* * * 

ლოგიკურია, მეგობარო, ლოგიკურია,
ადვილად, როგორც წინ მიიწევ, ისე უკანვე
შეძლებ დაბრუნდე. დაკარგული სისხლი მწყურია
და ვისაც გული თანაგანცდით ვერ მოვუქავე,
ჩემი მსხვერპლია. ჩემს ხელებში მოუწევს ახლა
სიკვდილი, რადგან სიცოცხლისთვის ვერ გამოვდექი.
და შენ გპირდები, მეგობარო, ბოლოჯერ მნახავ
ფრთაგაშლილს მერე კი
ფრთამოტეხილს.

 

 

მამა

საქანელებად ან ჰამაკებად
წარმომიდგები ხოლმე ხანდახან
ეს იყო განა გათამამება
რაც ისახსოვრა სუყველა ძვალმა
რამაც სახლივით გამაპარტახა
ჩვენი სახლივით დამშალა მამა

ახლა ჯიბეში თითით ვთვლი აბებს
მზარავს სარკეში მზერის სიფითრე
სიბნელის ქვეშ ვარ და სულში ძაბრით
ჩამდის და ლამის ამომიფრინდეს

გული რომელიც ნათელი დარჩა
(იქნებ სხვას ზიზღიც მოგვაროს ამან)
ეს სიცოცხლეა და ის კი არ ჩანს
თვალსაწიერზეც კი არ ჩანს მამა

 

1 2 3 4 5