის ჩარჩოზე ნალი დაკიდე

იმ ცხენის – მგელმა რომ დაუფლითა

მაღალ მთამისჯილ პაპის მეზობელს

ლოგინის ნაცვლად ხმელი ბალახის

ქვეშაგებისგან ძილის სიმცირე

იხტიბარივით რომ არ დაემსხვრა;

– და მდევარივით შეძლო ქოშინი.

იმ ცრემლის ყლაპვას უნდა ბედავდე

სხვას რომ ჩამოწყდა პეშვის ფსკერიდან,

ტერფების ნახვას უნდა ბედავდე

ნახეთქი კანის სიღრმის ცდუნებით

რომ ჩაიგლისო ყველა სიზმარი

საამებლად და სანთელმალამოდ,

კედლის ახალი ბზარების სინჯი

ფრჩხილის ფესვებით გადააწითლო

და ხინჯად დაგრჩეს მათი დანგრევა,

რომელსაც ისე ჩიჩქნიდი როგორც

თევზაობის წინ მატლისთვის მიწას.

იმ ხიდზე გავლაც უნდა შეგეძლოს,

რომლის ჩატეხვით სხვა გზას გაიგნებ,

იმ გზაზე ძაფის შებმაც შეგეძლოს

კვალის არევის შიშის თანახმად,

იმ შიშზე მეხის დაცემას ჰქონდეს

ხმა ნაცნობი და დაუფარავი,

უნდა შეგეძლოს – შემოცოცებულ

ბილიკებს გეზი დააცდენინო,

განასკვულ ენას კვანძების მიღმა

გადაურჩინო ხმაგასაყარი.

 

 

1 2 3 4 5 6